„ვფიქრობ, მზად ვართ, რომ გავაუქმოთ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი“

„ვფიქრობ, მზად ვართ, რომ გავაუქმოთ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი“

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, გაჩნდა ისეთი სიგნალები, რაც ხელს შეუწყობს ქართულ-რუსული ურთიერთობების, თანამშრომლობის ახალ ფაზაში გადასვლას.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას ელოდება მოსკოვი თბილისისგან და რას უნდა ელოდოს საქართველო, რომ ურთიერთობა ახალ ფაზაში გადავიდეს, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის სიტუაციის გამწვავება საქართველოს ყოფილი ხელისუფლების და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკის ბრალია.

„2008 წლის მოვლენების შემდეგ, ამაზე ბევრჯერ ვისაუბრეთ. ჩვენ არ ვართ დაძაბულობის მიზეზი. წინა ხელისუფლებას და სააკაშვილს ასეთი ავანტურისტული ნაბიჯი არ უნდა გადაედგათ. ეს არის მათი ისტორიული დანაშაული და მათზეა სრული პასუხისმგებლობა. ახლა ეს ხელისუფლება უკრაინაში აგრძელებს მოღვაწეობას. ჩემი აზრით, ეს არის უკრაინელი ხალხისთვის სახეში შეფურთხება. ასეთი პოლიტიკოსების დელეგირება რომ მოხდა. ამერიკამ სამუშაო ვიზა არ მისცა სააკაშვილს, მაგრამ ის უკრაინაში გააგზავნეს და ახლა იქ აქტიურად ფუნქციონირებს. სამარცხვინოა, რომ უკრაინაში 45 მილიონი ადამიანიდან ვერ მოიძებნა ეფექტური მმართველი. ეს არის ჩაფურთხება უკრაინელებისთვის“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმება, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის მეზობელ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლა აღადგინოს.

„რაც შეეხება სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ურთიერთობის ნორმალიზებას, საჭიროა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობა. მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ვხედავთ სიგნალებს ხელისუფლებისგან და ეს სიგნალები მიღებულია. ვთანამშრომლობთ ეკონომიკურ, ვაჭრობის სფეროში. რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, ვფიქრობ და მზად ვართ, რომ გავაუქმოთ სავიზო რეჟიმი“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.