"საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტით, თბილისში 22 მაჟორიტარული ოლქი იქნება, რამდენიმე რაიონს კი ერთი მაჟორიტარი ეყოლება

პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ, რომელშიც საარჩევნო ოლქების გადანაწილება თავიდან მოხდა.

ცვლილებების მიხედვით, თბილისისა და გარდაბანი-მარტყოფის მაჟორიტარული ოლქები ერთიანდება და დედაქალაქს 18 მაჟორიტარული ოლქის ნაცვლად, 22 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი ექნება. ასევე 2 საარჩევნო ოლქით იქნება წარმოდგენილი რუსთავის მუნიციპალიტეტი, ხოლო ქუთაისისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში გაერთიანებული რამდენიმე სოფელი 3 მაჟორიტარული ოლქით იქნება წარდგენილი.

წინა ვერსიისგან განსხვავებით, ვანსა და ხონს ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლებათ, ხოლო სამტრედიასა და წყალტუბოს ცალ-ცალკე თითო-თითო მაჟორიტარი დეპუტატი.

ცვლილებით მესტიას ცალკე მაჟორიტარი დეპუტატი არ ეყოლება და გაერთიანებულ ფორმატში - ამბროლაურს, ონს, ლენტეხს, მესტიასა და ცაგერს ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება.

პროექტის მიხედვით, დუშეთის-თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების გაერთიანება მოხდება და ეს საარჩევნო ოლქები ერთი მაჟორიტარი დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში შემავალ სოფლებს - ხალა, ჩაისუბანი, საჩივნო, ჩაქვი და ციხისძირს 3 საარჩევნო ოლქი ექნება, ხოლო აღნიშნული სოფლების გარდა, ქობულეთის მუნიციპალიტეტს კიდევ 1 მაჟორიტარული ოლქი ექნება.