აშშ თურქეთს ერაყიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს

აშშ თურქეთს ერაყიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს

აშშ მოუწოდებს თურქეთს, ერაყიდან ჯარები გაიყვანოს. თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შესაბამისი განცხადება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ერაყის პრემიერ-მინისტრ ჰეიდარ ალ-აბადისთან სატელეფონო საუბარში გააკეთა.

მანამდე ბაიდენი თურქეთის პრემიერ-მინისტრ აჰმეთ დავუთოღლუს ესაუბრა და აღნიშნა, რომ ერაყის ჩრდილოეთში თურქული სამხედრო ძალების განლაგება ერაყის მთავრობასთან შეუთანხმებლად მოხდა.

სატელეფონო საუბარში ჯო ბაიდენმა და ალ-აბადიმ აღნიშნეს, რომ ერაყის ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ძალები მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვით უნდა იმყოფებოდნენ. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ ერაყის სუვერენიტეტს მხარს უჭერს.

თურქეთმა რამდენიმე ასეული სამხედრო და ტანკები ერაყის ქალაქ მოსულის სიახლოვეს მდებარე ქალაქ ბაშიკში განალაგა. ანკარაში აცხადებენ, რომ ჯარისკაცები "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში ჩართულ ქურთ მებრძოლებს გაწვრთნიან.

ოფიციალური ბაღდადის პროტესტის შემდეგ თურქეთმა ერაყიდან სამხედრო ძალების ნაწილი გაიყვანა.