საქართველოს საელჩო ქართველი გემის კაპიტნის დაკავებასთან დაკავშირებით ფრანგ სამართალდამცავებთან მუდმივ კონტაქტზეა

საქართველოს საელჩო ქართველი გემის კაპიტნის დაკავებასთან დაკავშირებით ფრანგ სამართალდამცავებთან მუდმივ კონტაქტზეა

საფრანგეთში საქართველოს საელჩო მოლდოვას დროშის ქვეშ მცურავი გემის ქართველი კაპიტნის, ბადრი ბერიძის დაკავებასთან დაკავშირებით ადგილობრივ სამართალდამცავებთან მუდმივ კონტაქტზეა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, თავის მხრივ, სამართალდამცავები დაკავებულ ბადრი ბერიძესთან არიან კომუნიკაციაში.

საფრანგეთის საზღვარზე მოლდოვას დროშის ქვეშ მცურავი გემის ქართველი კაპიტანი ბადრი ბერიძე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებისას გემზე 2,4 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს პირველმა მოადგილე ზაზა მახარაძემ განუცხადა, დაკავების მიზეზებთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

რაც შეეხება გემზე ნარკოტიკული ნივთიერების აღმოჩენას, მისი განმარტებით, ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტში, იმ ვებ-გვერდზე გაეცნო, სადაც საზღვაო საკითხების შესახებ წერენ.

ზაზა მახარაძის თქმით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დახმარების თხოვნით დაკავებული კაპიტნის ოჯახმა უკვე მიმართა.

"14 დეკემბერს, კაპიტნის შვილმა, გიორგი ბერიძემ წერილობით გვაცნობა, რომ მოლდოვას დროშის ქვეშ მცურავ გემ "კარიბ პალმზე" დასაქმებულ ბადრი ბერიძეს შეექმნა პრობლემა და გვთხოვა დახმარება. როგორც კი ოჯახის წევრმა მოგვმართა, დავუკავშირდით საგარეო საქმეთა სამინისტროს და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს, ვაცნობეთ მეზღვაურის პრობლემის შესახებ და ვთხოვეთ, მოეპოვებინათ ოფიციალური ინფორმაცია და ეცნობებინათ ჩვენთვის და ოჯახის წევრისთვის. ჩვენი მიმართვის საფუძველზე საფრანგეთში ჩვენმა საელჩომ მიმართა ადგილობრივ სამართალდამცავ უწყებებს. ამ მომენტისთვის ინციდენტის ოფიციალური დეტალები ჩვენთვის უცნობია", - აღნიშნა ზაზა მახარაძემ.