ევროკომისია საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე მოხსენებას სავარაუდოდ, პარასკევს გამოაქვეყნებს. როგორც გავლენიანი ამერიკელი გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს, ბრიუსელისგან ამ კუთხით დიდი მხარდაჭერაა მოსალოდნელი.
ევროკომისიას 15 დეკემბერს უნდა შეეფასებინა, თუ რა პროგრესს მიაღწია საქართველომ ვიზალიბერალიზაციისთვის აუცილებელი რეფორმების გატარების გზაზე. თუმცა, 15 დეკემბერს ევროკომისარმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ მოხსენება დეკემბრის ბოლომდე გამოქვეყნდება.
მაშინ მსოფლიო მედია წერდა, რომ ევროკომისიის შეფასებები თუ რამდენად წარმატებულად შეასრულეს საქართველომ და უკრაინამ სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის აუცილებელი პირობები, სავარაუდოდ ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამოქვეყნდება.
ევროკავშირის 2015 წლის ბოლო, შემაჯამებელი სამიტი ბრიუსელში დღეს დაიწყება და ორ დღეს გასტანს.