"სანაკოევის განცხადება პროვოკაციულია"

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველოში დღეს არ არის ის ხელისუფლება, რომელიც სახელმწიფო ტერორიზმითაა დაკავებული.

სესიაშვილი ოსურის მხარის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას პროვოკაციულ ნაბიჯად აფასებს, რომელიც მისი თქმით, მიზანიმართულია იქითკენ, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალოს.

"ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის დე ფაქტო ხელისუფლებებმა, რომ დღეს არ არის ის ხელისუფლება, რომელიც სახელმწიფო ტერორიზმით არ არის დაკავებული. ამიტომ, მათი ეს განცხადება შესაძლოა მივიჩნიოთ მხოლოდ, როგორც პროვოკაციული და მიზანმიმართული იმისკენ, რომ მოლაპარაკებები ან ჩაიშალოს ან არ დადგეს ის ძირითადი საკითხები, რაც აწუხებს მოსახლეობას", - განაცხადა სესიაშვილმა.

ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო შეხვედრაზე, ოსური მხარის წარმომადგენლის განცხადებით, „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები პანკისში წვრთნებს გადიან.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლის დავით სანაკოევის თქმით, ტერორისტები პროვოკაციებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ამზადებან.

„ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პანკისის ხეობაში ხდება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების კონცენტრაცია, რომლებიც სირიიდან ჩამოვიდნენ და ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან. ისინი ამზადებენ პროვოკაციებს სამხრეთ ოსეთის მიმართულებით. მათი სამიზნეები კი შესაძლებელია რუსი და ოსი მესაზღვრეები გახდნენ. მათ სურთ რუსულ-ქართული ურთიერთობების დაძაბვა, რუსეთის მიერ სირიაში წარმოებული ოპერაციის ფონზე. ჩვენი ინფორმაციით, ეს ყველაფერი წინასაახალწლო პერიოდში იგეგმება“, - აღნიშნა ოსური მხარის წარმომადგენელმა.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 16 დეკემბერს გაიმართა.