პანკისის ხეობაში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების მობილიზაცია ხდება, რაც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზას, იქ მყოფ მესაზღვრეებს საფრთხეს უქმნის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის წლის ბოლო შეხვედრის დასრულების შემდეგ ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სანაკოევმა განუცხადა.
მისივე მტკიცებით, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები გააქტიურებას და თავდასხმებს ახალი წლის დღეებში გეგმავენ, მათი სამიზნე კი რუსეთის მესაზღვრეები, საქართველოს სამართალდამცავები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები არიან.
"პანკისის ხეობაში ხდება მეომრების კონცენტრაცია, რომლებიც სირიაში, აკრძალული ტერორისტული ორგანიზაცია " ისლამური სახელმწიფოს" რიგებში აქტიურად იბრძოდნენ. ახლა ისინი საქართველოში იკრიბებიან და პროვოკაციებს ამზადებენ სამხრეთ ოსეთის მიმართულებით საზღვრის მონაკვეთზე. მათი თავდასხმის ობიექტები შეიძლება გახდნენ რუსეთის და სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ან, სულაც, საქართველოს პატრულის წარმომადგენლები. მათ ასევე შესაძლოა გაიტაცონ მშვიდობიანი მოქალაქეები ან ცეცხლი გაუხსნან მათ. ისინი, ჩვენ, როგორც გვესმის, მიზნად ისახავენ ვითარების დაძაბვას საზღვარზე, ასევე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში, რუსეთის მიერ სირიაში წარმოებული ოპერაციის ფონზე და ეს ყველაფერი, ჩვენი ინფორმაციით, მოახლოებულ საახალწლო და საშობაო დღესასწაულებისთვის მზადდება" , - აცხადებს სანაკოევი.