დღეს ბარბარობაა

დღეს ბარბარობაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია შესრულდება.

წმინდა დიდმოწამე ბარბარე მართლმადიდებლობისთვის მეოთხე საუკუნის დასაწყისში, მმართველ მარკიანეს დროს ეწამა. იგი ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში ცხოვრობდა და მდიდარი წარმართის ერთადერთი ქალიშვილი იყო. მისი მამა დიოსკორე კერპებს სცემდა თაყვანს. ქრისტიანად მონათვლის შემდეგ ბარბარემ ღვთის წინაშე ქალწულობის აღთქმა დადო, რომ თავს ღმერთს შესწირავდა.

ბარბარეს სურვილმა დიოსკორე განარისხა. მან ქალიშვილი ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მიიყვანა, რომ ქრისტიანებმა გადაიბირეს და წამებით სიკვდილის ღირსი იყო. ღვთის შემწეობითა და სიყვარულით, წმინდა ბარბარემ არაერთი სატანჯველი დაითმინა. მათ შორის ტყავის შოლტებით ცემა, რის შემდეგაც მას საკანში უფალი გამოეცხადა და გაამხნევა.

წმინდა ბარბარეს თავი მისმა მამამ მოკვეთა, რისთვისაც იგი უფლისგან დაისაჯა. იმავე წამს დიოსკორეს ციდან ცეცხლი დაატყდა. დაისაჯა მარკიანეც, რომელსაც მეხი დაეცა.

წმინდა ბარბარეს წმინდა ნაწილები ამჟამად კიევში, ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული და მათგან მრავალი სასწაული აღესრულება.

წმინდა დიდმოწამე ბავშვების მფარველად ითვლება. მას ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისა და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისთვის ევედრებიან.