აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 2012 წლის საზოგადოებრივი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა 22 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში ჩატარდა და ქვეყნის მასშტაბით 3161 რესპონდენტი გამოიკითხა. როგორც ექსპერტი რამაზ საყვარელიძე განმარტავს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ დასაქმებულობის ქვეშ სხვა რამეს გულისხმობს ხელისუფლება და სხვა რამეს მოსახლეობა. ძნელი სათქმელია, რა გამოკვლევებს ეყრდნობა, ხელისუფლება, როდესაც აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 17 პროცენტია დაუსაქმებელი. რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ხელისუფლება გაუგებრობით ხსნის ხოლმე, ასეთ ცდომილებებს. „მაგრამ ხელისუფლება ვალდებულია, მოსახლეობა, რომლის ფულითაც ცხოვრობს, ჩააყენოს საქმის კურსში და გამონახოს საერთო ენა მასთან. წარმოიდგინეთ, რომ დაიქირავეთ ხელოსანი, დაუკვეთეთ მას კედლების ცისფრად შეღევა, მან კი მწვანედ ან შავად შეღება და მერე კამათში გითხრათ, რომ ეს ცისფერია და შენ ვერ ხედავო, დაახლოებით ამას ჰგავს. ამით საქმე არ კეთდება. მოსახლეობას ხელისუფლება სჭირდება იმისათვის, რომ ის კმაყოფილი იყოს. თუ მოსახლეობა უკმაყოფილოა, ე.ი ხელისუფლება ვერ ასრულებს თავის მოვალეობას. შინაარსების მანიპულაციით პრობლემები არ წყდება“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე. რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ უმუშევრობასთან დაკავშირებით გამოკითხვის შედეგები ობიექტურობის შთაბეჭდილებას ტოვებს და სხვა გამოკითხვების შედეგებსაც ემთხვევა. საქართველოს საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით რესპოდენტებს საკმაოდ ბუნდოვანი და ურთიერთგამომრიცხავი დამოკიდებულება აქვთ. კითხვაზე, როდის გახდება საქართველო ნატო-ს წევრი - გამოკითხულთა 59% მიიჩნევს, რომ არ იცის, 23% იმედოვნებს, რომ 2014 წელს ან მის შემდგომ. ამასთან, გამოკითხულთა 74%-ს სურს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. „შესაძლოა პასუხის მომენტში უბრალოდ, ვერ გაიხსენეს, რომ ნატოში შესვლა და რუსეთთან კარგი ურთიერთობა ურთიერთგამომრიცხავი მოვლენებია. უბრალოდ, როგორც პატარა ბავშვს, რუსეთთან ურთიერთობა უნდა, დასავლეთთან კარგი ურთიერთობა უნდა, ნატოში შესვლაც რა თქმა უნდა, სურს. იმიტომ, რომ მთელი საბჭოთა პერიოდი იმაზე ფიქრობდნენ, ნატოში რომ ვიყოთ ეს რუსეთი ასეთ რამეს ხომ ვერ გვიზამდაო და ა.შ. აქ არის მთელი კასკადი სტერეოტიპული დამოკიდებულებებისა, რომლითაც ხელმძღვანელობს ადამიანი და ამ სტერეოტიპის ანარეკლია, ისიც, რასაც ასე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ-ხოლმე პოლიტიკოსები“. ანალოგიური დამოკიდებულება გამოამჟღავნეს გამოკითხულებმა რუსეთთან დიალოგის გამართვისა და აშშ-დან შეიარაღების მიღების საკითხშიც. რესპონდენტთა 66%-სთვის მისაღებია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწოდება რუსეთთან დიალოგის გამართვის შესახებ იმ პირობით, თუ რუსეთი აფხაზეთიდან და ე. წ. სამხრეთ ოსეთიდან საელჩოებს გაიწვევს. ამასთანავე, 53% ემხრობა საქართველოს მთავრობის თხოვნას, ამერიკამ გაზარდოს საქართველოს სამხედრო თავდაცვისუნარიანობა. ამავე კითხვაში ჩამატებულია კითხვა: „რამდენად მისაღებია თქვენთვის ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერის შეთავაზება, რომ საქართველომ უარი თქვას ნატო-ში გაწევრიანებაზე რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ“, რაც გამოკითხულთა მხოლოდ 26%-სთვის არის მისაღები. 33% პასუხი უარყოფითია, 40% კი აცხადებს, რომ არ იცის. შესაბამისად, კითხვაზე „არის თუ არა საქართველოში დემოკრატია?“, - გამოკითხულთა 49% მიიჩნევს, რომ არის, 34%-მა კი უარყოფითი პასუხი გასცა. ლუის ნავაროს განმარტებით, ეს მაჩვენებელი მცირე ზრდას წარმოადგენს 2011 წლის სექტემბერში NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებთან შედარებით, რომლის დროსაც იგივე კითხვაზე დადებითი პასუხი 45%-მა, ხოლო უარყოფითი პასუხი 39-მა პროცენტმა გასცა. იმის მიუხედავად, რომ 70 პროცენტიანი უმუშევრობის ფონზე გამოკითხვის მიხედვით დაწყობილ-დალაგებულ ქვეყანაში ცხოვრობს, საზოგადოების სამოქალაქო შეგნება ადრინდელთან შედარებით გაზრდილია. რესპონდენტთა 64%-ს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე დადებითი პასუხი აქვს. უარყოფითი პასუხი გამოკითხულთა 36%-მა გასცა. ლუის ნავაროს განცხადებით, ამ მონაცემებით დაფიქსირდა 13%-იანი ზრდა 2011 წლის სექტემბრის კვლევებთან შედარებით. რამაზ საყვარელიძეც მიიჩნევს, რომ წინა მსგავსი გამოკითხვის შედეგებთან შედარებით, აქტივობა გაზრდილია, მაგალითად გასულ სექტემებრთან შედარებით, რაც ძალიან მარტივად, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენით აიხსნება. რესპონდენტთა ასევე 55% ნაწილობრივ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ არსებული ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს. ნაწილობრივ არ ეთანხმება – 14%. სრულად ეთანხმება - 13%. საერთოდ არ ეთანხმება - ასევე 13%. 4%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის. პროცენტული მონაცამები იცვლება ადგილობრივ ხელისუფლებასთან მიმართებაში – ნაწილობრივ ეთანხმება გამოკითხულთა 47%. ნაწილობრივ არ ეთანხმება – 17%. საერთოდ არ ეთანხმება – 19%. სრულად ეთანხმება – 9%. არ იცის პასუხი – 8%. უარი პასუხზე – 1%. „ცალსახად ამას ვერ ვივარაუდებთ, წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელიც მაგალითად, სამართლიანობის მომხრეა და ამიტომ თვლის, რომ ივანიშვილს უნდა ჰქონდეს მოქალაქეობა,“-ამბობს საყვარელიძე. საინტერესო დამოკიდებულებაა სააკაშვილის ახალი პროექტის მიმართაც. კერძოდ, გამოკითხულთა 84%-სთვის ცნობილია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა, ააშენოს ახალი ქალაქი ლაზიკა, რომელიც საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქის ადგილს დაიკავებს და შავ ზღვაზე მესამე პორტი იქნება. 13%-მა ამ ინიციატივის შესახებ არ იცის. აღნიშნული 84%-დან, რომლისთვისაც ცნობილია ეს ინიციატივა, ლაზიკას მშენებლობას მხარს უჭერს 59%, 27% კი - არა, 14%-მა არ იცის. ლაზიკას მშენებლობის „მოწინააღმდეგეთაგან“ 33% მიიჩნევს, რომ სოციალური საკითხების მოგვარება უფრო მნიშვნელოვანია. 32% - არსებული ქალაქების განვითარება უფრო მნიშვნელოივანია. 22% ფიქრობს, რომ გაუმართლებელი ხარჯებია. 9%-ის აზრით კი საფრთხეს უქმნის გარემოს. „მეგონა უფრო მეტი იქნებოდა ლაზიკას აშენების მომხრეთა რიცხვი“- ამბობს რამაზ საყვარელიძე. მისი განმარტებით, ყველა ხაზს უსვამს, რომ ეშინიათ. რამაზ საყვარელიძის აზრით, სწორედ ამ მიზეზით, გარკვეულ კითხვებზე რამდენად გულწრფელად პასუხობენ რესპოდენტები, ეჭვებს ბადებს. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, სოციოლოგიურმა კვლევებმა რეალობისგან განსხვავებული სურათი დაგვიხატოს. „რომ უყურებს კონტროლის პალატა რას აკეთებს, ამ შიშის ფონზე, სოციოლოგიურ გამოკვლევებში, თან როცა არ იცის, გამოკითხულთა გვარები და მისამართები ხელისუფლების ხელში მოხვდება თუ არა, პასუხები კიდევ გულახდილია,“- ამბობს რამაზ საყვარელიძე. ყველაზე მნიშვნელოვან ადგილობრივ საკითხებად რესპონდენტები ელექტროენერგიაზე ნაგვის გადასახადის მიბმას(72%), კომუნალური მომსახურებისა და ტრანსპორტის ღირებულებას თვლიან. თუმცა, რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ რაც არ უნდა შთამბეჭდავი მონაცემები დაიდოს, ეს ხელისუფლებაზე მაინც არ იმოქმედებს და ხალხს ცხოვრებას არ გაუადვილებენ. „ხელისუფლებას აქამდე არ ჰქონდა საშუალება დარწმუნებულიყო, რომ ასეთი გადაწყვეტილება პოპულარობით არ სარგებლობს?“- რიტორიკულ კითხვას სვამს საყვარელიძე. აღნიშნული კვლევა პოლიტიკური პარტიების რეიტინგებსაც მოიცავს, თუმცა NDI პოლიტიკურ პარტიებს რეიტინგებს მომავალ კვირაში გააცნობს. როგორც რამაზ საყვარელიძე ამბობს, ანალოგიური გამოკითხვები თუ არ გაქვს შესადარებლად, კისერზე ცოდვის დადებაა, რომ თქვა, ობიექტური არ არისო. „რეიტინგები ვიდრე არ გამოჟონავს, ძალიან ძნელია ლაპარაკი, რადგან ზოგად თემატიკაზე გაკეთებულ კვლევებს არ ეხებოდა ხოლმე საზოგადოების უკმაყოფილება. უკმაყოფილება ძირითადად პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს ეხება ხოლმე,“ - ამბობს საყვარელიძე. |