“შუახევში 2 ტრაქტორი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს დატყვევებული ჰყავს“

“შუახევში 2 ტრაქტორი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს დატყვევებული ჰყავს“

“ლეიბორისტული პარტიის“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის, დავით რობაქიძის თქმით, შუახევში 2 ტრაქტორი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, მევლუდ ჭურკვეიძეს დატყვევებული ჰყავს და ამის გამო, სოფლებში მეწყერისა და თოვლისგან დაზიანებულ გზებს ვერ ასუფთავებენ.

“ცენტრალურ ტელეარხებზე გასული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ მაღალთმიანი აჭარის თითქმის ყველა დასახლებულ პუნქტში გზა თოვლისა და მეწყერისგან გაწმენდილია, სიმართლეს არ შეესაბამება.  შუახევის რაიონის სოფლების თითქმის 70%-ში მეწყერია ჩამოწოლილი და გზა გაწმენდილი არ არის. ეს არის ტბეთის საკრებულო, რომელიც რამდენიმე სოფელს აერთიანებს და გოგაძეების საკრებულო, რომელიც ასევე რამდენიმე სოფელს აერთიანებს. დატყვევებული ტრაქტორები სწორედ ამ ორ საკრებულოში შემავალ სოფლებს უნდა ემსახურებოდეს“, - უთხრა presage.tv-ს დავით რობაქიძემ.

მისივე განმარტებით, ანალოგიური ვითარებაა ხულოს რაიონში - “შემიძლია სოფლებიც ჩამოვთვალო: ძირკვაძეებში, ქედლებში; ღორჯომის ხეობისკენ მიმავალი გზა საერთოდ არ არის გაწმენდილი. შუახევის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მევლუდ ჭურკვეიძემ ე.წ. ამხანაგობის ტრაქტორები (2 ცალი) საკუთარ ეზოში დააყენა, ფაქტიურად დაატყვევა. სანამ ამ ინფორმაციას თქვენ მოგაწვდიდით, აჭარის საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელს ტელეფონით ვესაუბრე. მან მითხრა - “ვიცით ეს პრობლემა, საწვავი მიცემული გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ, გზები არ იწმინდება და როგორც კი საშუალება იქნება, ავალთ და პრობლემას მივხედავთო“.

მევლუდ ჭურკვეიძე ამბობს ტრაქტორების შენახვა ძვირი მიჯდებაო და ამ ტრაქტორებს ადგილიდან არ ძრავს, თითქოს ბაბუამისის დანატოვარი იყოს. რამდენიმე დღის წინ ბათუმში ადამიანი გარდაიცვალა და იმის გამო, რომ მეწყერი იყო ჩამოწოლილი, სოფელ ძირკვაძეებში მიცვალებულის გადასვენებისა და დაკრძალვისას პრობლემა შეიქმნა - მოსახლეობამ  6 კილომეტრის მანძილზე თოვლი ხელით გაჭრა და ასე მიასვენეს მიცვალებული მშობლიურ სოფელში“.

“ლეიბორისტული პარტიის“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის თქმით, მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობა სრულ იზოლაციაშია. დავით რობაქიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას მოუწოდებს სიცრუეზე დაყრდნობით პიარის კეთებას თავი დაანებონ და მოსახლეობას მიხედონ.