თურქეთიის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციასთან დაკავშირებით, თურქეთისა და საქართველოს კულტურის სამინისტროები ხელშეკრულების საბოლოო ვარიანტზე მუშაობენ და მას ხელს უახლოეს მომავალში მოაწერენ. ხელშეკრულება სხვა საკითხებთან ერთად ოშკისა და იშხანის აღდგენის სანაცვლოდ, ახალციხეში არსებული აჰმედიეს მეჩეთის რესტავრაციასა და ბათუმში აზიზიეს მეჩეთის ხელახლა აშენებას ითვალისწინებს. საპატრიარქოსა და საზოგადოების ერთი ნაწილის ნეგატიური გამოხმაურება სწორედ აზიზიეს მეჩეთის აშენების გადაწყვეტილებას მოჰყვა.
ვინ არის სინამდვილეში სულთანი აბდულ-აზიზი და რა კავშირი ჰქონდა მას საქართველოსთან Presage.tv ისტორიკოსის,ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორ ბუბა კუდავა ს ესაუბრა.
რა ცნობები შემოინახა ისტორიამ სულთან აბდულ-აზისის შესახებ?
- ოსმალეთის ოცდამეთორმეტე სულთანი აბდულ-აზიზი ოსმალთა იმპერიას 1861-1876 წლებში მართავდა. შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ის საკმაოდ სუსტი მმართველი იყო. მისი არცთუ ხაგრძლივი მმართველობის პირველ ეტაპზე, ათი წლის განმავლობაში, იმპერიას მთავარი მოხელე - დიდი ვეზირი განაგებდა.
აბდულ-აზიზის დროს სამ კონტინენტზე გადაჭიმული ოსმალთა იმპერია აგრძელებს პოზიციების დათმობას საერთაშორისო ასპარეზზე, მაგალითად, სერბეთში კარგავს ქალაქ ბელგრადს. მის სამფლობელოში მდებარე კუნძულ კრეტაზე იწყება აჯანყება, რის ფონზეც თმობს გარკვეულ პოზიციებს საბერძნეთთან. ამას გარდა, სულთანი აზიზი დიდი თანხის სანაცვლოდ, ფაქტობრივად, დამოუკიდებლობას აძლევს ეგვიპტეს.
1876 წელს სულთან აბდულ-აზიზს მისივე დანიშნული მოხელეები აიძულებენ ტახტი ძმიშვილს დაუთმოს. ამ ცვლილებიდან რამდენიმე დღეში კი, პატიმრობაში მყოფი აბდულ-აზიზი იღუპება.
მისი დაღუპვისთანავე ვრცელდება ხმები, რომ აზიზმა თავი მოიკლა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ იგი სიცოცხლეს გამოასალმეს. სხვათა შორის, აბდულ-აზიზი გახლდათ ოსმალეთის პირველი სულთანი, რომელიც დასავლეთ ევროპას ეწვია 1867 წელს და იგი ცდილობდა კარგი ურთიერთობა ჰქონოდა საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან.
რა კავშირი ჰქონდა სულთან აზიზს საქართველოსთან?
- ვიცით, რომ სულთან აბდულ-აზიზის დროს ბათუმში, რომელიც იმჟამად მთელ აჭარასთან ერთად ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, აშენდა მცირე ზომის მეჩეთი. მისი რაიმე სერიოზული, პოლიტიკური სახის ურთიერთობა საქართველოსთან ჩემთვის უცნობია.
- რატომ აღიქვამს დღეს ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მას დამპყრობელ ტირანად და რამდენად შეესაბამება ასეთიდამოკიდებულება ისტორიულ სიმართლეს?
- აჭარა ოსმალებმა სამი საუკუნით ადრე – XVI საუკუნეში დაიპყრეს. აბდულ-აზიზი ტირანი კი არა, ერთი უნიათო მმართველი იყო. მისი გარდაცვალებიდან ორ წელიწადში კი ოსმალეთმა საერთოდ დაკარგა აჭარა.
საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, მეტიც, ბევრს წარმოდგენაც არა აქვს ამ სულთანის საქმიანობის შესახებ. მისი სახელიც კი არ იციან - ხან აზიზიეს, ხან კი -აზიზიას უწოდებენ, მეორე პრობლემა კი ისაა, რომ ხდება სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების გადატანა წარსულ ჭრილში.
სულთან აბდულ-აზიზის დროს ბათუმში მეჩეთის აგება ისევე ბუნებრივი რამაა, როგორც მაგალითად, სპარსელთა მმართველობის დროს თბილისში მეჩეთის აშენება, რუსული მმართველობის დროს თბილისსა თუ ბათუმში რუსული ეკლესიების აგება, ქართველთა მმართველობის დროს ისტორიული სომხეთის ისტორიულ დედაქალაქ ანისში ქართული ეკლესიის აშენება.
ვფიქრობ, ასეთი მშენებლობების დატვირთვა ზედმეტი სიმბოლოებით გაუმართლებელია და მაინცდამაინც სიმბოლოებზე თუ მიდგა საქმე, ჩემთვის აზიზიეს მეჩეთი ბათუმში ოსმალთა ბატონობის დასასრულის სიმბოლო უფროა – სულ რამდენიმე წელიწადში თურქები კარგავენ აჭარას!
რა უფრო საშიშია საქართველოსთვის აზიზის სახელზე აშენებული პატარა მეჩეთი ბათუმში თუ ისტორიულ ტაო-კლარჯეთშიუნიკალური ქართული ძეგლების განადგურება და ამ მიწაზე ქართული კვალის სამუდამ გაქრობა?
- ვფიქრობ, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ან კარგად არა აქვს, ან კიდევ, საერთოდ არა აქვს გააზრებული ტაო-კლარჯეთის ქართული ძეგლების უაღრესად დიდი სულიერი, ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა და ამ ძეგლების კატასტროფული მდგომარეობა, თორემ ასეთ საკითხებზე მსჯელობა უკიდურესად არ გაიწელებოდა.
ამ ძეგლების მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ჩვენ, ალბათ, ათასწლეულის განმავლობაში არ დაგვიკარგავს იმდენი ქართული ძეგლი მთელ ჩვენს ისტორიულ ტერიტორიაზე, რამდენიც ტაო-კლარჯეთში უკანასკნელი ერთი საუკუნის განმავლობაში დავკარგეთ. მაგალითად, პირისაგან მიწისა აღგვილია ახიზის, წყაროსთავისა და წურწყაბის საეპისკოპოსო ტაძრები, თითქმის არაფერია დარჩენილი ანჩის, დადაშენის, ერუშეთის საეპისკოპოსო კათედრალებიდან, რამდენიმე კედელიღა შერჩა ტბეთის საეპისკოპოსო ტაძარს, ოპიზის სახელგანთქმული მონასტრის ეკლესიას... და რაც ყველაზე საგანგაშოა, ეს პროცესი გრძელდება.
თურქეთ-საქართველოს მოლაპარაკებისადმი კულტურის სამინისტროს და საპატრიარქოს პოზიცია ცნობილია. რას ფიქრობენ ქართველიმეცნიერები ამ შეთანხმებაზე და ფიქრობთ თუ არა რომ, საკითხის გადაწყვეტისას მათი აზრის გათვალისწინება აუცილებელია?
- ოშკისა და რამდენიმე სხვა ტაძრის აღდგენა, ვფიქრობ, ქართული სახელმწიფოს ისტორიაში ახალი ეპოქის დადგომის მაუწყებელი გახდება. ამ შეთანხმებას მე აღვიქვამ, როგორც ტაო-კლარჯეთში არსებული ასეულობით ქართული ძეგლის გადარჩენის პროცესის დასაწყისს. ყველას უმორჩილესად ვთხოვ, რომ ვიდრე კატეგორიულ პოზიციას ჩამოვიყალიბებდეთ, კარგად ჩავიხედოთ საკითხის ისტორიასა და დღევანდელ სიტუაციაში. სპეციალისტების აზრის გათვალისწინება შესაძლოა ნებაყოფლობითია, თუმცა მათი კარგად მოსმენა კი სავალდებულო უნდა იყოს ნებისმიერი მხარისთვის.