"ან ბრალმდებელმა ან ბრალდებულებმა უნდა ზღონ პასუხი"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებით, შეწყალების კომისიათან დაკავშირებულ კორუფციულ სკანდალში, რომელიმე მხარემ პასუხი უნდა აგოს, რადგან ორივე მხარე მართალი ვერ იქნება.

როგორც ქუცნაშვილმა „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, ის შეწყალების კომისიასთან დაკავშირებულ კორუფციულ სკანდალთან მიმართებით, შეფასებებს ვერ გააკეთებს და ვერც კონკრეტული მხარის პოზიციას დაიკავებს. თუმცა აღნიშნავს, რომ ბრალდება სერიოზულია, აქედან გამომდინარე, დეპუტატი ობიექტური და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას ელოდება.

„მნიშვნელობა არ აქვს ჩემი ხელისუფლების, თუ სხვისი ხელისუფლების მიმართ იქნება ესა თუ ის ბრალდება ჩამოყალიბებული, კითხვები არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი. აქედან გამომდინარე, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება, რომელიც გამჭვირვალეს გახდის თავისი მუშაობის შედეგებს, იქნება ყველაზე სწორი პასუხი ამ ბრალდებებზე. თუ მიიღებს საზოგადოება ობიექტურ, გამჭვირვალე გამოძიებას და შედეგები გახდება გამჭვირვალე საზოგადოებისთვის, კითხვები არ იქნება. თუ იქნება ბუნდოვანება, გაჭიანურდება პროცესი, რა თქმა უნდა, ეს უარყოფითად იმოქმედებს, აქედან გამომდინარე, მე არ გავაკეთებდი შეფასებებს გამოძიების დასრულებამდე, არ დავიჭერდი მხარის პოზიციას, არა იმის გამო, რომ რომელიმე მათაგანის არ მჯერა, არამედ არ იქნებოდა ჯანსაღი დამოკიდებულება ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან. დიახაც, ხელისუფლება დაინტერესებული ვართ იმაში, რომ ეს საქმე რაც შეიძლება ობიექტურად და გამჭვირვალედ იყოს გამოძიებული და სერიოზულ ბრალდებებზე პასუხი გაცემული. ეს სერიოზული თემაა და არც მიჩუმათება, არც გადავადება არ შეიძლება“, - აღნიშნა ქუცნაშვილმა.

დეპუტატის შეფასებით, აღნიშნული ბრალდება სერიოზულია და შესაბამისი პასუხები უნდა გაეცეს მას.

„ან ბრალმდებელმა ან ბრალდებულებმა უნდა ზღონ პასუხი. ფაქტია, რომ ორივე მხარე მართალი ვერ იქნება“, -განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შეწყალების კომისიის ყოფილი ხელმძღვანელის ალეკო ელისაშვილის სკანდალური განცხადების შემდეგ, რომლის მიხედვითაც, მასზე კონკრეტული პატიმრის შეწყალების მიზნით მაღალჩინოსნების მხრიდან ზეწოლა ხორციელდებოდა, პროკურატურამ გამოძიება 339–ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც "ზეგავლენით ვაჭრობას" გულისხმობს.

ალეკო ელისაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე რამდენჯერმე იმყოფებოდა. როგორც ელისაშვილი აცხადებს, მან გამოძიებას მისი კუთვნილი ტელეფონი წარუდგინა, სადაც კონკრეტული მაღალჩინოსნების მიერ კონკრეტული პირების შეწყალების მოთხოვნით შეტყობინებებია შენახული.

მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ე.წ. შეწყალების საქმეზე უკვე 20-მდე პირია დაკითხული. მათ შორის, "ქართული ოცნების" ლიდერები - მანანა კობახიძე და ეკა ბესელია.

საგამოძიებო ორგანოს ჩვენება შეწყალების კომისიის მოქმედმა თავმჯდომარე ზვიად ქორიძემაც მისცა.