ნუგზარ წიკლაურის მორიგმა „შედევრმა“ინტერნეტში აღფრთოვანება გამოიწვია

ნუგზარ წიკლაურის მორიგმა „შედევრმა“ინტერნეტში აღფრთოვანება გამოიწვია

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონო რეპრესიებს მოსახლეობის უმეტესობა არ ეთანხმება და აპროტესტებს. NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 70% თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა უნდა აღუდგეს. 8%-ს მიაჩნია, რომ ივანიშვილს მოქალაქეობა არ უნდა დაუბრუნდეს, 22%-მა კი აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ იცის.

კითხვაზე, იცით თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტის ბრძანებულებით  მოქალაქეობა ჩამოერთვა, რესპოდენტთა 87%-მა დადებითი პასუხი გასცა, 11%-მა კი უარყოფითი.

ამასთან, გამოკითხულთა 65% ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას არ ეთანხმება, 13% - ეთანხმება, 21%-მა კი აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ იცის.

კითხვაზე, იცით თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას ცდილობს, გამოკითხულთა 80%-მა იცის, 11% კი არ იცის.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კვლევა 22 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში ჩატარდა და პირისპირ ინტერვიუს სახით მთელი საქართველოს მასშტაბით 3161 რესპოდენტი გამოიკითხა. NDI-ის კვლევები შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ დააფინანსა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, საზოგადოებრივი აზრი და კანონმდებლობა ხშირად განსხვავდება.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის საკითხის პოლიტიზირება არ უნდა ხდებოდეს და სახელმწიფო ამ საკითხზე კანონის მიხედვით იხელმძღვანელებს:

„ჩვენ ვმუშაობთ ქართული კანონმდებლობის შესაბამისად. საერთოდ, პოლიტიზაცია ამ საკითხისა, არასწორად მიმაჩნია. მთავარია კონსტიტუცია და კანონმდებლობა და მათ უნდა მივყვეთ. ერთია საზოგადოებრივი აზრი და მეორე კანონმდებლობა“, -აცხადებს მაჭავარიანი და იხსენებს რელიგიების შესახებ კანონთან დაკავშირებით, მოსახლეობის ნეგატიური დამოკიდებულებას.

მისი თქმით, როდესაც პარლამენტი ამ კანონს იღებდა, ცნობილი იყო რომ ხალხს არ მოეწონებოდა, მაგრამ „გადაწყვეტილება სწორი იყო და ეს შემდეგ ხალხმაც და სინოდმაც კარგად გაიგო“.

ამავე დროს, საპარლამენტო უმრავლესობაში ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მსურველთა სიჭარბეს, ამომრჩეველთა მიერ ივანიშვილისთვის „განაჩენის“ გამოტანის სურვილით ხსნიან. ამის შესახებ NDI-ის კვლევის შედეგების კომენტირებისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი უკანასკნელი პრორუსული ბასტიონია საქართველოში და სწორედ ამიტომ, მოსახლეობას სურს,  მას არჩევნებში ჩართვის შესაძლებლობა მიეცეს და განაჩენი გამოუტანოს.

წიკლაურმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა კანონის სრული დაცვით ჩამოერთვა. ახლა კი, მისი თქმით, პრეზიდენტის გადასაწყვეტია მისცემს თუ არა მას შესაძლებლობას, რომ საქართველოს მოქალაქე გახდეს.

მოსახლეობის განწყობებზე წიკლაურის ერთგვარად „კრეატიულ“ შეფასებას სოციალურ ქსელში ოპერატიული გამოხმაურება მოჰყვა, რაც ჩვენი მკითხველისთვის ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს; ამას ყოველგვარი კომენტარის გარეშე გთავაზობთ:   

„შესაშური, „ქვის მთლელი“ ლოგიკა აქვს, ვაღიარებ!“

„აი ამას ვინც გააპრავებს, „წლის გამპრავებლად“ ვაღიარებ“;

„ამ კაცის ნათქვამი რამე ჭკვიანურიც წამაკითხეთ, ეგეთი ბუნებაში თუ არსებობს საერთოდ“;

„ეტყობა „ღადაობს“, მაგრამ ძალიან არ მომწონს ასეთი სიგნალები; პრაქტიკულად აღიარებენ, რომ აპირებენ გაყალბებას და ძალადობას. ამას არც მალავენ. დასავლეთს ექიშპებიან, რუსეთს ეარშიყებიან, შედეგი? რისკენ მივდივართ? მიშას ნუ ჰგონია, რომ რუსებს მოატყუებს და მერე გადააგდებს. ამათ ხელში ჩვენ რა ვქნათ?“

„მგონი, წიკლაურს, თავხელიძეს და კიდევ რამდენიმეს ივანიშვილი საკმაოდ დიდ „მაყუთს“ უხდის. სხვანაირად ამას ვერ ვხსნი“;

„იმედში დაპატიჟონ „ქალურ ლოგიკაში“ სპეციალურ სტუმრად, არ უნდათ?“

„მოიხვეჭა პარლამენტარობა და გარკვეული დამსახურება აქვს პარტიის წინაშე. ის იღწვის პატიოსნად, ხოლო პირველ რიგში კი საკუთარი თავის გადარჩენისთვის. წიკლაურმა, ისევე როგორც კაკო ბობოხიძემ და ელდარ კვერნაძემ (და სხვებმა მათნაირებმა) კარგად იციან, რომ მომდევნო არჩევნებისთვის ბევრი დაიძირება და მათ უფრო ახალგაზრდა და აგრესიული (და ამბიციური) „ნაცმოელი“ ჩაანაცვლებს. ის იბრძვის საკუთარი სახელის, სკამის, მანქანის, ფულის გადასარჩენად და გასამყარებლად. რა ვიცი, სხვანაირად როგორ „გავაპრავო“, მაგრამ ამ ადამიანის იდეალი საკუთარი კაბინეტი და პარლამენტის შენობაა“;

„შანსი არაა, ამას ნაღდად ვერ გააპრავებენ“;

„შეიძლება „გაპრავება“. შეიძლება ნავაროს „მოთხოვონ“ ახნა-განმარტებითი ბარათი, სადაც უკვე დეტალურად იქნება ასახული მოტივები, რატომ სურს გამოკითხულ მოქალაქეებს, რომ ივანიშვილს მოქალაქეობა აღუდგეს. თუ ასეთ დოკუმენტს „გააჩენენ“, ფაქტიურად „გაპრავდება“ (ჟანრი ფანტასტიკა, „ნაცმო“ გამკეთებელი);

„მერე მიეცით ივანიშვილს მოქალაქეობა და გამოუტანოს განაჩენი! თქვენც დაისვენებთ და ჩვენც“;

„ამ ლოგიკით ნუგზარაც 70% შედის. საშუალება უნდა მიეცეს ყველა თემაზე გააკეთოს მსგავსი კომენტარი. საოცარი ლოგიკაა, ვერაფერს იტყვი“.

„დაახლოებით ისეთი „პონტია“, ვალი რომ დამიბრუნოს ვინმემ და ეს იმით ახსნას - მინდა ყველას დავანახო, რომ ფულის ხარჯვა არ იცისო“.