თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულებას საგარეო საქმეთა სამინისტრომ საიდუმლო გრიფი არ მოხსნა

თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულებას საგარეო საქმეთა სამინისტრომ საიდუმლო გრიფი არ მოხსნა

თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულების პირობების გამჟღავნებამ (ოშკისა და იშხანის აღდგენის სანაცვლოდ ბათუმში “აზიზიეს მეჩეთის“ აშენებისა და ახალციხეში “აჰმედიეს მეჩეთის“ რესტავრაციაში თურქული მხარის ჩართვის შესახებ) მოლაპარაკების შედეგებზე უარყოფითად შეიძლება იმოქმედოს და ამიტომ, ხელშეკრულების პირობები, მის ოფიციალურად გაფორმებამდე საიდუმლოდ უნდა დარჩეს, - ასეთია საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია, რომელიც დღეს ფოსტით მივიღე.

საგარეო საქმეთა მინისტრის 8-გვერდიანი ბრძანება N64, რომელიც 12 მარტითაა დათარიღებული და რომელსაც ხელს აწერს მინისტრის მოადგილე ლევან დავითულიანი, არის პასუხი ჩემს მიერ შეტანილ ადმინისტრაციულ საჩივარზე. მისი განხილვა სამინისტროს შენობაში ლევან დავითულიანის თავმჯდომარეობით მიმდინარე წლის 1 მარტს გაიმართა, მაგრამ პასუხი იმავე დღეს არ უთქვამთ და ახლა ფოსტით გამოგზავნეს.

“...საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ხელმძღვანელობს რა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე, 53-ე მუხლებით, 201-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით, 202-ე მუხლით,

ბრძანებს:

1.ნინო მიქიაშვილის ადმინისტრაციული საჩივარი (რეგ. N395/3-01) არ დაკმაყოფილდეს;

2.უარი ეთქვას ნინო მიქიაშვილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის 2012 წლის 14 თებერვლის N3/419-22 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობაზე;

3.უარი ეთქვას ნინო მიქიაშვილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირისთვის ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე “საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში არსებული თურქული კულტურული უძრავი ქონებისა და თურქეთის რესპუბლიკაში არსებული ქართული კულტურული უძრავი ქონების აღდგენის შესახებ“ ოქმის პროექტის პირობებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემის ნაწილში;

4.უარი ეთქვას ნინო მიქიაშვილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ნაწილში;

5.ეს ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, N6), ამ აქტის ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

ლევან დავითულიანი, მინისტრის მოადგილე“.

ამ აქტს ოფიცილურად დღეს, 21 მარტს გავეცანი; ჩემი უფლებების დამცველი ადვოკატი, მამუკა ნოზაძე ხვალ გაეცნობა და ჩვენ უახლოეს დღეებში თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მივმართავთ და მოვითხოვთ თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციის მიღებას, რომელიც არის ჩვენი აზრით საჯარო და ამავდროულად არის საზოგადოებრივი ინტერესის საგანი.

მივმართავ ყველა იმ ადამიანს, რომელიც თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულების გაფორმებას არ ეწინააღმდეგება, მაგრამ აინტერესებს რა შინაარსისაა და რაზე აპირებს საქართველოს ხელისუფლება ხელმოწერას - გთხოვთ, ჩემთან და ადვოკატ მამუკა ნოზაძესთან ერთად მიმართოთ საქალაქო სასამართლოს.

რამდენადაც ჩემთვის საჯაროდ გაკეთებული განცხადებებიდანაა ცნობილი, თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულების დეტალები აინტერესებს რესპუბლიკელ დავით ზურაბიშვილს, “ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის“ თავმჯდომარეს ზვიად ქორიძეს და “ტოლერანტობის ცენტრის“ ხელმძღვანელს ბექა მინდიაშვილს. თუ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც ხელშეკრულების გაფორმებას ემხრობიან, მაგრამ არ მოსწონთ მისი პირობების გასაიდუმლოება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ და ხელი მოაწეროთ სარჩელს - ერთად მოვითხოვოთ ხელშეკრულების პირობების განსაჯაროვება.

presage.tv-ს მისამართი - ქალაქი თბილისი, ოთარ თაქთაქიშვილის (ყოფილი რიგის) ქუჩა N11, მეორე სართული;  ტელეფონის ნომერი - 5(32) 222 72 09