არჩევნები საქართველოში: კონტროლის ხარისხი

არჩევნები საქართველოში: კონტროლის ხარისხი

შეიძლება თუ არა ამომრჩევლები დემოკრატიას ანდო? რუსეთში არა: ვლადიმერ პუტინმა აკრძალა შესაძლო ალტერნატიული კანდიდატების არჩევნებში მონაწილეობა და ხმები გააყალბა იმისთვის, რომ ახლახანს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გარანტირებული გამარჯვება მოეპოვებინა.

თუკი პუტინს უკეთესი წარმოდგენა ჰქონდა საქართველოს გამოყოფილი რეგიონის სამხრეთ ოსეთის ამომრჩევლებზე, იგი შეცდა. ნოემბერში მათ ხმა ალა ჯიოევას მისცეს ანატოლი ბიბილოვის საწინააღმდეგოდ, რომელიც რუსეთის მხარდაჭერილი კანდიდატი იყო. მაგრამ ცხინვალის (სამხრეთ ოსეთის დედაქალაქი) უმაღლესმა სასამართლომ, ქალბატონი ჯიოევას გამარჯვება გააუქმა, და არგუმენტად გაყალბებასთან დაკავშირებული არადამაჯერებელი მტკიცებულბები მოიყვანა. ელექტორატს არჩევანის გაკეთების მეორე შანსი ამ კვირას მიეცა, თუმცა ხელისუფლებამ იმის გარანტიები შექმნა, რომ ჯიოევა საარჩევნო ბიულეტენის სიაში აღარ ყოფილიყო.

საქართველოს მეორე გამოყოფილი რეგიონის, აფხაზეთის ამომრჩევლებს მეტი თავისუფლება მისცეს შარშან ზაფხულში, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც მათ ალექსანდრე ანქვაბი აირჩიეს, რუსეთისთვის უფრო სასურველი კანდიდატის სერგეი შამბას ნაცვლად. რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ბ-ნ ანქვაბს ტელეფონითაც კი მიულოცა. ანალოგიურად წარიმართა ამ რეგიონში 10 მარტს გამართული საპარლამენტო არჩევნებიც.

რა სხვაობაა ამ რეგიონებს შორის? სამხრეთ ოსეთს რუსეთის ფედერაციასთან მიერთება სურს, მაგრამ ბევრ აფხაზს მართლაც მიაჩნია, რომ აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, მომავალი აქვს. რუსეთი იმდენად გონიერი არის, რომ ამ რეგიონში ძალიან უხეშად არ იმოქმედოს.

რამდენად მნიშვნელოვანია ყველა ეს არჩევნები? შეერთებული შტატებიც, ევროკავშირიც და ნატოც ამ რეგიონებს საქართველოს ნაწილად მიიჩნევენ და შესაბამისად არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღირებენ.

მაგრამ ზოგიერთების აზრით, ეს პოლიტიკა კონტრპროდუქტიულია. კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ლინკოლნ მიტჩელი ამბობს, რომ მართალია აფხაზეთის აღიარებაზე უარის თქმა სწორია, თუმცა აფხაზების იზოლირება მათ კიდევ უფრო მეტად უბიძგებს რუსეთის წიაღისკენ. აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც დაფინანსების, უსაფრთხოების და აღიარების თვალსაზრისით, რუსეთზე დამოკიდებული რეგიონებია; დასავლური პოლიტიკა კი მათ სხვა არჩევანს არ სთავაზობს.

თავად საქართველოში საპარლამენტო არჩევნები წელს შემოდგომაზე გაიმართება, საპრეზიდენტო არჩევნები კი მომავალი წლის დასაწყისში. რუსეთს აქაც აქვს საკუთარი შეხედულება იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს სწორი შედეგი. ამ წლის დასწყისში ბ-ნმა პუტინმა განაცხადა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის „ბევრი რამ დამოკიდებული იქნება“ არჩევნებზე. ეს არის კოდი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის თავიდან მოშორებას გულისმობს – საქართველოს პრეზიდენტის, რომელიც ხელისუფლებაში 2003 წლის „ვარდების რევოლუციით“ მოვიდა, და რომელსაც პუტინი ვერ იტანს.

მაგრამ სააკაშვილი გონიერია. უწოდა რა საპარლამენტო არჩევნებს „გადამწყვეტი ბრძოლა“ რუსეთ-საქართველოს შორის, მან 12 მარტს განაცხადა, რომ „დემოკრატიას ყოველთვის ხალხი იგებს“. მისი ერთ-ერთი მთავარი მეტოქე ბიზნესიდან პოლიტიკაში წასული მილიარდერი ბიძინა ივანიშვილია, როგორც სააკაშვილი მიანიშნებს, რუსეთის მარიონეტი.

სააკაშვილი ამბობს, რომ მას სურს „ყველაზე თავისუფალი“ არჩევნები, ისეთი არჩევნები, როგორიც არასდროს ჩატარებულა საქართველოში. ქვეყნის დემოკრატიულ მანდატს მის საგარეოპოლიტიკურ მიზნებში ცენტრალური ადგილი უკავია. გასულ კვირაში, თბილისს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდო ვესტერვილე სტუმრობდა, რომელმაც ხაზი გაუსვა დემოკრატიული რეფორმის მნიშვნელობას, როგორც აუცილებლობას ნატოსთან დაახლოებისთვის. ევროკავშირის პოზიციაც ანალოგიურია.

მაგრამ ქართული დემოკრატიის ჯანრთელობა დამაკმაყოფილებელი არ არის. ბ-ნი ივანიშვილის დემონიზაცია უცხოური ზესახელმწიფოს მარიონეტად, ტიპური ხერხია იმ საარჩევნო ტექნოლოგიებში, რომელზეც ახლახანს წერდა The Economist. იგივეს თქმა შეიძლება, მთავრობის გავლენის შესახებ ნაციონალურ ახებზე, რომლის საინფორმაციო გამოშვებებში ხშირად ერთსა და იმავე ტექსტს კითხულობენ.

შეშფოთების კიდევ ერთ საფუძველს იძლევა კონტროლის პალატის ბოლოდროინდელი ქმედებები. ამ სახელმწიფო ორგანიზაციას საარჩევნო კამპანიის დაფინანსების რეგულირება ევალება. ბოლო დროს ოპოზიციის ათობით აქტივისტის დაკითხვას, ბ-ნი ივანიშვილი „დაშინებად“ და „ფსიქოლოგიურ ზეწოლად“ აფასებს; Amnesty International-მა ამ ფაქტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. კონტროლის პალატა ყველა მსგავს ბრალდებას უარყოფს. მაგრამ მან ბ-ნ ივანიშვილთან დაკავშირებული ორგანიზაციები $4 მილიონით დააჯარიმა.

ბ-ნ ივანიშვილს კიდევ ერთი პრობლემა აქვს. შარშან მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს (რაც საპარლამენტო არჩევნებში პარტიის ხელმძღვანელობისთვის სჭირდება) მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ საფრანგეთის მოქალაქეც იყო. მისი პოლიტიკური გუნდი აცხადებს, რომ მთავრობას არ სურს მას მოქალაქეობა ნატურალიზაციის გზით მიანჭოს. გასულ კვირაში, ყოფილმა მინისტრმა (ასეა ტექსტში – ) ირაკლი ალასანიამ, რომელიც ახლა ივანიშვილის კოალიციის წევრია, დიპლომატებს უთხრა, რომ სააკაშვილმა საქართველო „ტოტალიტარულ სახელმწიფოდ“ აქცია. მთავრობა, დასძინა მან, ნახევრად გასამხედროებულ ჯგუფებს აყალიბებს და „კონფრონტაციის და სამოქალაქო ომისთვის“ ემზადება. მან განაცხადა, რომ ამ კვირაში ამ საქმის დეტალებს წარმოადგენს.

ბ-ნი სააკაშვილი ამტკიცებს, რომ ძალიან დაკავებულია იმისთვის, რომ ასეთ ადრეულ ეტაპზე საარჩევნო კამპანია აწარმოოს. მაგრამ მან გამონახა დრო იმისთვის, რომ დღემდე ზომიერი ალასანია „რადიკალური ოპოზიციის“ წარმომადგენლად შეერაცხა და მის ბრალდებებს „იდიოტიზმი“ უწოდა.

ბ-ნ ივანიშვილს უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე წინა ოპოზიციურ ლიდერებს, მაგრამ მან ჯერ კიდევ უნდა წარმოადგინოს საინტერესო ხედვა საქართველოსთვის. მართალია, გამოკითხვების უმრავლესობა მთავრობის მნიშვნელოვან უპირატესობას ცხადყოფს, თუმცა ბ-ნი ივანიშვილის გამოჩენამ ქართული არჩევნები გააცოცხლა.

საკმარისი აღმოჩნდება თუ არა ეს იმ აპათიის დასაძლევად, რომელიც ფართოდაა გავრცელებული, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია. როგორც ეს ახლახანს ჩემს მეგობარს, ცენტრალურ საქართველოში მცხოვრებმა ფერმერმა უთხრა: „მე მყავს ძროხები და ღორები. რატომ უნდა მივიღო მონაწილეობა არჩევნებში, როდესაც ჩემს ცხოვრებაში ფეკალიები უკვე საკმარისადაა?“
foreignpress.ge