შეიარაღებულ ფორმირებებში შემავალი ადამიანები უკვე ღიად გამოჩდნენ

შეიარაღებულ ფორმირებებში შემავალი ადამიანები უკვე ღიად გამოჩდნენ

„სინდისიერებით“ აღსავსე გოკა გაბაშვილმა შეიარაღებულ ფორმირებებთან დაკავშირებით ირაკლი ალასანიას განცხადება, უსინდისო და უნამუსო განცხადებად მიიჩნია, უმრავლესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ზუგდიდისა და ქალაქ ჰომსის (სირიის) შედარება „ქართულ ოცნების“ ქაოსურ და ანარქიულ საარჩევნო დაპირებად აღიქვა, თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ კი განაცხადა, რომ რეზერვისტების გამოყენება მხოლოდ საომარი მოქმედებებისას ან სტიქიური უბედურების დროს ხდება და პოლიტიკურ შიდადაპირისპირებაში მათი გამოყენება არ შეიძლება.

ნაციონალების მტკიცების მიუხედავად, არავინ იცის, რას მოიტანს წინასაარჩევნოდ გააქტიურებული ამ შეიარაღებული ფორმირებების ჩამოყალიბება დასავლეთ საქართველოში. მით უფრო, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის მტკიცებით, ეს დაჯგუფებები არ წარმოადგენენ რეზერვისტებს, რადგან რეზერვისტების ფორმირების წესი განსხვავებულია. ზემოხსენებული დაჯგუფებები კი რეზერვისტთა მონაცემთა ბაზაში არ არიან დარეგისტრრებულნი და  შეიარაღებულნი თავისუფლად გადაადგილდებიან. მეტიც, ეს დაჯგუფებები  კონკრეტულ სამართალდამცავ ძალებს ექვემდებარებიან და არა - შეიარაღებულ ძალებს. ამდენად, ალასანიას პროგნოზით, მათი ერთადერთი მიზანი არჩევნებში  მოსახლეობისთვის თავისუფალი არჩევანის გაკეთების შეზღუდვაა.

ირაკლი ალასანია, როგორც თავის დროზე უშიშროების მონისტრის ყოფილი მოადგილე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი თანაშემწე, ასეთ სკანდალურ ინფორმაციას გადამოწმების გარეშე არ გაავრცელებდა. იგი აცხადებს, რომ საეჭვოდ შეიარაღებული ფორმირებების შესახებ ინფორმაციას თვეების განმავლობაში აგროვებდა და ამოწმებდა. ამდენად, მისი თქმით, გამორიცხული არ არის, ხელისუფლებამ ეს 500 კაციანი რაზმი სათავისოდ გამოიყენოს. ამის საწინდარი არა მარტო ამ შეიარაღებული ფორმირების ზოგიერთი წევრის კრიმინალური წარსული, არამედ მათი მატერიალური დაინტერესებაცაა.

„მე ყოველთვის იქ ვიყავი, სადაც ჩემს სამშობლოს უჭირდა, მათ შორის, იარაღით ხელშიც. მაგრამ დღიდან პოლიტიკაში მოსვლისა, ვცდილობ, ჩემს გუნდთან ერთად დავამყარო ისეთი პოლიტიკური კულტურა, რომელიც ქვეყანაში ხელისუფლებას ერთადერთი გზით, სამართლიანი არჩევნებით შეცვლის. სამწუხაროდ, ხელისუფლება არ იზიარებს ამგვარ ფუნდამენტურ პრინციპებს და უშუალოდ სააკაშვილის მითითებით დასავლეთ საქართველოში, რამდენიმე თვის განმავლობაში იქმნება ამგვარი შეიარაღებული ფორმირებები“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ და აღნიშნა, რომ სწორედ ახალაიებს დაავალა სააკაშვილმა მსგავსი ფორმირებების სამეგრელოში შექმნა.

ამ განცხადების შემდეგ ირაკლი ალასანია ჯონ ბასსაც შეხვდა, რომლის დასრულების შემდეგ არცერთ მათგანს კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, მანამდე, აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ  „წინასაარჩევნოდ გაკეთებული ნებისმიერი ბრალდება, რომელიც ძალადობის გამოყენების შესაძლებლობას ან მის წინასწარმეტყველებას უკავშირდება, ყურადღების მიქცევას საჭიროებს. ჯონ ბასის თქმით, ძალადობის ადგილი არ არის კონკურენტულ საარჩევნო ციკლში, დემოკრატიულ საზოგადოებაში და ყველა მხარემ უნდა უზრუნველყოს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რათა თავიდან ავიცილოთ ისეთი პროცესები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ძალადობრივი გარემოს შექმნა“.
ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში, ირაკლი ალასანიას განცხადებამდე სამი თვით ადრე, სამეგრელოს სოფლებში მოხალისე რეზერვისტთა რაზმების შექმნის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. სოფელ ჯიხაშკარის მკვიდრნი იმთავითვე საუბრობდნენ სამხედრო მანქანებით შეიარაღებული  ჯგუფების გადაადგილებაზე, რომელთა ვინაობაც მათ არ იცოდნენ. 
დღეს კი უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელია რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში აცხადებს, რომ ირაკლი ალასანიას მიერ მათთვის გაგზავნილ ინფორმაციაში მხოლოდ ყოფილი და მოქმედი პოლიციელებისა თუ სამხედროების გვარებია ჩამოთვლილი. მისი თქმით, ე.წ. სამხედრო ფორმირებების შესახებ სხვა ინფორმაცია არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს, რადგან ასეთი ფორმირებები საქართველოში წარსულს ჩაბარდა.

შეიარაღებული ფორმირებებისა და ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროების შესახებ Presage.tv პოლიტიკურ და სამხედრო ექსპერტებს ესაუბრა.  

ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, შეიარაღებულ ფორმირებებში შემავალი ადამიანები უკვე ღიად გამოჩდნენ. ეს არ არის დამალული ფაქტი და მათ უკვე ქალაქში დაიწყეს მოძრაობა.

„მე ვფიქრობ, ნებისმიერ ჟურნალისტს შეუძლია, ეს ხალხი ნახოს და დააფიქსიროს ისინი ასეთი მოძრაობების დროს. თავისთავად, ეს ინფორმაცია ძალიან შემაშფოთებელია. საინტერესოა, თუ რა პროცესთან გვაქვს საქმე და საით მიდის ეს ყველაფერი, რა არის ამ ფორმირებების შექმნის მიზანი - მხოლოდ ხალხის დაშინება-დათრგუნვა, რასაც ჩვენ შეჩვეულები ვართ, თუ უფრო სერიოზული პროვოკაციის მომზადება?! ვფიქრობ, ირაკლი ალასანიას მიერ დასმული კითხვები აბსოლუტურად ლეგიტიმური და ლოგიკურია“, - აღნიშნავს გია ხუხაშვილი.

მისი თქმით, ხელისუფლების პოლიტიკის გამო ქართულ საზოგადოებას მთელი რესურსი გამოცლილი აქვს, ამდენად, დღევანდელ სიტუაციაში ჩვენი ერთ-ერი მთავარი იარაღი ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან, რომლებმაც, შესაძლოა, ამ ყველაფერში გარკვეული შემაკავებელი როლი ითამაშონ.

„ბუნებრივია, ირაკლი ალასანიას მხრიდან ამ საკითხისადმი ზუსტად დიპლომატების ყურადღების გამახვილება აბსოლუტურად სწორი იყო“, -აცხადებს გია ხუხაშვილი.         

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი შეიარაღებული ფორმირებების შექმნაზე ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა აღნიშნავს, რომ რეზერვის მომზადება კონსტიტუციით მიღებული ნორმაა და ამაში პრობლემას ვერ ხედავს. ამდენად, მისი აზრით, სულ ერთია, რეზერვისტობა  ნებაყოფლობითია თუ სავალდებულო, ისევე, როგორც ეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჯარისკაცების გაწვევის, ან კონტრაქტით მსახურების დროს ხდება.

„ეს მთავარ პრობლემად მაშინ იქცევა, თუ ვინ როგორ გამოიყენებს შეიარაღებულ ხალხს. მე ვერ გეტყვით, წინასაარჩევნოდ შეიარაღებულ ხალხს როგორ გამოიყენებენ. ძალიან რთულია ამის ვარაუდი, მაგრამ ყველა მხარემ კონსტიტუცია უნდა დაიცვას. ეს არის მთავარი“.

ამასთან, სამხედრო ექსპერტის თქმით, ნებაყოფლობითი რეზერვი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამდეც იყო და ეს რეზერვთან დაკავშირებით კანონშიც აისახებოდა. 

„ნებაყოფლობითი რეზერვი მანამდეც იყო და ამის შესახებ სტატიაც დამიწერია. ამიტომ აქ რაღაც დიდი სიახლე არაა. რაც შეეხება სამოქალაქო ომს, ღმერთმა დაგვიფაროს, რაზეა საუბარი?! ყველაფერი ჩვეულებრივი არჩევნებით უნდა გადაწყდეს, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ასეა და, თუ გვინდა, ვიყოთ დემოკრატიული ქვეყანა, არჩევნებამდე უნდა მივიდეთ“, - გვითხრა ირაკლი ალადაშვილმა. 

„ქართული ოცნების“ თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში შეიარაღებული ფორმირებების შექმნის თაობაზე ზოგად ინფორმაციას იგი ფლობდა, თუმცა ირაკლი ალასანიამ ამის შესახებ კონკრეტულად ისაუბრა და კონკრეტული პიროვნებებიც დაასახელა. ამასთან, სესიაშვილის თქმით, ირაკლი ალასანიას სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციებიც მოეპოვება, რომელთა საჯაროდ გაჟღერებაც გარკვეულ ინტერესთა დამაზიანებელი იქნება.

„ეს ინფორმაცია საგანგაშოა, ამიტომ ირაკლი ალასანია მზად არის, უშიშროების საბჭოს დამატებითი დეტალები გააცნოს და პრევენციული ხასიათის ღონისძიებების გასატარებლად იმუშაოს. ჩვენი კოალიცია მაქსიმალურს აკეთებს, რათა ქვეყანაში არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდეს. რაც მთავარია, მინიმალური რისკებით, გამოწვევებით მივიდეთ არჩევნებადე, რომ, პირველ რიგში, სახელმწიფო ინტერესები არ დაზიანდეს“.

სესიაშვილის თქმით, ხელისუფლების მოქმედება, მათ კოალიციაზე მეტად, სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს და სერიოზულ პრობლემებს უქმნის, მათ შორის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

შეკითხვაზე, ხედავს თუ არა სამოქალაქო ომის წინაპირობას, რადგან სამოქალაქო ომის შემთხვევაში, ორივე მხარე შეიარაღებული უნდა იყოს (და არა ერთი მხარე, როგორც ამ შემთხვევაშია), ირაკლი სესიაშვილი აცხადებს: „ჩვენ ამ სიტყვის ხსენებაც კი არ გვსურს, რამდენადაც მხოლოდ ცივილიზებულ მიზნებზე ვართ ორიენტირებულნი. ხელისუფლებაში მოვდივართ არა სკამების დასაპატრონებლად, არამედ დემოკრატიული სახელმწიფოს შესაქმნელად“.

სამხედრო ექსპერტის თქმით, მათი სურვილია, ხელისუფლება გონს მოეგოს და ის საფრთხეები აღკვეთოს, რომელმაც, შესაძლოა, ძალადობა წარმოქმნას.

„სამოქალაქო ომის შემთხვევაში, ადგილი აქვს ძალისმიერ შეიარაღებულ დაპირისპირებას, ჩვენი კოალიცია და ძირითადი პოლიტიკური სპექტრი, რა თქმა უნდა, არანაირ შეიარაღებასა და ძალადობას არ აპირებს. ეს ყველასთვის ცხადია და, ვინც ამას ჩვენს მიმართ იტყვის, ასეთ ტყუილს არავინ დაიჯერებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - ქვეყნის გარეთ. რა საფრთხეებსა და რისკებსაც ვხედავთ, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ხელისუფლებისგან მომდინარეობს. ხელისუფლება ხედავს, რომ ძალაუფლების შენარჩუნების პოტენციალი არ აქვს, ამისთვის სულ უფრო მეტ ძალადობრივ საშუალებას მიმართავს“, - მიიჩნევს ირაკლი სესიაშვილი.