როგორ „მოიტყვანა“ სააკაშვილმა ტექნიკურ უნივერსიტეტში გაზაფხული

როგორ „მოიტყვანა“ სააკაშვილმა ტექნიკურ უნივერსიტეტში გაზაფხული

„სოციალურად „გეპეის“ სტატუსი იყო, რომ, თუ ვერსად მოეწყობოდი, მერე აუცილებლად შეგტენიდნენ გეპეი-ში. ლამის, ეს სასჯელის ტოლფასი იყო... ჩვენ გვჭირდება ნამდვილი პროფესიონალები, ტექნოლოგები, ინფორმატიკოსები, ინჟინრები,“ - ასე შეაფასა საბჭოთა დროინდელი „გეპეიშნიკობა“ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას. 

პრეზიდეტის ასეთმა დამოკიდებულებამ ყოფილი „გეპეელების“ აღშფოთება გამოიწვია. ისინი მიიჩნევენ, რომ თავის დროზე ტექნიკურ უნივერსიტეტში საკუთარი ცოდნით ჩააბარეს და შესაბამის პროფესიასაც წარმატებით დაეუფლნენ.

მართალია, სააკაშვილმა იქვე დაამატა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის სულის იმიტირება შეუძლებელია, და, ზოგადად, ძველ უნივერსიტეტებში სხვაგვარი სული ტრიალებს, (როგორც ჩანს, პრეზიდენტმა აღიარა, რომ ამ აურას ე.წ. ჩარეცხილი ლექტორები ქმნიდნენ), მაგრამ პრეზიდენტის ნათქვამი უკვე მოხვდა ყოფილი „გეპეელების“ გულს.

ეტყობა, პრეზიდენტს დაავიწყდა, რომ მის მიერ შერისხულ გეპეი-ში თავის დროზე ვანო მერაბიშვილი, გია ბარამიძე, ვახტანგ ბალავაძე, მთავრობის სხვა ჩინოვნიკები და თვით კობა ხაბაზიც სწავლობდნენ. Presage.tv-მ კობა ხაბაზთან დაკავშირება სცადა იმის გასარკვევად, რომ იგი მართლაც თავისი ცოდნით ჩაირიცხა ტექნიკურ უნივერსიტეტში და იქ არავის ძალით არ შეუყვანია, თუმცა კობა ხაბაზს გამორთული ჰქონდა მობილური.   

გეპეი-ს კურსდამთვრებული, ინტერნეტგამოცემა Presage.tv-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი გია იაკობაშვილი ტექნიკურ უნივერსიტეტში პრეზიდენტის გამოსვლას ავადმყოფი, დაკომპლექსებული, ბოროტი ბიჭის საუბრად აღიქვამს.

„პირადად მე აღნიშნული განცხადებით ძალიან შეურაცხყოფილი ვარ. არ ვიცი, რამდენად გრძნობენ თავს შეურაცხყოფილად ის ადამიანები, რომლებსაც დღეს მთავრობაში, პარლამენტში ან მმართველ პარტიაში პოსტები უჭირავთ. თუნდაც იგივე ვანო მერაბიშვილი, კობა ხაბაზი, გია ბარამიძე და სხვები. სააკაშვილის აზრების გადმოცემის მანერას, გამომეტყველებას რომ შეხედოთ, მიხვდებით, რომ იგი არაადექვატურია. რაც შეეხება იმ აზრს, რაც ჩამოაყალიბა (თუ ამას აზრი შეიძლება ეწოდოს), უამრავი ადამიანისთვის, ვისაც აღნიშნული უმაღლესი დაუმთავრებია, შეურაცხმყოფელი იყო. გამოდის, „გეპეი“-სა და მოგვიანებით უკვე ტექნიკური უნივერსიტეტის არსებობა გუშინდელი დღიდან იწყება, ანუ იმ დღიდან, რაც პრეზიდენტადწოდებული მივიდა ტექნიკურ უნივერსიტეტში და აღნიშნული განცხადება გააკეთა,“ - აღნიშნა გია იაკობაშვილმა.

ამასთან, იგი მიიჩნევს, რომ, როგორც ჩანს, თვითონ სააკაშვილისთვისაა ეს ქვეყანა არაპრესტიჟული, ამიტომაც „წავიდა უკრაინაში და „კაგებეშნიკმა“ ბიძამისმა „შეტენა“ კიევის უნივერსიტეტში“.

„ამასთან დაკავშირებით კიდევ ცალკე ისტორიები არსებობს, თუ რატომ მოხდა მისი გარიდება საქართველოდან. საერთოდ კი, სააკაშვილმა ჩვენ კი არ მოგვაყენა შეურაცხყოფა, არამედ - საკუთარ თავს. ალბათ, ამ საკითხში ფსიქიატრები უნდა ჩაერთონ და, შესაძლოა, ნარკოლოგებიც. რა გითხრათ... კაცი „მოიყვანას“ ნაცვლად „მოიტყვანას“ რომ იტყვის და რამდენჯერმე გაიმეორებს, ის ან მთვრალია, ან კაიფშია და ანაც არ იცის, რომელი სიტყვა როგორ გამოითქმის“, -აცხადებს გია იაკობაშვილი. 

„ამ ქართველმა „იდიოტებმა“ ააშენეს რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, საავტომობილო და სატრაქტორო ქარხნები, თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა, ენგურის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც უნიკალური იყო თავისი მონაცემებით, და მრავალი სხვა სამრეწველო ობიექტი, ქართველი ინჟინრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დიდი წარმატებით მოღვაწეობდნენ, სადაც მათ სიამოვნებით იწვევდნენ სამუშაოდ,“- აცხადებს ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტექნიკური ინსტიტუტი კურსდამთავრებული, ბესო გაბუნია. მისი თქმით, ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართ პრეზიდენტის გამონათქვამი იმ ხალხის ხსოვნის წინაშეა შეურაცხმყოფელი, რომლებმაც ქართულ საინჟინრო აზრის განვითარებას და მსოფლიო მნიშვნელობის სკოლების შექმნას  სიცოცხლე შესწირეს.

ამასთან, ბესო გაბუნია იხსენებს იმ წლებს, როცა იგი მაშინდელ „გეპეიში“ ჩაირიცხა. მაშინ მან სულ ორი გამოცდა ჩააბარა და ისიც - კომპიუტერთან, რომელიც იმ წლებში „გეპეიში“ არსებობდა. ასე რომ, მისი თქმით, გამომცდელთან შეხება და ქრთამის გადახდა ფიზიკურად შეუძლებელი იყო.

„გეპეი“-ში  არსებობდა მრავალი წარმატებული ფაკულტეტი, რომლის კურსდამთავრებულებიც მთელი პლანეტის  მასშტაბით სხვადასხვა სპეციალობით უდიდეს სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებსა და წარმოებებში მუშაობდნენ. მეხუთე კურსზე ვიყავი, როცა „გეპეი“-ში არსებულ კოსმოსის შემსწავლელ ინსტიტუტში სადიპლომო ნამუშევარი შევასრულე. საკითხი ეხებოდა ორბიტალური რადიოანტენების შემადგენელი კომპონენტების ტექნოლოგიურ დამუშავებას. ინსტიტუტი დაკომპლექტებული იყო უნიკალური სპეციალისტებით. 1990-იანი წლების ბოლოს ეს ანტენა კოსმოსში წარმატებით გავიდა, რაც ქართული საინჟინრო აზრის დიდი წარმატება იყო“, - იხსენებს ბესო გაბუნია.

მისი თქმით, ეს არ იყო ინსტიტუტი, სადაც ვიღაცებს „ტენიდნენ“. მეტიც, სწორედ ამ „ჩამორჩენილმა“ ქართულმა საინჟინრო აზრმა აითვისა  იტალიიდან შემოტანილი უახლესი ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობის მანქანათმშენებლობის კუთხით. ბესო გაბუნიას თქმით,  საქართველოში იწარმოებოდა მცირეგაბარიტიანი ტრაქტორები, რაც დღეს ჰაერივით სჭირდება ქართულ სოფლის მეურნეობას, რომლის აღორძინებაზე მავანნი ბევრს გაჰკივიან.    

„ეტყობა, თვითონ ჰქონდა პრობლემები პრეზიდენტს, როცა სკოლა დაამთავრა და შანსი არ ჰქონდა, სადმე ჩარიცხულიყო. ამიტომაც ახსენებს ამას ხშირად. ჩემს გარშემო მე არ გამიგია, რომ ვინმე ჩაწყობით მოხვდა, ასეთი რამ სტუდენტებში უთუოდ გახმიანდებოდა. ალბათ,  გამონაკლისი შემთხვევები იყო, როცა გადასახადის საფასურად ეწყობოდნენ“, -აცხადებს ბესო გაბუნია და გამოცდილი ტექნიკოსების გაჭირვების პერიოდსაც იხსენებს, როცა 90-იან წლებში პოლიტექნიკური ინსტიტუტის კათედრის დოცენტები და პროფესორები ვაგზლის ბაზრობაზე ორცხობილას ყიდდნენ.

„მართლია, ტექნიკური სფეროს სპეციალისტებმა ბოლო 20 წლის განმავლობაში დეკვალიფიკაცია განიცადეს, მაგრამ 21-ე საუკუნის საქართველო ინჟინრის გარეშე ვერ წარმომიდგენია. კვალიფიციური ინჟინრები დღეს ასაკოვანნი არიან და, თუ სახელმწიფომ არ განავითარა ეს მიმართულება, იმავე სიტუაციაში ჩავვარდებით, როგორც 50 წლის წინ ჩრდილო აფრიკის, სამხრეთ ამერიკისა და აზიის  ქვეყნები, რომელთა საინჟინრო კუთხით ამოქაჩვა უწევდათ ზუსტად იმ ქართველ ინჟინრებს, რომლებიც „ქრთამით იყვნენ მოწყობილნი“. შესაძლოა, სამშობლოში მათ ქრთამებით, ნათესაობით, ნეპოტიზმით გაეტანათ თავი, მაგრამ, თუ არაფერი იცოდნენ, იქ, სადღაც უდაბნოში, ასუანის კაშხლის მშენებლობაზე მათ არავინ გააჩერებდა და უკან გამოისტუმრებდნენ, რადგან ამ ინჟინრებს ის ღარიბი სახელმწიფოები მყარ ვალუტას ტყუილად არ გადაუხდიდნენ“, - აღნიშნავს ბესო გაბუნია.

ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი, ანზორ საკანდელიძე Presage.tv-სთან საუბარში  აცხადებს, რომ გპი-ში გამონაკლისის სახით ხდებოდა ჩაწყობები, რაც მთლიან კონტიგენტზე გავლენას არ ახდენდა; აბიტურიენტების ძირითადი, 90% კი მართლაც თავისი ცოდნით ეწყობოდა და ბრწყინვალე მეცნიერებიც გამოდიოდნენ. თუმცა, რა გასაკვირია, რომ კომუნისტების დროს სპორტსმენებსა და ხელოვანებს უმაღლესში ჩარიცხვისას პრივილეგია ჰქონდათ.  

„ყველაფერი საბჭოთა მოსაშლელი არ იყო. გამორჩეული სპეციალობებიც იყო, სადაც უდიდესი კონკურსი ტარდებოდა და ერთ ადგილზე 10-15-20 აბიტურიენტი მოდიოდა. სამედიცინოსთან, იურიდიულთან შედარებით, გპი-ში  ნაკლები კონკურსი არ ყოფილა“.

ანზორ საკანდელიძე აცხადებს, რომ ამჟამად ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის დონე ძალიან დაბალია, რის გამოც იგი, როგორც ლექტორი, კარგა ხანია, ლექციებზე არ შესულა.

„ლექციებს აღარ ვკითხულობ, რადგან სტუდენტი ვერ მოგყვება, მათემატიკის ელემენტარული ცოდნა არ აქვს, რაც სასკოლო ასაკიდან მოდის. სამკუთხედის ფართობის ანგარიში არ იცის ხალხმა და რა პროექტები უნდა გააკეთებინო?! ამიტომაც ტექნიკური უნივერსიტეტიდან ამოიღეს საინჟინრო ფაკულტეტები, რომლებიც თაობებს კარგ სპეციალისტებად აყალიბებდა. ტექნიკუმის დონეზეც კი ვეღარ ვუშვებთ კადრებს“, - გვითხრა საკანდელიძემ.

ამასთან, ანზორ საკანდელიძე აღნიშნავს, რომ მან 1963 წელს დაამთავრა „გეპეი“ და ეს უმაღლესი იმდენად ძლიერ კადრს ზრდიდა, რომ რუსეთში პირდაპირ ინჟინრებად მიდიოდნენ და აქაურ კადრებს საზღვარგარეთაც ეძებდნენ.

ანზორ საკანდელიძის აზრით, ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნა აკვიატებაა, რადგან ლაბორატორიები, ტექნიკური ბაზა თბილისშია.

„მე მიკვირს, რატომ უნდათ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ბათუმში გადატანა, მაშინ, როცა ტექნიკურ უნივერსიტეტში უნიკალური ლაბორატორიული ბაზაა. ძეგლების არ იყოს, რა წაღება-წამოღება აუტყდათ? ხომ გვაქვს ტრადიციული ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელსაც ფილიალები ბათუმშიც ჰქონდა, ქუთაისშიც, აჭარაშიც, ტყიბულშიც, ჭიათურაშიც“.

პრეზიდენტის სტუმრობის შემდეგ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ივანე მეფარიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა შეურაცხყოფა მიაყენა მათ უნივერსიტეტს.

„ტექნიკურ უნივერსიტეტში პრეზიდენტის სიტყვის შემდეგ აღშფოთებულმა სტუდენტებმა მითხრეს, რომ სააკაშვილს თურმე ისიც უთქვამს, ცხოველებიც კი ირიცხებიან ტექნიკურ უნივერსიტეტშიო. ამგვარი შეფასება ჩვენთვის შეურაცხმყოფელია. ნაცვლად იმისა, პრეზიდენტს სტუდენტებისთვის შეურაცხყოფა არ მიეყენებინა, აჯობებდა, ეთქვა, რა გააკეთა, რათა წარჩინებული სტუდენტები თანხის უქონლობის გამო ტექნიკური უნივერსიტეტიდან არ გაერიცხათ. ან კიდევ, რას ნიშნავს სტუდენტების დაბოლება ერთჯერადი დასაქმების პიარ-აქციით, რომელიც ივლისში დაიწყება?“ - კითხულობს მეფარიშვილი.

მეტიც, ივანე მეფარიშვილის თქმით, სახელმწიფოს არაფერი გაუკეთებია სტუდენტებისთვის.

„ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ასეთი მაღალი კონკურსი სხვაგან სადაა?! თუმცა მონდომებული სტუდენტები სწავლის დაბალი ხარისხის გამო განათლებას ვერ იღებენ. განათლების უხარისხობას ლექტორების გამოუცდელობას ვერ დავაბრალებ, რადგან იგივე ლექტორები თსუ-ში თუ კავკასიის უნივერსიტეტშიც წარმატებით კითხულობენ ლექციებს. უბრალოდ, გეპეი-ში სხვა ფაქტორებია, რის გამოც სწავლის ხარისხი დაბალია, ნიშნების დაწერა ნაცნობობით ხდება და არა - დამსახურებით“, - გვითხრა ივანე მეფარიშვილმა.     

ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი არჩილ მოწონელიძე აცხადებს, რომ ბოლომდე  რთულია იმის თქმა, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაწყობით ხვდებოდნენ, მაგრამ აღებ-მიცემობის პერიოდი მაშინ ყველა უმაღლესმა სასწავლებელმა გაიარა.

„ბუნებრივია, არც „გეპეი“-იყო გამონაკლისი, მაგრამ არა - ტოტალურად. 70-80-იან წლებში „გეპეი“  მამაკაცებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლად ითვლებოდა. ამდენად, მე არ ვიცი, რომელ პერიოდს გულისხმობდა პრეზიდენტი, როდესაც ასეთი რამ თქვა. თავის დროზე ტექნიკურ უნივერსიტეტში მეც ჩავირიცხე, თანაც, ძალიან წესიერად ჩავირიცხე. ჩემთან უამრავი მცოდნე სტუდენტი იყო, რომელიც, ასევე, საკუთარი ცოდნით ჩაირიცხა“, - აღნიშნა არჩილ მოწონელიძემ Presage.tv-სთან კომენტარში.

ამის მიუხედავად, ყოფილ რექტორს „გეპეი“-სთვის შეურაცმხყოფელად არ მიაჩნია პრეზიდენტის ნათქვამი, რადგან ფულით ჩარიცხვის უამრავი შემთხვევაც არსებობდა. არჩილ მოწონელიძის თქმით, რომ არა ასეთი შემთხვევები, მაშინ მისაღები გამოცდების სქემა არ შეიცვლებოდა.

„ეროვნული გამოცდები ამისთვის დაიწყეს, რომ აღებ-მიცემობას ბოლო მოღებოდა, მაგრამ ეს მარტო „გეპეი“-ში კი არა, ყველა პრესტიჟულ უმაღლესში ხდებოდა. რა, სამედიცინოზე არ იყო ან სხვაგან?“ - აცხადებს არჩილ მოწონელიძე.

რაც შეეხება ბათუმს, ყოფილი რექტორი მიიჩნევს, რომ იქ მაღალანაზღაურებადი, საერთაშორისო ტექნიკური უნივერსიტეტი აშენდება, სადაც ისწავლიან როგორც ქართველები, ისე - ყველა მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული სტუდენტები.

ჩვენ ვესაუბრეთ ტექნიკური უნივერსიტეტის ახლანდელ რექტორს, არჩილ ფრანგიშვილს. მისი თქმით, ყველა უმაღლეს სასწავლებელს ჰქონდა პიკისა და დაცემის ეტაპი და ეს ცხოვრებისეული ამბავია. თუმცა, იმის გამო, რომ არჩილ ფრანგიშვილს პრეზიდენტის გამოსვლა არ მოუსმენია, იგი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

„იყო პერიოდი, როცა ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლება მაღალ დონეზე იყო, თუმცა მოგვიანებით, ტექნიკური საგნები არავის აინტერესებდა, და, შესაბამისად, ადვილი იყო ტექნიკურზე მოხვედრა, ვიდრე - ჰუმანიტარულზე. ამდენად, მოსალოდნელი იყო, რომ „გეპეი“-ში აბიტურიენტები იოლად მოხვედრილიყვნენ“.