სვანეთის საგანძურზე არშემდგარი მორიგების დეტალები

სვანეთის საგანძურზე არშემდგარი მორიგების დეტალები

ეროვნული მუზეუმი მიიჩნევს, რომ სვანეთის საგანძურთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხი გაცემულია. სამართლებრივი უსაფუძვლობისა და ბუნდოვანების გამო ჩემს მიერ შეტანილი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ ამასთან, მე შემიძლია შევიარო მუზეუმში და ხელახლა გავიაროთ ის საკითხები, რომელიც მაინტერესებს.

ანუ, 14 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჩემს მიერ შეტანილი სარჩელის არსებით განხილვაზე ეროვნულმა მუზეუმმა, რომელსაც ადვოკატი ირაკლი შარაბიძე წარმოადგენდა, ჩემი აზრით, თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო - ერთი მხრივ მიდიოდა იმის მტკიცება, რომ ჩემს კითხვებზე პასუხი უკვე გაიცა და მეორე მხრივ იხვეწებოდნენ, რომ მუზეუმში გამევლო, მათთან ერთად დავმჯდარიყავი და ხელახლა გაგვევლო ის საკითხები, რაც მაინტერესებდა. ეს შეთავაზება სასამართლო სხდომაზე, რომელსაც მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი უძღვებოდა, მუზეუმის წარმომადგენელმა რამდენჯერმე გაიმეორა.

„რა საჭიროა სასამართლო?! მე ვიღებ ჩემს თავზე, შეგახვედრებთ შესაბამის პირებს. შეიძლება ბატონი დავით ლორთქიფანიძე აქ არ იყოს, ის დღესაც არ არის თბილისში, მაგრამ სხვა უფლებამოსილ პირებს შეგახვედრებთ. დავსხდეთ, გავიაროთ რა ინფორმაციაც არ მოგეწონათ, რისი დაზუსტებაც გინდათ, ის საკითხები დავაზუსტოთ. სვანეთის საგანძურთან დაკავშირებულ საკითხზე მყარად ვართ, რადგან ღრმად დარწმუნებულები გახლავართ, რომ საგანძური საუკეთესო პირობებში იყო, არის და იქნება“, - ასეთი გახლდათ ადვოკატ ირაკლი შარაბიძის პოზიცია, რომელმაც ეროვნული მუზეუმის სახელით მორიგება შემომთავაზა, რაზეც ჩემი და ჩემი უფლებების დამცველი ადვოკატის, მამუკა ნოზაძისგან უარი მიიღო, რადგან ერთხელ უკვე გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე არასრულყოფილი პასუხი გამცეს და ამავდროულად მიმითითეს, რომ ამიერიდან მუზეუმი სვანეთის საგანძურთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხს მხოლოდ გამოძიებას გასცემს.

მუზეუმის პოზიციის ალოგიკურობა იქიდანაც ჩანს, რომ სასამართლო სხდომაზე შესაგაბელთან ერთად მტკიცებულების სახით წარმოადგინეს  2011 წლის 5 დეკემბერს presage.tv-ზე გამოქვეყნებული ჩემს მიერ მომზადებული სტატია, სათაურით - სვანეთის საგანძურზე შეტანილ საჩივარზე პროკურატურამ რეაგირება მოახდინა. მუზეუმის პოზიცია ასეთია - რადგან მე (გარკვეულ პირებთან ერთად) ხელი მოვაწერე ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარს, იმავე საკითხთან დაკავშირებით, რაც საჯარო ინფორმაციის სახით მაქვს გამოთხოვილი, მე ვარ მხარე და გამომდინარე აქედან, მუზეუმი, „როგორც ამავე საქმის მეორე მხარე უფლებამოსილია დააფიქსიროს პოზიცია და განაცხადოს, რომ იგი, როგორც უკვე მხარე, პასუხს გასცემს გამოძიების პროცესში დასმულ კითხვებს“.

ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლებს ან შავით თეთრზე დაწერილის გარკვევით წაკითხვა არ შეუძლიათ, ან თავს წინასწარ აცხადებენ დამნაშავეებად და ამას წერილობითაც ადასტურებენ.

საქმე ისაა, რომ 2011 წლის 18 ნოემბერს მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას სახელზე საჩივარი (რომელსაც შოთა გლურჯიძესთან, სოსო მანჯავიძესთან, თეა წულუკიანთან, დავით ლილუაშვილთან, მანანა კვაჭაძესთან, მაია ბარნაველთან, მირონ ფირცხელანთან, თამარ იმნაძესთან, ლია სიხარულიძესთან, არჩილ ლეკიშვილთან, ადა მარშანიასთან და ირმა ინაშვილთან ერთად ხელს მეც ვაწერ) ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ არ შესულა. საჩივარში აღნიშნულია, რომ „ადგილი აქვს საქართველოს კანონმდებლობით დაცული კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანების, ან განადგურებისკენ მიმართულ მოქმედებებს“.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელმომწერებმა საქართველოს მთავარ პროკურორს ვთხოვეთ გამოეყენებინა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, შეესრულებინა თავისი ვალდებულება და დაეწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, იმის გამოსაკვლევად, თუ ხელისუფლების კონკრეტულად რომელი უფლებამოსილი წარმომადგენლების მხრიდან იქნა ჩადენილი დანაშაული (საჩივრის სრული ტექტის მოძიება ინტერნეტში ამ სათაურითაა შესაძლებელი - „სვანეთში დაცულ საგანძურზე პროკურატურაში საჩივარი შევიდა“).

პლუს ამას, საჩივარს არაფერი აქვს საერთო საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან, რაშიც მე და მამუკა ნოზაძეს ირაკლი შარაბიძეც დაგვეთანხმა.

სასამართლოში სარჩელის შეტანამდე აუცილებელი პროცედურების გავლა სასიამოვნო ნამდვილად არ არის, თუნდაც დროის და ენერგიის დაკარგვის თვალსაზრისით, მაგრამ ამის გაკეთება სწორედ ეროვნულმა მუზეუმმა მაიძულა, რადგან ინტერვიუს ჩაწერაზე უარი მითხრეს, არ გენდობით, წერილობით მოგვმართეთო. ასეც მოვიქეცი და ამავდროულად, მათი პასუხების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი გამოვითხოვე, მაგრამ კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხების გაცემისა და დოკუმენტების ასლების მიღების ნაცვლად, ადგნენ და ეროვნული მუზეუმის ვებ-გვერდზე 2011 წლის 21 ნოემბერს გამოქვეყნებული განცხადება გადმოწერეს, რამდენიმე წინადადება მიამატეს და გამომიგზავნეს. ეს იყო მათი პასუხი. ადმინისტრაციული საჩივარი შევიტანე და არ განიხილეს. აი, ამის შემდეგ მივმართე საქალაქო სასამართლოს და ახლა მეუბნებიან რა საჭიროა სასამართლოო.

მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილს კითხვები მხოლოდ ეროვნული მუზეუმის წარმომადგენელთან ჰქონდა. მოსამართლე დაინტერესდა იყო თუ არა მუზეუმში იმ დოკუმენტების ასლები, რომლებიც გამოთხოვილი მქონდა - მოსარჩელე განცხადებებში გარკვეული დოკუმენტების ასლების წარდგენას ითხოვდა, რაც არ მიგიწვდიათ და როგორ გავიგოთ, ეს დოკუმენტები მუზეუმში არის თუ არაო.

ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლის პასუხი ჩემი აზრით შთამბეჭდავი იყო - „რაღაცეები ალბათ არის, რაღაცეები არ არის“. მოსამართლემ კითხვა შეუბრუნა - რაც იყო, ის რატომ არ მიეცითო.

ამ კითხვაზე პასუხი ჩემი აზრით, შეუდარებელი გახლდათ - „რა ვიცი. რატომ უნდა ვიცოდე?! მე ვარ ადვოკატი, ჩემი საქმე მაქვს, ჩემს საქმეს ვაკეთებო“.

კითხვებზე პასუხის გაცემა 25 წუთი გაგრძელდა. რადგან ეროვნული მუზეუმი თვლის, რომ კითხვებზე უკვე მიპასუხა და ამავდროულად, ჩემი სასარჩელო მოთხოვნა სამართლებრივად გაუმართავი იყო, მე ხელმეორედ მომიწია იმ კითხვების დასმა, რომლითაც მათ 2011 წლის 30 ნოემბერს და 6 დეკემბერს მივმართე. მე მუზეუმის წარმომადგენელს ვთხოვდი ჩემთვის მიეთითებინა კონკრეტულად სად, რომელ აბზაცში იყო დასმულ კითხვაზე პასუხი გაცემული. ეს რამდენად მოახერხა მუზეუმის წარმომადგენელმა, ამაზე პასუხის გაცემა რთული არ არის, თუ ადამიანი წინ დაიდებს ჩემს კითხვებს და მუზეუმიდან გამოგზავნილ პასუხს, რაც საბოლოოდ სასამართლოში შეტანილი სარჩელის საფუძველი გახდა.

როგორც სასამართლო სხდომაზე გაირკვა, ჩემს მიერ ე.წ. სპეციალურ კონტეინერებთან დაკავშირებით დასმული კითხვები მუზეუმში განხილვისას მიიჩნიეს სამუზეუმო ექსპონატების ჩასალაგებელ ყუთებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებად და შესაბამისად, პასუხიც ასეთი გამცეს - „მუზეუმის მხრიდან თქვენი კითხვა შეიძლება აღიქვეს ისე, რომ თქვენ კონტეინერებში გულისხმობდით ყუთებს, რომელშიც ექსპონატებია ჩალაგებული და არა დროებით ნაგებობას. ასე რომ ამაზე პასუხი გაცემულიაო“.

კიდევ ერთი შთამბეჭდავი პასუხი მივიღეთ, კითხვაზე - სად და როდის შეიძინეს ე.წ. კონტეინერები, რომლებშიც საგანძური 2011 წლის 28 ივნისიდან 2 დეკემბრამდე იყო დაბინავებული? - „რა მნიშვნელობა აქვს სად და როდის შეიძინეს? თქვენ ის უფრო გაინტერესებთ ექსპონატები როგორ არის დაცული, თუ კონტეინერები საიდან შემოიტანეს და ჩიკოპიტატას ფირმის იყო თუ სიმენსის?!“, - ასეთი იყო ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლის პასუხი, როცა ვთხოვდი მიეთითებინა მათ მიერ გამოგზავნილ დოკუმენტში იყო თუ არა გაცემული პასუხი ამ კონკრეტულ კითხვაზე. ირაკლი შარაბიძე მიიჩნევს, რომ „ამაშია მთელი უბედურება“, რომ მე ასეთი საკითხებით ვარ დაინტერესებული. ამასთან, არაერთ ჩემს კითხვაზე ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლის პასუხი იყო ასეთი - „არ გაგცემთ პასუხს. არა მაქვს ამ კითხვაზე პასუხი. არა ვარ ვალდებული გიპასუხოთ“.

და კიდევ, ეროვნული მუზეუმი ჩემი სარჩელის სამართლებრივ გაუმართაობას იმით ხსნის, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმის კომუნიკაციის სამსახურის 2011 წლის 9 დეკემბერს გამოგზავნილი დოკუმენტი (ანუ პასუხი ჩემს კითხვებზე) არ შეიძლება ჩაითვალოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად და გამომდინარე აქედან, არ უნდა დაკმაყოფილდეს ჩემი მოთხოვნა მისი ბათილად ცნობის შესახებ.

პლუს ამას, მუზეუმი მიიჩნევს, რომ მე ადმინისტრაციული საჩივრით კულტურის მინისტრისთვის არ უნდა მიმემართა.

„თქვენი უფლებები თუ ასე კარგად იცოდით, ადმინისტრაციული საჩივრით კულტურის მინისტრს რატომ მიმართეთო?“ - გვკითხა მუზეუმის წარმომადგენელმა და სანამ ჩვენგან პასუხს მიიღებდა, მოსამართლე დაინტერესდა განიხილა თუ არა მუზეუმმა 23 დეკემბერს სამინისტროდან მუზეუმში გადაგზავნილი ჩემი ადმინისტრაციული საჩივარი.

საჩივარი არ განგვიხილავს, რადგან კულტურის სამინისტროდან გადმოგზვანილი საჩივარი ადმინისტრაციული სამართალწარმოების დაწყების საფუძველი არ შეიძლებოდა გამხდარიყო, რადგან ამას თავისი პროცედურები გააჩნია - საჩივრით მათ დავით ლორთქიფანიძისთვის უნდა მიემართათ, რომელმაც ეგება-და, არც იცოდა მისივე დაქვემდებარებაში მყოფი კომნუნიკაციების სამსახურის მიერ 9 დეკემბერს გაგზავნილი წერილის შინაარსიო.

სასამართლო სხდომაზე, რომელიც საათი და ათი წუთი გაგრძელდა, ვესწრებოდით და მასში მონაწილოებას ვღებულობდით: მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი, სხდომის მდივანი, ეროვნული მუზეუმის წარმომადგენელი, მე და ჩემი უფლებების დამცველი ადვოკატი მამუკა ნოზაძე. როგორც მოსამართლემ განმარტა, საკითხის სირთულიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებას ადგილზე თათბირით ვერ გამოაცხადებდა.

იქნება თუ არა მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ობიექტური, ამას 29 მარტს, 10.30 წუთზე შევიტყობთ. სწორედ ამ დროსაა გადაწყვეტილების გამოცხადება დანიშნული.