ამომრჩეველთა სიები, უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში, საქართველოში არჩევნების ჩატარების პროცესში ყოველთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. როგორც წესი, გაბერილ საარჩევნო სიებს არსებული ხელისუფლება ხმების „ბეღელად“ იყენებს, რის გამოც ოპოზიცია თამაშგარე მდგომარეობაში რჩება. ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტი არჩევნებისთვის მზადება ყველა თვალსაზრისით უკვე დაწყებულია. ერთ - ერთი „დემოკრატიული“ ნაბიჯი, რაც ხელისუფლებამ შემოგვთავაზა, საარჩევნო სიების დაზუსტების კომისიის შექმნაა, რომელსაც „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე ხელმძღვანელობს. ამ კომისიის მუშაობის პროცესში 23 მარტიდან 6 აპრილამდე მოხდება სპეციალური ტრენერების მომზადება, რომლებიც შემდეგ 11 100 რეგისტრატორს ასწავლიან, როგორ უნდა ჩაატარონ მათ ე.წ. „კარდაკარის“ პროექტი. „კარდაკარი“ მამუკა კაციტაძის თქმით, 20 აპრილს დაიწყება და 10 ივნისს დასრულდება. ივნისის მეორე ნახევარში კი მოხდება თავად ამ პროექტის გადაკონტროლება და მისი შესრულების ხარისხის შემოწმება. მამუკა კაციტაძის თქმით, „კარდაკარი“ იქნება ის მეთოდი, რომელიც მმართველ პარტიას არ მისცემს საშუალებას ერთპიროვნულად გადაწყვიტოს ამომრჩეველთა სიების ბედი. კაციტაძე ამბობს, რომ „კარდაკარი“ არის ყველაზე არასასიამოვნო მეთოდი ხელისუფლებისთვის და ყველაზე სასიამოვნო მეთოდი ქართული სახელმწიფოსთვის და მისი საარჩევნო გარემოსათვის. Presage.tv-ს კითხვაზე, რამდენად უზრუნველყოფს „კარდაკარი“ საარჩევნო სიების პრობლემის მოგვარებას და არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, კაციტაძე პასუხობს: „საარჩევნო გარემო არ არის მხოლოდ ამომრჩეველთა სია. ამომრჩეველთა სია არის ერთ-ერთი სერიოზული მდგენელი საარჩევნო გარემოსათვის. გვაქვს ორი მეთოდი. ერთი მხრივ ეს არის კარდაკარი და მეორე მხრივ, არის სახელმწიფო სტრუქტურებიდან მიღებული ინფორმაციის გადამუშავება და დაზუსტება. ამ ორი მეთოდის მიხედვით, ჩვენ გადავამოწმებთ ამომრჩეველთა სიას, რაც ერთი მხრივ, ფაქტიურად გაუნოლებს ხელისუფლებას სიებით მანიპულირების საშუალებას, რაც მას ადრე ჰქონდა და მეორე მხრივ, საარჩევნო გარემოსთან მიმართებაში ამ ნაწილს, რასაც ამომრჩეველთა სიები ჰქვია, პრინციპში ნაკლებად პრობლემურად დატოვებს. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს იქნება აბსოლუტური შედეგი, რადგან აბსოლუტური შედეგები არ არსებობს, მაგრამ ეს იქნება აბსოლუტურთან მიახლოებული. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის სიებთან დაკავშირებული პრობლემა ნაკლებად იქნება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით სხვა პრობლემები არ იქნება, მაგალითად იგივე მედიასთან, იგივე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით, თუმცა აქაც არსებობს გარკვეული პრევენციები, რომლებიც ჩვენ პოლიტიკური მოლაპარაკების პროცესში მოვახდინეთ და საარჩევნო კოდექსში სპეციალური ჩანაწერები გაჩნდა, როგორც მედიამონიტორინგთან დაკავშირებით, ასევე უწყებათაშორისი კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც სწორედ ადმინისტრაციული რესურსის კონტროლის მექანიზმებს ქმნის. მაგრამ, თუ პასუხისმგებლობაზეა საუბარი, მე როგორც ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის ხელმძღვანელი, პასუხისმგებლობა ერთმნიშვნელოვნად შემიძლია სწორედ ამ სეგმენტზე ავიღო“. მამუკა კაციტაძის ხელმძღვანელობით მოქმედი კომისიის ეფექტურობის ნაკლებად სჯერა კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრს, დეპუტატ გია ცაგარეიშვილს. მისი თქმით, თუკი პასუხისმგებლობაზე დადგება საუბარი, ყველას მოუწევს პასუხისგება იმაზე, რაც კეთდება. ის მილიონი ლარი, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან ამ კომისიისთვის არის გამოყოფილი (ან გამოიყოფა) უნდა დაიხარჯოს საქმის კეთებისთვის და არა იმისთვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნები „გაუპრავდეს“. „ახალი მემარჯვენეების“ პარტიული აპარატის ნახევარზე მეტი, თუ არა სრული შემადგენლობა გადასულია ბატონი კაციტაძის აპარატში და ეს სახელმწიფო კომისია ლამის „ახალი მემარჯვენეების“ და სხვა პარტიული აქტივების დასაქმების ცენტრად გადაიქცა და ფაქტობრივად, სწორედ ამ პარტიების წარმომადგენლებმა დააკომპლექტეს ეს შტატები. ალბათ, ეს იყო ბატონი გამყრელიძის ერთ - ერთი მთავარი მონაპოვარი და ღმერთმა ხელი მოუმართოს ამ საქმეში,“ - აცხადებს გია ცაგარეიშვილი Presage.tv-სთან საუბარში. მისი თქმით, ერთია რა უნდათ „ახალ მემარჯვენეებს“ და მეორეა რა სურს ქართველ ხალხს. ქართველ ხალხს სურს გამართული სია, გასუფთავებული მკვდარი სულებისგან, გასუფთავებული საზღვარგარეთ გასული ჩვენი ამომრჩევლებისგან. ცაგარეიშვილი ამბობს, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოაბამს თავს ამ საქმეს ბატონი კაციტაძე და როგორ მოახერხებენ ამას ამ კომისიაში მოკალათებული პროსახელისუფლებო პარტიები და პროსახელისუფლო ექსპერტები. გია ცაგარეიშვილი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს ალტერნატიული მოქმედების გეგმა, რომელიც განხორციელდება მაშინ, როდესაც კაციტაძის კომისია დაიწყებს ე.წ. „კარდაკარის“ განხორციელებას. „მინდა გავაფრთხილო ყველა, რომ ყოველი ამომრჩეველი ჩვენს მიერ ჩატარებული რეალური „კარდაკარის“ ფარგლებში იქნება აღნუსხული, გამოვლენილი იქნება ყველა ის გადაცდომა, დარღვევა, თუ შეგნებული ქმედება, რაც კომისიის მიერ იქნება ჩადენილი. არავის ეგონოს, რომ „ქართული ოცნება“ ამ პროცესს გაემიჯნება და შორიდან მაყურებლის როლში იქნება. სახელმწიფო კომისიამ აკეთოს ის საქმე, რომელიც მას საარჩევნო კოდექსით და შესაბამისი დებულებით ეკისრება, მაგრამ უნდა იცოდნენ ბატონმა კაციტაძემ და სხვა ე.წ. ოპოზიციონერებმა, რომ ფხიზელი თვალი მათ უდარაჯებს, აკვირდება და ყველა ის ლაფსუსი, რასაც შევამჩნევთ, იქნება განსაჯაროებული საზოგადოების სამსჯავროზე. არავის მივცემთ ამ სიების კიდევ ერთხელ გაყალბების და ამომრჩევლის გაბითურების საშუალებას. ჩვენ ვიცით ბატონები კუბლაშვილი და მაჭავარიანი ქალბატონ გოგორიშვილთან ერთად როგორ სიებს დადებენ. თუ მათ ხელს არ შეუწყობენ მემარჯვენეები და სხვა ე.წ. ოპოზიციური პარტიები, იქნება ძალიან კარგი. თუკი ისინი ხელს შეუწყობენ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ საქმის კეთებაში, ძალიან ცუდი იქნება მათთვისაც და საზოგადოებისთვისაც. ამასთანავე, ეს კიდევ ერთხელ ნათელს მოჰფენს იმას, რომ ეს კომისია იმისთვის იყო შექმნილი, რომ უბრალოდ ადამიანები საკმაოდ მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმებულიყვნენ და ამით დასრულდება ყველაფერი. როგორც მოხდა თორთლაძის ყბადაღებული ანტიკრიზისული საბჭოს შექმნის შემთხვევაში და სხვა შემთხვევებში, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ერთპიროვნულად წყვეტდა სახელმწიფო კომისიების შექმნის საკითხს, რომელთა მუშაობაში ერთვებოდნენ ხოლმე გულმოცემული და გულაფეთქებული „ოპოზიციონერები.“ - აცხადებს ცაგარეიშვილი Presage.tv-სთან საუბარში. მისი თქმით, სააკაშვილმა და „ნაციონაულმა მოძრაობამ“ საქართველო ფაქტიურად დენთის კასრს დაამსგავსეს. საარჩევნო სიები კი, რომლის პრობლემაც ვერც ერთმა მთავრობამ ვერ მოაგვარა, არის საჯილდაო ქვა ძალიან ბევრი ადამიანისთვის და იქნება ლაკმუსის ქაღალდი მათ შორის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ კომისიას სათავეში ჩაუდგნენ. „დარწმუნებული ვარ, ნაციონალური მოძრაობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საარჩევნო სიები იყოს დამახინჯებული. სიების გადამოწმების რაღაც ეტაპზე, ბატონ კაციტაძეს უნდა თუ არა ეს (მას ამას არც არავინ ჰკითხავს) „ნაციონალური მოძრაობა“ ამ საქმეში ჩაერევა ზუსტად იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც ისინი ადრე ერეოდნენ სიების გადამოწმების პროცესში. კომისიაში არის რამდენიმე ექსპერტი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომლებიც ვფიქრობ, რომ თვალს არ დახუჭავენ, თუ იქ რამე კანონდარღვევა მოხდა. მე ამის იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ ამ ადამიანების წესიერებაში. ვფიქრობ, რომ მუდმივი პოლიტიკური, სამოქალაქო - საზოგადოებრივი მონიტორინგი აიძულებს ამ კომისიას კანონის ჩარჩოებში მოექცეს და იმოქმედოს ქართველი ხალხის, და არა ახალი მემარჯვენეების თუ ნაციონალური მოძრაობის ან ქრისტიან-დემოკრატების საკეთილდღეოდ. ეს ისეთი ჭაპანია, რომელიც ან წელში გაგწყვიტავს, ან გაგამარჯვებინებს. ბატონ კაციტაძეს და ბატონ გამყრელიძეს ასეთი არჩევანი უდგათ,“ - ამბობს ცაგარეიშვილი. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე Presage.tv-სთან საუბარში ამბობს,რომ კომისიას, რა თქმა უნდა, ექნება იმის შესაძლებლობა, რომ კარდაკარის პრინციპით გააკეთოს მაქსიმალურად სწორი სია, ანუ ამის პოტენციური საშუალება არსებობს. სხვა საკითხია, რამდენად უზრუნველჰყოფს ხელისუფლება მის დამოუკიდებელ მუშაობას, ან რამდენად მიიღებს იგი ამ კომისიის მიერ მიწოდებულ სიას. „ეჭვი მეპარება, რომ სიები, რომესაც მამუკას კომისია გააკეთებს იმდენად მაღალი ალბათობით იყოს ზუსტი, როგორც ეს მამუკას ჰგონია. იცით, აქ რამდენიმე საკითხია ერთმანეთზე გადაჯაჭვული. რატომ არის მამუკა დარწმუნებული იმაში, რომ ცდომილება ამ სიებში 20% მაინც არ იქნება, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. საუბარია იმაზე, რომ უამრავი ადამიანია ქვეყნიდან გასული, რომელთა აღწერა და საცხოვრებლის დადგენა არ იქნება მარტივი. საუბარია თავად კომისიის არა შემადგენლობაზე, არამედ იმ ხალხზე, ვინც ივლის ამ სიების დასაზუსტებლად. რა კატეგორიის ადამიანები იქნებიან ისინი, როგორ მოხდება მათი შერჩევა, არის თუ არა გარანტია, რომ ეს ადამიანები სწორედ იმ ინსტრუქციის მიხედვით მოახდენენ აღწერას, რასაც მათ კომისია მისცემს, ეს მეორე საკითხია. მესამე საკითხი კი თავად ხელისუფლების ინტერესია. ხოლო თუკი ინტერესზე ვსაუბრობთ, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, იმის თქმა, რომ ეს კარდაკარ მოსიარულე ადამიანები არ იქნებიან ხელისუფლების „მზრუნველობის“ ქვეშ, ცოტა ძნელია. ამიტომ, რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც იძლევა საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვის გამოთქმის საშუალებას, რომ სიები ვერ იქნება ზუსტი. ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, დაახლოებით 20%-იანი ალბათობა იქნება სიებში ცდომილებისა. რა თქმა უნდა, შეიძლება ამ კომისიას კიდევ რაღაც დამატებითი ღონისძიებები აქვს ჩაფიქრებული, მაგრამ ჩემთვის, ისევე როგორც მთელი საზოგადოებისთვის ეს ცნობილი არ არის. ჩვენ ვიცით მხოლოდ ის, რომ „კარდაკარი“ ჩატარდება იმავე პრინციპით, რითაც ადრე რამდენჯერმე მოხდა ამ სიების დაზუსტება. ეს არის ის საკითხები, რომლებიც მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ეს სიები ძალიან ნაკლებად იქნება მიახლოებული ჭეშმარიტებასთან“,- ამბობს ვახტანგ ძაბირაძე Presage.tv-სთან საუბარში. |