ზვიად ქორიძემ ირმა ინაშვილს უჩივლა

ზვიად ქორიძემ ირმა ინაშვილს უჩივლა

ზვიად ქორიძემ მედია-კავშირ “ობიექტივისა“  და მისი ხელმძღვანელის, ირმა ინაშვილის წინააღმდეგ “ტვ 25“-ის თვითრეგულირების ორგანოში, იგივე კომისიაში საჩივარი შეიტანა. Presage.tv-ს მიერ მოპოვებული ეს ინფორმაცია თავად  ზვიად ქორიძემ დაგვიდასტურა, მაგრამ ინტერვიუზე კატეგორიული უარი განგვიცხადა.

ქორიძის საჩივართან დაკავშირებით “ტვ 25“ თავის პოზიციას ხვალ, 20 მარტს დააფიქსირებს, რადგან საჩივარი, რომელიც მათ უნდა განიხილონ, ტელეკომპანიაში დღეს, 19 მარტს შევიდა. ამის შესახებ Presage.tv-ს განუცხადა “ტვ 25“-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, მაია მერკვილაძემ. ის დაგვპირდა, რომ ხვალ გადმოგვცემს საჩივრის ტექსტს.

საქმე იმაშია, რომ “ობიექტივის“ გადაცემები ყოველდღიურად (8 საათის განმავლობაში) “ტვ 25“-ის ეთერით გადის. დაუზუსტებელი ინფორმაციით, საქმე სწორედ “ობიექტივის“ იმ გადაცემას ეხება,  რომელშიც საუბარი იყო თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულების ფარგლებში, ბათუმში “აზიზიეს მეჩეთის“ აშენება-არაშენების საკითხსა და ამ თემასთან მიმართებაში ზვიად ქორიძის ღონისძიებას.

საჩივრის შესახებ ინფორმაცია ირმა ინაშვილმა Presage.tv-სგან გაიგო და ამ თემაზე კომენტარის გაკეთებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა - “ჯერ გავეცნობი რას ჩივის ზვიად ქორიძე და შემდეგ ვისაუბრებ. პარალელურად დავინტერესდები ზვიად ქორიძეს რაიმე საჩივარი ხომ არ შეუტანია “იმედის“, “რეალტივის“, ან “რუსთავი 2“-ის და ამ ტელეკომპანიების წარმომადგენლების წინააღმდეგ“.