ბოლო ორი კვირაა ხელისუფლება მიზანმიმართულად ებრძვის საქართველოს საზოგადოების ნაწილს, განსხვავებული აზრის და პოლიტიკური სიმპათიების გამო. ხელისუფლება საზოგადოებას ებრძვის და აშანტაჟებს საქართველოს კონტროლის პალატის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მეშვეობით.
კონტროლის პალატამ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მაცხოვრებლებს, კონტროლის პალატაში გამოცხადების მიზნით უწყებები ერთდროულად დაუგზავნა.
კონტროლის პალატის მიერ გაგზავნილ უწყებებში არ იყო მითითებული კონკრეტული გარემოებების თაობაზე. კერძოდ, თუ რა სტატუსით არის პირი გამოძახებული კონტროლის პალატაში - ანუ იგი კონკრეტულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით მოწმეა, თუ თავად არის სამართალდამრღვევი და მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება.
მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კონტროლის პალატის მიერ გაგზავნილ ე.წ. უწყებაში, გაგზავნის თარიღი მითითებული არ არის. ასევე, უწყებაზე არ არის მითითებული კონტროლის პალატიდან გასული კორესპონდენციის რეგისტრაციის ნომერი, რაც თავისთავად ბადებს ეჭვს, იმის თაობაზე, ეს უწყება ნამდვილად კონტროლის პალატის მიერაა გაგზავნილი, თუ არა.
სწორედ აღნიშნული საეჭვო გარემოებების გამო, ძალიან ბევრი მოქალაქე კონტროლის პალატაში არ გამოცხადდა და საქართველოს კონტროლის პალატას განცხადებით დაუყოვნებლივ მიმართა, რათა კონტროლის პალატას დაეზუსტებინა, თუ რა სტატუსით იბარებდნენ, მიმდინარეობდა თუ არა მის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის გამო სამართალწარმოება და შედგენილი იყო თუ არა შესაბამისი ოქმი.
ამავდროულად, მოქალაქეები ითხოვდნენ, რომ მათ გადასცემოდათ (იმ შემთხვევაში, თუ შედგენილი იყო) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და შესაბამის, საქმის წარმოების მასალებთან ერთად გადაგზავნოდათ, რომ მათი უფლებები დაცული ყოფილიყო, მათ შორის ადვოკატის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
მიუხედავად იმისა,რომ არც ერთ მოქალაქეს არ უთქვამს უარი კონტროლის პალატაში გამოცხადებაზე და ახსნა-განმარტების მიცემაზე, საქართველოს კონტროლის პალატამ ყველა იმ პირის მონაცემები, რომლებიც კონტროლის პალატაში არ გამოცხადნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუგზავნა, გამოძიების დაწყების მიზნით, რაც არის აბსურდული და მიზნად ისახავს მოქალაქეთა შანტაჟს და დაშინებას.
უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ კონტროლის პალატას არ გააჩნია უფლებამოსილება ადამიანს ჩვენება ჩამოართვას - კონტროლის პალატის კომპენტეცია მხოლოდ ახსნა-განმარტების ჩამორთმევით შემოიფარგლება. მოქალაქის მიერ ახსნა-განმარტების მიცემა კი ნებაყოფლობითია და არა სავალდებულო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებში გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 348-ე (2 პრიმა) მუხლით, რაც ითვალისწინებს შემდეგს - ადმინისტრაციულ წარმოებაში მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, თუ ჩვენების მიცემის ვალდებულება განსაზღვრულია კანონით.
იმ შემთხვევაში, თუ პირი არ გამოცხადდა კონტროლის პალატაში, ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე პიროვნებამ უარი განაცხადა ახსნა-განმარტების მიცემაზე, რადგან ჩვენების მიცემაზე უარისთვის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია მოწმის მიერ ჩვენებაზე უარის თქმისთვის, რაც შესაბამისი დოკუმენტით უნდა იყოს გაფორმებული და არა ვთქვათ, გამოუცხადებლობისთვის.
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმ გარემოებას, რომ კონტროლის პალატას დღევანდელი კანონმდებლობით არ გააჩნია უფლებამოსილება პირს ჩვენება ჩამოართვას. კონტროლის პალატას ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შემდეგ უფლება აქვს შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი,რომელიმე პირის მიმართ და სასამართლოზე მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ახსნა-განმარტების მიმცემი პირის მოწმის სახით დაკითხვა. თუ აღმოჩნდება, რომ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა პირმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ასეთი პირის მიმართ შეიძლება გავრცელდეს საქართველოს სსკ 348-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმა.
შესაბამისად, კონტროლის პალატის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედება არის უკანონო და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი. ამ ორგანოების ქმედება, მისი უკანონობიდან გამომდინარე, ვერ დააყენებს მათთვის სასურველ შედეგს და საქართველოს საზოგადოებას არ უნდა ეშინოდეს პოლიციაში დაბარების.