“მარნეულში არჩევნებზე 15 000 ამომრჩეველი მიდის, დანარჩენი 81 000 ხმა მთავრობას ჯიბეში უდევს“

“მარნეულში არჩევნებზე 15 000 ამომრჩეველი მიდის, დანარჩენი 81 000 ხმა მთავრობას ჯიბეში უდევს“

მარნეულში “ქართული ოცნების" ოფისმა დაიწყოფუნქციონირება. მის ოფიციალურ გახსნას ჟურნალისტები არ დასწრებიან, რადგან ინფორმაცია ამის შესახებ მედიას არ ჰქონია. თუმცა, დღეს “ქართული ოცნების" ადგილობრივი წარმომადგენლები ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე უარს არ ამბობენ.

მაშინ, როდესაც ჩვენ “ქართული ოცნების" ოფისში მათ წარმომადგენლებს ვესაუბრებოდით, მარნეულის შსს წარმომადგენელი ოფისიდან 10 მეტრში მდგარ დაბურულ მინებიან, “ნოლშესტში“ იყინებოდა. ივანიშვილის თბილ ოფისში კი საუბრები მარნეულის მოსახლეობის განწყობებზე მიდიოდა.

მარნეულის რაიონი, უკვე წლებია, სამთავრობო გუნდისთვის  ათასობით გარანტირებულ ხმასთან ასოცირდება.

“ჩვენს რაიონში ოფიციალურად 96 000 ამომრჩეველია აღრიცხული. ჩნდება კითხვა - საიდან გაჩნდა ეს ციფრი, როდესაც 2003 წელს მარნეულის რაინში 60 000 ამომრჩეველი იყო. ხოლო, 2008 წელს დაახლოებით 80 000. თქვენი აზრით მოსახლეობის ასეთი მკვეთრი მატება ბუნებრივია? არჩევნებზე 15 000 ამომჩეველი მონაწილეობს, დანარჩენი 81 000 ხმა კი მთავრობას ჯიბეში უდევს„ - გვითხრა კოალიცია “ქართული ოცნების" წარმომადგენელმა, რესპუბლიკელების მარნეულის რაიონის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ქამილ ალიევმა.

მას მარნეულში რაიონის “ერთადერთ ოპოზიციონერს“ ეძახიან. მისი აზრით, ადგილობრივი მოსახლეობის განწყობები “ქართული ოცნების“ სასიკეთოდაა და სამართლიან არჩევენებს მათთან ერთად რიგითი მოსახლეობიც  ითხოვენ. 

“როგორც კი ჩვენმა ლიდერებმა გააკეთეს განცხადება “ქართული ოცნების" დაარსებაზე, ამას დიდი რეზონანსი მოჰყვა მარნეულის რაიონში. მოსახლეობა დაინტერესებულია პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლით. მათ გაუჩნდათ იმედი, რომ ქვეყნის სათავეში მოვა სამართლიანი ადამიანი, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას ყველანაირად შეუწყობს ხელს.  

ივანიშვილი არის ჩვენი ქვეყნისთვის მიცემული შანსი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ.

დღეს ბევრი ადამიანი ჩუმად მხვდება ქუჩაში და მეუბნება, რომ ჩვენი მხარდამჭერია, მაგრამ ოფისში პოლიციის შიშით ვერ შემოდის. იცის, რომ თუ შემოვა - აუცილებლად შეუქმნიან პრობლემას და დააჯარიმებენ. ეს იმ ადამიანებს ეხებათ რომლებსაც მცირე ბიზნესები აქვთ, ვინც უმუშევარია და ფინანსურად დასაკარგი არაფერი აქვს, ჩვენთან ღიად ურთიერთობს.

რაც შეეხება სოფლებს, ჩვენ აქტიურად დავდივართ და ვმუშაობთ ხალხთან. ეს მუშაობა ჩვენ ახლა არ დაგვიწყია. მთელი გასული წლის განმავლობაში სისტემატიურად ჩავდიოდით მათთან. მე არ მინდოდა მოსახლეობას ეთქვა, რომ ისინი მხოლოდ მაშინ გვახსენდება, როცა არჩევნები მოგვადგება კარს“ -  ამბობს რესპუბლიკელების მარნეულის რაიონის კომიტეტის ხელმძღვანელი, ქამილ ალიევი.

მისი თქმით,  მარნეულში სამართლიანი  არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა. ამისი შედეგი კი დაბალი პროფესიული კვალიფიკაციის, მაგრამ ნაციონალების მხრიდან მაღალი ნდობის მქონე მარნეულის საჯარო მოხელეებოს საქმიანობაა.

“არჩევნების გაყალბების გზით, ხელმძღვალეობაში მოყავთ ისეთი ადამიანები, რომელთა დაკავება და დაპატიმრება მერე თვითონვე უწევთ. საუბარი მაქვს მარნეულის საკრებულოს ყოფილი თავჯდომარეზე, აივაზ ისმაილოვზე. ჯერ თვითონ დასვეს ამ ადგილზე და შემდეგ 2 თვეში ქრთამის აღებისთვის დაიჭირეს. ჩემი აზრით, საკრებულოში სხვებს სინდისი რომ ჰქონოდათ, უნდა გადამდგარიყვნენ"