აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი – რუსეთის გავლენის ზღვარი

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი – რუსეთის გავლენის ზღვარი

ალექსანდრე ანქვაბი, რუსეთის მხარდაჭერილი ქართული აჯანყებული პროვინციის, აფახაზეთის პრეზიდენტი გასულ თვეში თავდასხმას მცდელობას გადაურჩა. ელექტრონულ ინტერვიუში სვანტე კორნელი (ცენტრალური აზიის და კავკასიის ინსტიტუტის და აბრეშუმის გზის კვლევების პროგრამის სამეცნიერო მიმართულების დირექტორი) სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენისა და პოლიტიკური სტაბილურობის საკითხებს განიხილავს. 

რამდენად ეფექტურია რუსეთის პოლიტიკა გავლენისა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მხრივ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში?

მოსკოვი შედარებით არაეფექტური იყო ორივე ამ ტერიტორიაზე. აფხაზეთში, რუსეთი ბევრჯერ ვერ გაუმკლავდა რეგიონის დამოუკიდებელ ლიდერებს, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, მაგრამ არ სურთ, რომ რეგიონი რუსეთმა შთანთქოს. სინამდვილეში, 2008 წლის ეიფორიული მდგომარეობის შემდეგ, როდესაც რუსეთმა აფხაზეთის „აღიარებისთვის“ ამ რეგიონისგან უზარმაზარი კეთილგანწყობა მიიღო, ურთიერთობები გაფუჭდა. აფხაზებში, სულ უფრო იზრდება შეშფოთება რუსეთის თვითნებობის გამო. მათ ეშინიათ, რომ ამ პატარა ტერიტორიას ეკონომიკურად რუსეთი შთანთქავს და რომ მათ მიწაზე რუსები დასახლდებიან. შესაძლოა, უფრო მოულოდნელია რუსეთის პოზიციების შესუსტება სამხრეთ ოსეთში, რომელიც გაცილებით პატარა და რუსეთზე ბევრად უფრო დამოკიდებული ტერიტორიაა. მაგრამ, ის, რომ მოსკოვი ვერ ახერხებს საკუთარი მიზნის მიღწევას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონტექსტში უნდა განვიხილოთ: თუკი ამ ორ ტერიტორიას თავად რუსეთის ფედერაციის ეთნიკურ რესპუბლიკებს შევადარებთ, სხვაობა უმნიშვნელოა. სინამდვილეში, მეზებელ ჩრდილოეთ კავკასიაში, ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა, რომელიც ხელისუფლებაში რუსეთის მხარდაჭერის წყალობით მოვიდა, ფაქტობრივად ისე შეზღუდა რუსეთის გავლენა მის რესპუბლიკაში, რომ ერთ დროს მის წინააღმდეგ მებრძოლი ჩეჩენი სეკულარი ნაციონალისტებიც კი, დღეს მართალია, ხალისის გარეშე, მაგრამ მასთან არიან ჩახუტებულები. კადიროვი ეფექტურად აშენებს ჩეჩნეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოს პრაქტიკული მიზნებისთვის, თუ საკუთარი თავისთვის არა. ამ კონტექსტში, შესაძლოა ჩვენ არ უნდა გვიკვირდეს ის, რომ მოსკოვს ქართული სეპარატისტული რეგიონების კონტროლის პრობლემა აქვს – რუსეთის ლიდერები ვერ აკონტროლებენ რეგიონში მოვლენებს ისე, როგორც ეს ჩვენ გვგონია.

როგორ აისახება ეს პროცესებზე მომავალში, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს ორი რეგიონი რუსეთის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული?

რუსეთი თავად იცვლება, და ეს იმ სახალხო უკმაყოფილებით გამოჩნდა, რაც ახლახანს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ხელახლა არჩევას მოჰყვა. ამასთანავე, რუსეთში ძალას იკრებს მოძრაობა სახელმწოდებით „შეწყვიტეთ კავკასიის კვება“, რომელიც მთავრობას ჩრდილოეთ კავკასიაში რესურსების ხარჯვის გამო ადანაშაულებს. ასეთ ვითარებაში, საეჭვოა გაუმჯობესდეს მთავრობის ყურადღება რეგიონის პრობლემების მიმართ. პირიქით, კრემლს ის მოვლენები უფრო აწუხებს, რომელიც მასთან უფრო ახლოს ვითარდება. შესაბამისად, რუსეთს არ აქვს კარგი ვარიანტები 2008 წლის შემდეგ, როდესაც მან თავად დაივალდებულა თავი. მას არ აქვს მკაფიო შესაძლებლობა თავი აარდიოს დამატებით ტვირთს, რომელსაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით წარმოადგენენ, მაშინ როდესაც პასუხისმგებლობა, რომელიც ამ რეგიონებზე მეურვეობას ახლავს თან, სულ უფრო და უფრო ცხადი ხდება.

როგორია აფაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების უფრო ფართო შედეგები როგორც კავკასიისთვის, ასევე მოსკოვის ძალისხმევისთვის გააფართოვოს მისი გავლენა რეგიონში?

მარტივად რომ ვთქვათ, ეს მთელი სიცხადით გვიჩვენებს იმას, თუ რა ფუჭია მოსკოვის ამბიციები გავლენის სფეროს აღდგენასთან დაკავშირებით. თუკი მოსკოვი ამ პატარა ტერიტორიებს ვერ უმკლავდება, როგორ შეიძლება სერიოზულად აღიქვა მისი გრანდოზული გეგმები ევრაზიის კავშირთან და სხვა მსგავს პროექტებთან დაკავშირებით?
foreignpress.ge,