კონტროლის პალატის დასაკითხთა რიგებში სხვებთან ერთად საკმაოდ დიდხანს იდგნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ. დაკითხვით მხოლოდ მზია მექვაბიშვილი დაკითხეს, რომელმაც გამოსვლის შემდეგ "გურია ნიუსს" განუცხადა, რომ მასზე არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია _ ის მხოლოდ ამ სიტყვებით შემოიფარგლა და იქაურობა დატოვა...
ზუსტად ორი დღის შემდეგ, "გურია ნიუსისთვის" ცნობილი გახდა, რომ მზია მექვაბიშვილის მეუღლე სოსო კონწოლიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო სამსახურში დაასაქმეს. თანაც საკმაოდ საინტერესო "თანამდებობა" შეურჩიეს - სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალისტი ზედამხედველობის საკითხებში! gurianews.com"
ერთი შეხედვით, ამ დასაქმების ამბავში არაფერია უცნაური, რომ არა შემდეგი გარემოებები: პირველი ის, რომ სოსო კონწოლიძე რესპუბლიკური პარტიის აქტიური მხარდამჭერია, რომელიც ასევე აქტიურად იყო ჩართული ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვებაში.
არის მეორე საინტერესო დეტალიც - აწ უკვე დასაქმებულ კონწოლიძეს განცხადება დასაქმებაზე სულ რაღაც ერთი თვის წინ ჰქონია შეტანილი გამგეობაში. თხოვნის დაკმაყოფილება კი მყისიერად მოხდა და რბილად რომ ვთქვათ, უცნაურად ემთხვევა კონტროლის პალატის მიერ მისი მეუღლის დაკითხვას.
მესამე და ყველაზე საინტერესო ამბავი ამ დასაქმებაში ის გახლავთ, რომ კონწოლიძე ამ ერთი თვის წინ, მაშინ როდესაც გამგეობას დასაქმებას სთხოვდა, პარალელურ რეჟიმში ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენისთვის ხელმოწერებს აგროვებდა.
ამ სამთან შედარებით შესაძლოა საინტერესოდ არ ჟღერდეს, მაგრამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასაქმების მოთხოვნით, არა ერთ ადამიანს აქვს შეტანილი განცხადება, რომლებიც წლებია უშედეგოდ ელოდებიან პასუხსაც და დასაქმებასაც.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სოსო კონწოლიძეს რეკომენდაცია არც მეტი არც ნაკლები, გურიის გუბერნატორმა, ვალერი ჩიტაიშვილმა გაუწია და მისი დასაქმების ბრძანება 15 მარტს დაიწერა.
ამ ფაქტს თავად დასაქმებულიც არ უარყოფს, რომელსაც "გურია ნიუსი" ინფორმაციის გადასამოწმებლად დაუკავშირდა.
- კი, სინამდვილეა. თუმცა, ჯერ სამსახურში არ გავსულვარ.
-კი, ვაგროვებდი ხელმოწერებსაც. თუმცა, ასევე შეტანილი მქონდა გამგეობაში განცხადება ჩემი დასაქმების შესახებ და საკითხი დადებითად გადაწყდა.
"გურია ნიუსი" ამ საინტერესო დასაქმების საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს ილია ვაშაყმაძეს, რომელმაც აღნიშნული ფაქტი არ უარყო. მან გვითხრა, რომ ნამდვილად ეცნობა ეს სახელი და გვარი, მაგრამ ზუსტად არ ახსოვს, დანიშვნის ბრძანებას მოაწერა თუ არა ხელი. ვაშაყმაძე შეგვპირდა, რომ დეტალებს დააზუსტებს და ორშაბათს ამომწურავ პასუხს გვეტყვის.
სოსო კონწოლიძის დასაქმებასთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრება აქვს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, მარინე სუნგულიას: _ 2007 წლის ნოემბრიდან, ხელისუფლების ქმედებაში გამოიკვეთა მიმართულება, რომელიც ოპოზიციურად განწყობილი გონიერი და ავტორიტეტული ადამიანების მინიმუმ _ განეიტრალებას და მაქსიმუმ _ გადაბირებას გულისხმობს.
ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს ხელისუფლება, როგორც წესი, არ ასაქმებს და მათ ეკონომიკურ სიდუხჭირეს, ყოველი არჩევნების წინ იყენებს, ანუ იწყებს სამსახურის შეთავაზებას იმ ადამიანებისთვის, რომელთა დაშინებას ვერ ახერხებენ. ძნელია, ადამიანს გაუმტყუნო ამ წინადადებაზე დათანხმება, რადგან უმეტესობას, საკუთარი ოჯახის რჩენის ელემენტარული საშუალება არ გააჩნია.
როგორც მოგეხსენებათ, რეალური სამუშაო ადგილები არ არსებობს და ხელისუფლებამ, შტატების გაბერვით,"გამოგონილი" სამსახურები შექმნა. მაგალითისთვის დავასახელებ ერთ-ერთ ა(იპ)-ს _ დასუფთავების სამსახურს, რომელსაც ჰყავს პრესსამსახურის უფროსი და ჩვენი ინფორმაციით, ახლა მოადგილესაც უნიშნავენ.
ასეთი "გამოგონილი" შტატების შექმნაა დაწყებული ყველა იმ სამსახურებში, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება. ბიუჯეტის მსგავსი უთავბოლო ხარჯვა კი, პირველ რიგში მოსახლეობას აზარალებს, რადგან სახსრები, რომლებიც მოსახლეობისთვის პირობების გაუმჯობესებას უნდა ემსახურებოდეს, ეწირება ნაციონალების საარჩევნო კამპანიას. ნაციონალებმა საზოგადოება ნელ-ნელა შეაჩვიეს იმ აზრს, რომ ბიუჯეტის ფული მათი პარტიული კუთვნილებაა და როგორც უნდათ, ისე დახარჯავენ.
- ის არის წესიერი, განათლებული ადამიანი, არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი, ითვლება ჩვენ მხარდამჭერად. ხელისუფლება თავისი აშკარა მხარდამჭერების დასაქმებაზე ნაკლებად ზრუნავს. თვლის, რომ ისინი უკვე ჯიბეში ჰყავს და აქტიურად გადავიდა ოპოზიციონერების და ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების დასაქმებაზე, რათა ისინი ოპოზიციას ხელიდან გამოაცალოს. ვიცით, რომ ყველა საჯარო მოხელეს აიძულებენ ნაციონალების სასარგებლოდ მუშაობას. ამიტომ საინტერესოა,"გადაბირებული" ნაწილის პოზიცია ამ მიმართებით - დათანხმდებიან თუ არა ბოლომდე ნაციონალების თამაშს, ანუ იმუშავებენ თუ არა საკუთარი ღირსებისა და პრინციპების წინააღმდეგ.
- სოფელ ლიხაურში, როგორც ვიცი, გამგებელი გაათავისუფლეს იმის შემდეგ, რაც მოთხოვეს, რომ არჩევნები უნდა მოეგო ნაციონალების სასარგებლოდ. გამგებელმა სერიოზული ეჭვი გამოთქვა, რომ მოგებას ვერ შეძლებდა. ამის შემდეგ ამ თანამდებობაზე ორი თვის მანძილზე ვაკანსია იყო. თითქმის, ყველა აქტივისტ ოპოზიციონერს შესთავაზეს ეს პოსტი, მაგრამ კადრის პოვნა ძალიან გაუჭირდათ.
ნაციონალებმა ამ პრინციპით მუშაობა - მოსყიდვა, დასაქმება, გადაბირება, დაშინება, განსაკუთრებით მას შემდეგ გაააქტიურეს გურიაში, რაც ცენტრიდან რამაზ ნიკოლაიშვილი მოგვივლინეს"მეურვედ".
P.S. კონტროლის პალატის მიერ დასმული კითხვების ნუსხაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი ეკავა კითხვას დასაქმების შესახებ. ამაზე "გურია ნიუსისთან" არა ერთი რესპონდენტი საუბრობდა. მაგალითისთვის "თავისუფალი დემოკრატების" წევრის ვაჟა ვანაძის ინტერვიუს ნაწილს გავიხსენებთ: "ძირითადად, დასაქმებაზე იყო კითხვები - თუ გიჭირსო, გაქვს თუ არა რაიმე სამუშაო, თუ ხარ დასაქმებულიო. მე ვუთხარი, რომ არსად არ ვმუშაობ,-მეთქი"
- მაგ კუთხით მიჰყავდათ საუბარი."
როგორც ჩანს, მოგელაძის უწყებას, გარდა ფინანსური მონიტორინგისა, კიდევ ერთი ფუნქცია დაემატა - დასაქმება!