”საქართველო და აზერბაიჯანი უფრო მეტს წარმოადგენენ ერთმანეთისთვის, ვიდრე მხოლოდ სტრატეგიულ პარტნიორებს”, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გასულ კვირას, ბაქოში მისი ვიზიტისას, აზერბაიჯანის პარლამენტში წარმოთქმულ სიტყვაში. მისი შენიშვნები ორი ქვეყნის ნაყოფიერი ურთიერთობების ისტორიაზე კონცენტრირდა, იმაზე, თუ როგორ შეიძლება წარსული გამოცდილება სამხრეთ კავკასიის რეგიონის განვითარების სასარგებლო ნიმუშად გამოდგეს. სიტყვაში ნახსენები იყო ”ალი და ნინო”, ცნობილი აზერბაიჯანული რომანი, რომელშიც ალი ბოლშევიკური რუსეთის ჯართან ბრძოლაში იღუპება, რასაც აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემაც მოჰყვა. სააკაშვილმა ამ საყვარელი ტრაგედიისთვის, ახალი, ბედნიერი ფინალის შეთხზვის ინიციატივა გამოთქვა.
მისი გამოსვლის მთავარი სამიზნე რუსეთი იყო და იმ ფაქტმა, რომ სააკაშვილმა აზერბაიჯანის პარლამენტი თავისი კრიტიკული გამოსვლის პლატფორმად გამოიყენა, ზოგიერთი აზერბაიჯანელი პარლამენტარი შეაშფოთა – ხომ არ შეიძლება ამ გამოსვლამ ავნოს აზერბაიჯანულ-რუსულ ურთიერთობებს. თუმცა იმ ფონზე, რომ ვლადიმერ პუტინი კვლავ დაბრუნდა რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე, სააკაშვილის გამოსვლამ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მედიაში. პუტინის პირადი სიძულვილი მისი პრო-დასავლელი კოლეგისადმი, სააკაშვილისადმი არავისთვის საიდუმლო არ არის და ამ ფაქტორმა შეასრულა კიდეც მნიშვნელოვანი როლი ორი ქვეყნის დაძაბულ ურთიერთობებში. საერთოდ, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების აზრით, იმის გამო, რომ აშშ-ს ინტერესი კავკასიისადმი შემცირდა, რეგიონი მოსკოვს ჩაუვარდა ხელში. ზბიგნევ ბზეჟინსკიმ, აშშ-ს უშიშროების ყოფილმა ექსპერტმა ზუსტად აღნიშნა, რომ ”ამერიკის გავლენის შემცირება საქართველოს სრულიად მოწყვლადს გახდიდა, როგორც რუსეთის პოლიტიკური ზეწოლისათვის, ასევე სამხედრო აგრესიისათვის” (ბზეჟინსკი, ”სტრატეგიული ხედვა, ამერიკა და გლობალური ძალაუფლების კრიზისი”). აი ესაა მთავარი მიზეზი იმისა, რომ სააკაშვილს სურს გაიგოს, რას ფიქრობს ბაქო პუტინის ევრაზიულ პროექტზე და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ის ბაქოში ვაშინგტონის ვიზიტის შემდეგ ჩავიდა, ზოგიერთი ადგილობრივი ექსპერტის აზრით, მან ბაქოში აშშ-ს გზავნილი ჩაიტანა. უფრო მეტიც, სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ კავკასიის მომავალი უნდა დაუკავშირდეს ევროპის კავშირსა და ნატოს. ამ კონტექსტში, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნის გეგმა დღესაც ზედმეტად ამიბიციური ჩანს, ხოლო მისი შექმნის ვადები (2015 წლისათვის) – არარეალისტური. გარდა ამისა, იმის გახსენებაც ღირს, რომ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავითოღლუმ, 2010 წელს ევრაზიის რეგიონში ასეთივე კავშირის შექმნის იდეა წამოაყენა, იდეა, რომელიც, როგორც ჩანს, ბევრს აღარც კი ახსოვს. თავის მხრივ, აზერბაიჯანი სამომავლოდ განიხილავს სრულ სურათს, მაგრამ მისი პოზიცია ისევ ძალიან არის დამოკიდებული მთიანი ყარაბახის კონფლიქტის მოგვარებაზე. ბაქოს პოლიტიკური ისტებლიშმენტი შფოთავს იმის გამო, თუ როგორ იმოქმედებს პუტინის დაბრუნება კონფლიქტთან დაკავშირებულ სამმხრივ რეგულარულ შეხვედრებზე აზერბაიჯანს, სომხეთსა და რუსეთს შორის. თურქეთის წინადადება, მიუხედავად იმისა, პუტინის ევრაზიული ინიციატივის წინააღმდეგაა ის მიმართული, თუ მის მხარდასაჭერად, მაინც იქონიებს ზეგავლენას აზერბაიჯანის გადაწყვეტილებაზე. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ აზერბაიჯანი ჯერ არ შეურთდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის თავისუფალ სავაჭრო ზონას. მანამდე, სანამ მთიანი ყარაბახის პრობლემა არ გადაწყდება, აზერბაიჯანი მხარს არ დაუჭერს სომხეთთან ნებისმიერი სახის ეკონომიკურ ინტეგრაციას. სააკაშვილის კიდევ ერთი გზავნილი „საერთო კავკასიისკენ“ მიმართულ ძალისხმევას ეხებოდა. პრეზიდენტი სააკაშვილი ამ კონცეპტის მტკიცე მხარდამჭერია, მაგრამ რეალურად „საერთო კავკასიის“ თეორიული საფუძველი 1996 წლის 8 აპრილს შეიქმნა მაშინ, როდესაც აზერბაიჯანისა და საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტებმა ჰეიდარ ალიევმა და ედუარდ შევარდნაძემ ხელი მოწერეს „კავკასიის რეგიონის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თბილისის დეკლარაციას“. ეს დეკლარაცია იქცა რეგიონის სამომავლო ხედვის არსებით კომპონენტად, მაგრამ იმის გამო, რომ რეგიონში კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესში პროგრესი არ ჩანს, ეს მოდელი არ მუშაობს. სწორედ ამავე მიზეზით, ვერ განხორციელდა თურქეთის პლატფორმა კავკასიის სტაბილურობისა და თანამშრომლობის შესახებ. რაც შეეხება ევროკავშირისა და ნატოს როლს, აზერბაიჯანი იმედგაცრუებულია იმით, რომ ევროკავშირმა სუსტი მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ნატოში გაწევრიანების ამბიციების გამო და იმის გამო, რომ მან ვერ შეძლო საქართველოს პოზიციის მხარდაჭერა რუსეთთან მიმართებაში. ამიტომ აზერბაიჯანი სამეზობლოში ეძებს ინტეგრაციულ მოდელებს; თურქეთისა და საქართველოს მისწრაფებათა შედეგები ბაქოსთვის მნიშვნელოვანი იქნება. საბჭოთა კავშირის „ხალხთა საპყრობილის“ დაცემის შემდეგ, აზერბაიჯანი და საქართველო სამი გ-ს ტყვეებად იქცნენ: გეოგრაფიის, გეოეკონომიკისა და გეოპოლიტიკური კონკურენციის. მაგრამ ამ ორმა ქვეყანამ, კეთილმეზობლური ურთიერთობის წყალობით, ეს ბარიერები ხელისშემწყობ გარემოებებად აქცია. აზერბაიჯანმა მოიპოვა პირდაპირი გასასვლელი შავ ზღვაზე; აშენდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენები; მალე დასრულდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა ფატქობრივად შექმნეს ისეთი გეოპოლიტიკური გუნდი, რომელსაც აშშ ძალიან უჭერს მხარს. საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობა არ არის მარტოოდენ „გეოპოლიტიკური საჭიროების“ ან „ისტორიული ბედისწერის“ შედეგი. 2008 წლის ომმა რუსეთსა და საქართველოს შორის კიდევ უფრო განამტკიცა ბაქო-თბილისის სამომავლო ტანდემი. ომის მსვლელობისას აზერბაიჯანმა შეინარჩუნა ნეიტრალური პოზიცია, მაგრამ რეალურად საქართველო გრძნობდა აზერბაიჯანის მხარდაჭერას, განსაკუთრებით ეკონომიკური თანამშრომლობის ასპექტში. ენერგეტიკული მომარაგება და მხარდაჭერა აზერბაიჯანიდან საკვანძო მნიშვნელობისაა საქართველოს საშინაო ფუნქციონირების თვალსაზრისით. აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარი“ საქართველოში გადასახადების უდიდესი გადამხდელია. სოკარმა ადგილობრივი ფილიალის, „სოკარ საქართველოს“ ამოქმედების შემდეგ საქართველოს ეკონომიკაში 1 მილიარდი დოლარის ინვესტირება განახორციელა. ის აკონტროლებს ქვეყნის ავტოგასამართი სადგურების 80 პროცენტს. სააკშვილის ვიზიტის დროს ორივე ქვეყანა შეთანხმდა, რომ ერთობლივად შეიტანენ განახცადს 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მათ ქვეყნებში ჩატარებაზე. არ არსებობს არავითარი პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემა ამ ორ ქვეყანას შორის, მაგრამ უფრო ფართო კონტექსტში მათ აერთიანებთ საზიარო წუხილი გაჭიანურებული კონფლიქტების გამო. მთავარი პრობლემა “გუამ”-ის მომავალია. აზერბაიჯანი და საქართველო ამ სტრუქტურის მთავარი ხელშემწყობნი არიან, სტრუქტურისა, რომელიც დასავლეთზე ორიენტირებული რეგიონალური ორგანიზაციის შექმნის ამბიციას უკავშირდება. ეს ორგანიზაცია 1997 წელს დაარსდა და მასში ის ქვეყნები გაერთიანდნენ, რომელთაც ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საზიარო ინტერესები აქვთ, ესენია – საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვეთი. ამჟამად “გუამ”-ის ბედი ძალიან არის დამოკიდებული დასავლეთის მხარდაჭერაზე. მისი ხედვა 1990-იანი წლების პარადიგმას ეფუძნება და ახლა ყოვლისმომცველი სამომავლო გეგმის განვითრებას მოითხოვს. სტრუქტურამ “სამი გ”, რომელიც ამ კავკასიური ტანდემის მახასიათებელია (გეოპოლიტიკა, გეოეკონომიკა და გეოგრაფია), მეოთხე განზომილება განამტკიცა – გეოსტრატეგიული ხედვა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონის მომავლისათვის. foreignpress.ge |