„ჩაგაფურთხეს სულში, შენ კი “პოლიტიკაში არ ვერევიო” განაცხადებ და წყნარად მოიწმინდავ“

„ჩაგაფურთხეს სულში, შენ კი “პოლიტიკაში არ ვერევიო” განაცხადებ და წყნარად მოიწმინდავ“

დღევანდელი ქართული საზოგადოების ორად გახლეჩის პროცესი ყველა სოციალური ფენისა და პროფესიის წარმომადგენლებს შეეხო. ამჟამინდელი ხელისუფლების მეხოტბეებს პროფესიულ საქმიანობაში დიდი ხელისშეწყობა აქვთ და ამ ცხოვრების ყველა სიამტკბილობით სარგებლობენ. თუ განსხვავებული აზრი გაგაჩნია და მმართველი პარტიის კრიტიკოსთა რიცხვს მიეკუთვნები, არასასურველთა კატეგორიაში გადადიხარ და საყვარელი საქმის კეთების ყოველგვარი უფლება გერთმევა.

“ელიტურ” და “არაელიტურ” ნაწილებად დაყოფას ვერც ქართველი მომღერლები გადაურჩნენ. გაიხსენეთ თუნდაც ტელეეკრანებიდან უკანასკნელად როდის იხილეთ “ფორტე”, “ქართული ხმები”, “თბილისი”, მაია ჯაბუა, ზურაბ დოიჯაშვილი, ლიზი ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე? ამ სიის გაგრძელება ალბათ კიდევ შეიძლება.

ჩვენი დღევანდელი სტუმარი, ზურა მანჯავიძე პოლიტიკურად აქტიურ პიროვნებათა რიცხვს განეკუთვნება. მას სხვა “მოფერიანებული” კოლეგებისაგან განსხვავებით, ამა თუ იმ პროცესების მიმართ საკუთარი პოზიციის საჯაროდ დაფიქსირების არ ეშინია. ალბათ ეს გახლავთ უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ზურა და “ფორტე” მაღალ ეშელონებში მოკალათებულ ადამიანებს განსაკუთრებით აღიზიანებთ და მათმა სადამსჯელო ქმედებებმაც არ დააგვიანა - კარგა ხანია “ფორტე” დიდ სცენაზე არ გამოჩენილა.

ზურა მანჯავიძესთან საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ქართველ მომღერლებს შორის არსებულ გახლეჩაზე გვსურდა. ჩვენი ინტერვიუ მაინც სხვა თემით დაიწყო. რამდენიმე დღის წინ ზურა მოსკოვიდან დაბრუნდა და პირველ რიგში რუსეთის დედაქალაქში არსებული პოლიტიკური მდგომარეობით დავინტერესდი.

- მოსკოვში “ფორტეს” წევრებთან ერთად კერძო მიწვევით ვიმყოფებოდი. რასაკვირველია შესაძლებლობა გამოვიყენე და იქაურ პოლიტიკურ მდგომარეობას ყურადღებით გავეცანი. ერთი საინტერესო კანონზომიერება აღმოვაჩინე. დემოკრატიულად მოაზროვნე მოსკოვის მოქალაქეები იგივე პრობლემებს წააწყდნენ რაც საქართველოში უკვე გავიარეთ. იქაც ხალხი ორ მოწინააღმდეგე ბანაკადაა დაყოფილი, პუტინის მომხრეებს მხარს უზარმაზარი სახელმწიფო რესურსი უმაგრებს, სამთავრობო ტელევიზიებიდან ოპოზიციის მისამართით ზუსტად ისეთივე ბრალდებები ისმის რომლებსაც თბილისშიც  გაიგონებთ., განსხვავებული აზრის მქონე ხალხის მიმართ რუსეთის პირველ პირს სააკაშვილისნაირად აგდებული დამოკიდებულება აქვს. დემოკრატიული ძალების მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ მიტინგზე ადამიანებმა თეთრი ფერის ხელსახოცები გაიკეთეს და ამ ატრიბუტიკამაც თბილისი მომაგონა.

ერთი განსხვავებაც ვიპოვე. რუსული ძალოვანი სამსახურები მიტინგებს უფრო ცივილური ფორმით არბევენ და იქაური სპეცნაზი თბილისელი “კოლეგებისაგან” განსხვავებით შედარებით “ზრდილობიანად” იქცევა. რასაკვირველია ოპოზიციონერების გეგმაზომიერი დევნა მიმდინარეობს, მაგრამ ქუჩაში მათი საჯაროდ ცემის ფაქტები ჯერ არ დაფიქსირებულა. ეს – ჯერჯერობით, მაგრამ არ ვიცი ეს პროცესი რუსეთში როგორ გაგრძელებას იპოვის. საუბარი მაქვს სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიების გაზრდაზე. არ გამიკვირდება ქართული გამოცდილება ზუსტად რომ გადმოიღონ.

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. ჩემი მოსკოვში ყოფნისას უკვე მიმდინარეობდა საუბრები რომ მომავალ არჩევნებს მასობრივი გაყალბების საფრთხე ემუქრებოდა. რუსულ-ქართული ურთიერთობები ძნელად კი მიმდინარეობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არჩევნების “ქართულ მოდელს” წარმატებით გამოიყენებენ. ეს ალბათ ერთადერთი სფეროა რომლის ექსპორტი მსოფლიოში თავისუფლად შეგვიძლია.

დემოკრატიული მოძრაობა რუსეთში ახალი დაწყებულია და ამ რთულ გზაზე არაერთი სირთულე ელოდება. ერთ კანონზომიერებასაც დავაკვირდი. ალბათ ამ ქვეყანაში და საქართველოში ერთი და იგივე პიარ ჯგუფები მუშაობენ, რადგან იქაური და ქართული სახელისუფლებო სტრუქტურების მოქმედება ზუსტად ერთმანეთის იდენტურია.

ერთ მტკივნეულ თემასაც შევეხები. მოსკოვში და უცხოეთის სხვა ქვეყნებში ყოფნისას არაერთ ქართველს ვესაუბრე. არც ერთ მათგანს ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების სურვილი არ გამოუთქვამს. ეს საქართველოს ნამდვილი ტრაგედიაა. ვინც სააკაშვილის  მოწოდებებს დაუჯერა და დაბრუნდა რა მოიგო? პირიქით, ჩვენი ქვეყნის საზღვრები რომ გახსნან მთელი საქართველო უცხოეთში გაიქცევა და აქ 1500-2000 ადამიანი თუ დარჩება. სანამ ეს პოლიტიკური რეჟიმი არ შეიცვლება ჩვენი ქვეყანა მოსახლეობისაგან კიდევ უფრო დაიცლება.


- ამისი უმთავრესი მიზეზი ჩვენი განსხვავებული პოლიტიკური მსოფლმხედველობაა. პროფესიული საქმიანობის ყოველგვარი საშუალება მოგვისპეს. უფრო მეტიც - გადაღებული გადაცემებიდანაც ამოგვიღეს. სახელმწიფო კონცერტებში მონაწილეობაზე ადრეც თავის არიდებას ვცდილობდით, ამჟამად კი ე.წ. “შავ სიაში” შეგვიყვანეს. ზოგჯერ კორპორატიულ საღამოებზე გვეპატიჟებიან და თუ ამ ღონისძიებებს ხელისუფლების მაღალჩინოსნები ესწრებიან, მათი მოთხოვნით სცენაზე გასვლის უფლებას არ გვაძლევენ. ცოტა ხნის წინ უცხოეთში საგასტროლოდ მივემგზავრებოდით და კულტურის სამინისტრომ დახასიათების ფურცლის მოცემაზე კატეგორიული უარი განაცხადა. რამდენიმე ხნის წინ საზოგადოებრივ არხზე ეკა ხოფერიას გადაცემაში სტუმრად ვიყავი მიწვეული. რასაკვირველია ჩვენს სფეროში არსებულ პრობლემებზე დაუფარავად ვისაუბრე. როდესაც გადაცემა ვიხილე გაოგნებული დავრჩი. ჩემი ნალაპარაკევიდან მხოლოდ ის რამდენიმე წინადადება დატოვეს, როდესაც კახა ცისკარიძეს სახელისუფლებო კონცერტებზე არსებულ “შავ სიებზე” ვესაუბრებოდი. რასაკვირველია სრულად უჩვენეს “კახუჩელას” მონოლოგი, სადაც ეს უკანასკნელი მიმტკიცებდა, “ოთხ კონცერტზე მოგიწვიეთ და თქვენ უარი განაცხადეთო”. გარწმუნებთ რომ მისგან შემოთავაზება მხოლოდ ერთ ღონისძიებაზე მივიღეთ.

დამიჯერეთ, “არაელიტურთა” გაერთიანებაში გადასვლა მე და “ფორტეს” წევრებს არ გვწყინს, ჩვენ ხომ ხალხის დიდი სიყვარულით ვსარგებლობთ.


- ქვეყანაში გაუსაძლისი მდგომარეობაა, აქ ადამიანის პროფესიული და მატერიალური წინსვლა მმართველი რეჟიმის ერთგულების პროპორციულია. სახელისუფლებო ელიტასთან დაახლოებული მომღერლები გულით მეცოდება. იცით რამხელა წნეხის პირობებში იმყოფებიან? არაერთხელ შევსწრებულვარ, როდესაც პირდაპირ ურეკავდნენ და სხვადასხვა ღონისძიებებზე მათი აზრის გაუთვალისწინებლად ანაწილებდნენ. არ მესმის მათი მორჩილებისა და შემგუებლობის მიზეზები. ისიც მიკვირს “არაელიტურ” ნაწილში შემავალი კოლეგების დასაცავად ხმას რატომ არ იღებენ. ამჟამინდელი რეჟიმის შეცვლის შემდეგ პირველი ვიქნები ვინც დღევანდელ ფავორიტ მომღერლებს დაიცავს, თუ მათი შევიწროება დაიწყება. ხალხს შენი პროფესიული საქმიანობის გამო უნდა უყვარდე და არა ხელისუფლების მიმართ ბრმა მორჩილებისათვის. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან დღევანდელი “სამეფო კარის” მომღერლები გამოიღვიძებენ, მაგრამ სამწუხაროდ უკვე გვიანი იქნება.


-ტრაგიკომედია კი არა საშინელებაა. ნორმალურ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ პოლიტიკისაგან ნამდვილად შორს ვიდგებოდი. ჩემდა სამწუხაროდ უსამართლობას ვერ ვიტან და საკუთარ აზრს ყოველთვის ღიად ვაფიქსირებ. ქიმერიძის მაგალითი ავიღოთ. ადამიანი პოლიციის განყოფილებაში ცემით მოკლეს და ამ შემზარავი ფაქტის წინააღმდეგ ხმა არ უნდა ამოვიღო? რა შუაშია აქ ზურა მანჯავიძის ოპოზიციური მსოფლმხედველობა. სახელმწიფოს იმ პოლიციის განყოფილების უფროსი პასუხისგებაში უნდა მიეცა და პირიქით კი მოხდა, ამ მოძალადე “წესრიგის დამცველებს” გულმოდგინეთ იცავს. მოქალაქე გახლავართ და ამ შემზარავი ფაქტის გამო პროტესტის გრძნობა გამიჩნდა. ამის გამო ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მიწოდებ და დევნას მიწყებ? მე თუ არ ვთქვი, შენ თუ არ გააპროტესტე, მან თუ არ გაილაშქრა მალე საზოგადოებისათვის პოლიციის დაუსჯელობის სინდრომი მისაღები გახდება. თქვენ ჟურნალისტი ბრძანდებით და ქიმერიძის მკვლელობის შესახებ აზრი რომ მკითხოთ, “პოლიტიკაში არ ვერევიო” – გიპასუხოთ?


- დღევანდელ საქართველოში საუკუნეების განმავლობაში დანერგილი ადათ-წესებისა და ჩვენი ხალხისათვის ჩვეული მსოფლმხედველობის მიზანმიმართული ნგრევა მიმდინარეობს. სიმართლე გითხრათ და ე.წ. “სამთავრობო ტელევიზიებს” აღარც ვუყურებ. მიუღებლად მიმაჩნია როდესაც ამჟამინდელი საზოგადოების “ელიტა” ვითომ “თანამედროვე ფასეულობებზე” ყოველდღიურად საუბრობს და ტრადიციების ერთგულ ქართველებს “გოიმებად” მოგვიხსენიებს. მიდის ახალგაზრდობის მიზანმიმართული დამუშავება, რომ ქალიშვილობის ინსტიტუტი წარსულის გადმონაშთია და ქალბატონებს შეუძლიათ 10 საყვარელიც კი იყოლიონ. იგივე ტოკ-შოუები ავიღოთ. ამ გადაცემების ძირითადი ნაწილი გარკვეული პიროვნებების პირადი ცხოვრების ინტიმური დეტალებით შემოიფარგლება. ერთხელ აჩვენე, გეთანხმებით, მაგრამ ერთი და იგივე ხალხის ლოგინის ეპიზოდებზე მუდმივად რომ ლაპარაკობ ეს ნორმალურია?

ამას თავი დავანებოთ, სხვა ფაქტს მოგახსენებთ. ბატონი რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრიდან გაშვება ალბათ იმიტომ სურდათ, რომ სპექტაკლი “შემეხე” დაედგათ. ამ დადგმის ნაწყვეტები ინტერნეტით ვნახე და ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ასეთი ტრადიციების მქონე თეატრში მსგავსი უხამსობის დადგმას თუ გაბედავდნენ. ამაზე უარესი რა უნდა გაგიკეთონ? ჩაგაფურთხეს სულში, შენ კი “პოლიტიკაში არ ვერევიო” განაცხადებ და წყნარად მოიწმინდავ. სამწუხაროდ ხალხის დიდი ნაწილი დაშინებულია და ხმას არ იღებს. დაშინებული იქნება აბა რა, როდესაც ქვეყანაში 40 ათასზე მეტი პატიმარი და 300 ათასი პრობაციონიერია. მოსახლეობაში დიდი შიშია დანერგილი.


- დღევანდელი დრო სტალინის ეპოქას მაგონებს, როდესაც კედლებსაც კი ყურები ჰქონდათ გამობმული. რასაკვირველია ტექნიკა ამჟამად უფრო განვითარებულია და ტოტალური მოსმენების პოლიტიკა წინ არის წასული. ყოველივე ამან საქართველოში მასობრივი ხასიათი და მახინჯი ფორმები მიიღო. ქართული ძალოვანი სტრუქტურები ძირითადად იმაზე მუშაობენ, რომ ციხეებში რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოათავსონ. ამ დაჭერების ორგანიზატორებს არ ესმით რომ მათი საქციელის გამო პასუხს თავად თუ არ აგებენ, მათ შთამომავლებს აუცილებლად მოეკითხებათ.

მიკვირს ამჟამინდელი ქართველი ახალგაზრდობის პასიური პოზიციაც. რასაკვირველია ყველა მათგანზე საუბარი არ მაქვს. მე რომ მათი ასაკისა ვიყო, ბევრად უფრო აქტიური ვიქნებოდი. ხშირია შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდებს ვესაუბრები და ვუხსნი საქართველოში პატიმრები როგორ არაადამიანურ მდგომარეობაში იმყოფებიან. პასუხად მესმის – “არ მაინტერესებს”. რას ჰქვია არ გაინტერესებს. ხვალ შენ რომ დაგიჭერენ და საკანში უდანაშაულოდ გამოგამწყვდევენ მერე ხომ დაგაინტერესებს!

მიმაჩნია რომ შიშის სინდრომი ყველამ უნდა გადავლახოთ. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი ხელოვანებმაც უნდა შეასრულიონ. საზოგადოებაში ცნობად სახეებს წარმოვადგენთ და ხალხს ჩვენი სჯერა. ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს. დღეს საქართველო გადარჩენა-დაღუპვის ზღვარზეა და ინდეფერენტულობის დრო აღარ არის. მე პირადად ბრძოლას ბოლომდე ვაპირებ და იმედი მაქვს რომ ანალოგიურად არაერთი თანამემამულე ფიქრობს.


- ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახით რეალური პოლიტიკური ძალა გამოჩნდა. დარწმუნებული ვარ, “ქართული ოცნება” ამჟამინდელ მმართველ ხელისუფლებას დაამარცხებს და მომავალ არჩევნებზე უპირობოდ გაიმარჯვებს. ბატონმა ბიძინამ ხალხში დიდი იმედები გააჩინა და იმედი მაქვს რომ ნდობას ბოლომდე გაამართლებს. მთავარია “ქართული ოცნების” გვერდით ყველა საღად მოაზროვნე პარტიებისა და მოძრაობების გაერთიანება მოხდეს. არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნების შედეგები გააყალბონ, მაგრამ ხალხმა საკუთარი ხმები აქტიურად უნდა დაიცვას. დაუმარცხებელი მტერი არ არსებობს, ამიტომ ერთი საერთო  მიზნისათვის მთელი ერის გაერთიანებაა საჭირო.