ჯანრი კაშია

ჯანრი კაშია

ჯანრი კაშიას  ხვალ, 18 მარტს, ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ცნობილი ქართველი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე ბოლო წლების განმავლობაში უცხოეთში ცხოვრობდა. იგი 11 მარტს, პარიზში კარდეოლოგიური ოპერაციის დროს გარდაიცვალა. presage,tv    გთავაზობთ ჯანრი კაშიას მოკლე ბიოგრაფიას, რომელიც მისმა ახლობლებმა მოგვაწოდეს. 

ჯანრი კაშია 1939 წლის 8 მაისს ბათუმში დაიბადა. 1964 წელს დაამთავრა თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1967 წლიდან კოტე ბაქრაძის წარდგინებით თბილისის სამხატვრო აკადემიაში ასწავლიდა ფილოსოფიას, ხელოვნების ისტორიასა და თეორიას, ხოლო 1969 წლიდან ამავე აკადემიის ხელოვნების თეორიისა და ისტორიის, ესთეტიკისა და პედაგოგიკის ფაკულტეტის დეკანია. 70-იანი წლების ბოლოს კაშია საცხოვრებლად გადადის ქ.მოსკოვში, უკავშირდება დისიდენტურ ჯგუფებს და მრავალი მცდელობის შედეგად ტოვებს საბჭოთა კავშირს, მიემგზავრება საფრანგეთში, სადაც იღებს პოლიტიკურ თავშესაფარს. 

საზღვარგარეთ ჯ.კაშია მოღვაწეობს რადიო „თავისუფლების“ მიუნხენის ქართულ რედაქციაში; 1983 წლიდან, როგორც ჟურნალისტი, ხოლო 1984-86 წლებში, როგორც მთავარი რედაქტორი. საქართველოს მოქალაქეებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის პირობებში რადიო „თავისუფლება“ სიმართლის გაგების ერთადერთ მიუკერძოებელ წყაროს წარმოადგენდა, რაშიც ჯ.კაშიას დამსახურება უდავოდ დიდია. 1984 წელს ჯ.კაშია იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში დალავერის და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტებში. ჟურნალისტურ მოღვაწეობასთან ერთად 1984-86 წლებში ჯ.კაშია გერმანიის გაერთიანებისა და ტოტალიტარიზმის შესწავლის საკითხებზე მომუშავე „აღმოსავლეთ-დასავლეთის კვლევის ცენტრის“ მიწვეული პროფესორია. 

საფრანგეთის ქართულ ემიგრაციაში ჯ.კაშია. უახლოვდება სალომე ზურაბიშვილს, რომელიც იმ დროს დიპლომატიურ სამსახურშია, აქტიურად არის დაინტერესებული საბჭოთა კავშირის საკითხებით, და კერძოდ დაკავებულია ქართული ანტისაბჭოთა ლიტერატურის თარგმნითა და გავრცელებით. საერთო ინტერესები განაპირობებენ მათ პიროვნულ დაახლოებას და საბოლოოდ დაოჯახებას. 1986 წლიდან ჯ.კაშია გადადის საცხოვრებლად პარიზში, მაგრამ აგრძელებს თანამშრომლობას რადიო „თავისუფლებასთან“, როგორც კორესპონდენტი. 1992 წლიდან ჯ.კაშია საფრანგეთის მოქალაქეა. 

 ჯ.კაშიას და ს.ზურაბიშვილის ერთობლივი მოღვაწეობა კიდევ უფრო შორს მიდის მათი დაოჯახების შემდეგ, აარსებენ ქართულ-ევროპულ ინსტიტუტს, აჯილდოვებენ ქართული საზოგადოებისა და კულტურის მოღვაწეებს („ილია ჭავჭავაძის სახელობის“ პრემია), საზღვარგარეთ აწყობენ ქართული ხელოვნების გამოფენებს. 90-იანი წლების დასაწყისში ჯ.კაშია ს.ზურაბიშვილთან ერთად გამოსცემს ჟურნალ „ივერიას“, რომელიც სხვადასხვა საკითხების გაშუქებასთან ერთად აერთიანებს ზ.გამსახურდიას ხელისუფლების წინააღმდეგ არსებულ ოპოზიციურ აზრს, რის გამოც იმსახურებს ამ უკანასკნელისა და საფრანგეთის ქართული ემიგრაციის ნაწილის მძაფრ კრიტიკას. 

1992 წლიდან ბატონი ჯანრი თანამშრომლობას იწყებს საქართველოში "ქრისტიანულ-დემოკრატიული" მიმართულების პოლიტიკურ წრეებთან. იგი აირჩიეს საქართველოს "ქრისტიანულ - დემოკრატიული" კავშირის საპატიო თავმჯდომარედ. კავშირის სხვა წევრებთან ერთად  აფუძნებს ანალიტიკურ ჟურნალს "ქრისტიანული დემოკრატია", რომლის ფურცლებზეც ხშირად ქვეყნდებოდა მისი შრომები. 

 1993-1997 წლებში ჯ.კაშია თანამშრომლობს ფრანგულ ჟურნალ „politique Internetionali“-თან, რა დროსაც იკვლევს ძირითადად პოსტ-ტოტალიტარული ქვეყნების განვითარების გზებს, მათ წინაშე მდგარ გამოწვევებსა და სირთულეებს. იწერს ინტერვიუებს ლიტვის პრეზიდენტთან ბ.ა. ბრაზაუსკასთან, საქართველოს სამხედრო საბჭოს მეთაურთან ე. შევარდნაძესთან, ესტონეთის პრეზიდენტთან ბ.ლ. მერისთან, ლატვიის პრეზიდენტთან ბ.გ. ულმანისთან, ლიტვის სეიმის თავჯდომარესთან ვ.ლანდსბერგისთან, ლიტვის პრეზიდენტთან ბ.ადამკუსთან, სომხეთის პრეზიდენტთან რ.ქოჩარიანთან და სხვა. 

 2003 წელს ს.ზურაბიშვილის საქართველოში ჯერ საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, მოგვიანებით კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ ჯ.კაშია ბრუნდება საქართველოში და ტელეკომპანია „იმედზე“ მიჰყავს თოქ-შოუ „არჩევანი თქვენ“. ამ გადაცემებისას ის ცდილობს შექმნას თავისუფალი აზრის, საზოგადოებრივ საკითხებზე საჯარო მსჯელობის მაგალითები. ამავე არხზე იწყებს მეორე გადაცემას „ნადიმი ჯანრი კაშიასთან“, რომელიც უკვე მაღალ ინტელექტუალურ თემებს ეთმობა და განიხილავს მეცნიერების თანამედროვე მიღწევებს და მათ კორელაციას ადამიანის აზროვნებასთან. 

 ს.ზურაბიშვილის ხელისუფლებასთან დაპირისპირებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობაში ჩართვის შემდეგ ჯ.კაშია ერთგვარად ჩრდილში ინაცვლებს და საზოგადოებრივ ასპარეზს უთმობს მეუღლეს. ჟურნალისტისადმი არსებული ინტერესის მიუხედავად იშვიათი ხდება ჯ.კაშიას გამოსვლები ტელევიზიით, პრესით, რადიოთი. მიუხედავად იმისა, რომ ის მხარში უდგას ს.ზურაბიშვილის საზოგადოებრივ წამოწყებებს და მეუღლის თანამოაზრედ გვევლინება. ჯ.კაშია  უფრო მეტად ჩართულია საგანმანათლებლო, სამწერლო-ფილოსოფიურ საქმიანობაში. 

ვრცელია ჯ.კაშიას, როგორც ფილოსოფიური ისე ლიტერატურული მემკვიდრეობა. საწყის ეტაპზე მის შემოქმედებას ახასიათებს ღია დაპირისპირება მიღებულ იდეოლოგიურ, ლიტერატურულ, ენობრივ ნორმებთან. 1958 წელს მისი პირველი ლიტერატურული მცდელობა „მარტორქა“, წარუმატებლობას განიცდის ე.იონესკოს ნაწარმოებთან მსგავსების გამო, მაგრამ ჯ.კაშიას მთელი შემდეგი შემოქმედება ნათელს ხდის, რომ მარტოსული ადამიანის „მოგზაურობა“ აბსურდულ, გაუკუღმართებულ გარემოში მისთვის არა ნასესხები არამედ თანდაყოლილი განცდაა, რისი საუკეთესო მაგალითებიც არის „ქარხანა“ (1962) „შესაქმე - სივრცის შედედება“ (1963) „შენობა - დროის შედედება“ (1967), „პარისიკონი“ (1991). ჯ.კაშიას მხატვრულ სურათს, კიდევ უფრო ამძაფრებს რთული, ხშირად ხელოვნური უაზრობებით გადატვირთული ენა, რაც ამხელს საყოველთაოდ მიღებული, ენობრივად გამართული მკვდარი ფორმების მიღმა დარჩენილი „ცოცხალი ცნობიერების“ აბსურდულ მდგომარეობას. ჯ.კაშიას მხატვრული ნაწარმოებები გაჯერებულია ღრმა ფილოსოფიური-ფსიქოლოგიური წიაღსვლებით. 

 ლიტერატურულზე კიდევ უფრო მეტად საყურადღებოა ჯ.კაშიას ფილოსოფიური ნააზრევი, რომლის ჩამოყალიბება საწყის ეტაპზე მნიშვნელოვნად განაპირობა კ.ბაქრაძესთან, ზ.კაკაბაძესთან, მ.მამარდაშვილთან, ა.პიტიგორსკისთან ახლო ურთიერთობამ. თუმცა შემდგომში ჯ.კაშია ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებაში ინტეგრალური თეორიის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელად შეიძლება მივიჩნიოთ. ის ავითარებს კ.ვილბერის და ჰოლოგრამული პარადიგმის თეორიის წარმომადგენელთა დ.ბიიომის, კ.პრიბრამის და სხვა შეხედულებებს და ახდენს ქართული კულტურის, სახელმწიოფებრიობის ისტორიის, ენის ხელახალ გააზრებას. ამის შესანიშნავი მაგალითებია „უბისი: რენესანსი ურენესანსოდ I“ (1998), „უბისი: რენესანსი ურენესანსოდ II“ (2005) „დანტე და რუსთეველი“ (2011), სადაც განსხვავებულ შუქშია წარმოჩენილი ქართული კულტურის და ისტორიის თითქმის ყველა საკითხი. 

ჯ.კაშიას შემოქმედებას ახასიათებს ზედმიწევნითი თანმიმდევრულობა და საკითხების კონკრეტული მიმართულებით კვლევის სპეციფიკა. თუ შემოქმედების საწყის ეტაპზე ის ცდილობს მხატვრულად გადმოსცეს ადამიანის „სამყოფელის“ სახეცვლილება, შემდომში ჯ.კაშია იწყებს ამ მგდომარეობის გააზრებას და ამ მდგომარეობიდან „გამოსავალი“ გზების ძიებას. ტოპოლოგიური ანალიზის გზით, ის აღადგენს ისტორიის არქეტიპებს, კულტურულ მატრიცებს. 

ჯ.კაშია მიიჩნევს, რომ სამყარო (როგორც „ჰოლოგრამა“) ერთის, ღმერთის მოფიქრებულია. შესაბამისად, პირველადი „ერთი“ უკვე არის ის, რაც თავის თავში მოიცავს ყველაფერს, რაც შემდგომში მისგან წარმოსდგება. ამ ხედვას უსადაგებს ის ქართულ კულტურას და ტოპოლოგიურად გამოარჩევს, ხანგრძლივი დეფორმაციის მიუხედავად შენარჩუნებულ ეროვნულ არქეტიპებს. ჯ.კაშიას მოსაზრებით მსგავსი არქეტიპები სხვადასხვა „ეკუმენის“ ზეგავლენის პირობებში შეიძლება აღმოჩენილ იქნას მხოლოდ ერთეულებში, მათ „ზრდილობაში“, „კაცობაში“ (ამ სიტყვების არატრადიციული გაგაებით). ქართული კულტურისათვის ჯ.კაშია ასეთებად მიიჩნევს გიორგი ჭყონდიდელს, შოთა რუსთაველს... (როგორც დაკარგული საწყისის ახლად დამაფუძნებლებს); ელინისტურ კულტურაში პლატონს, აღმოსავლურ ქრისტეანობაში მაქსიმე აღმსარებელს, ისლამში მოლა სადრას... 

1964 წლიდან, როდესაც ჯ.კაშია წერს პირველ გამოკვლევას „გველისმჭამელი“ მის უკანასკნელ ნაწარმოებამდე „დანტე და რუსთევალი“ ავტორის წინაშე დგას ერთადერთი საკითხი, გამოარკვიოს ისტორიული დროის მანძილზე, როგორ ხდებოდა ცალკეულ ცნობიერებაში - იქნებოდა ეს პოლიტიკური მოღვაწე გიორგი ჭყონდიდელი, თუ პოეტი ვაჟა-ფშაველა - იმ ჰოლოგრამის აღდგენა-შენარჩუნება, რომლის დეფორმაციის შედეგადაც იყო გამოწვეული „ღმრთის ხატად შექმნილი კაცის“ გადაქცევა „მდაბიოდ“ (არაბ. „ხალხად“), როგორ შეიძლებოდა ამ უხერხემლო რუხი მასისაგან „ქართველის“, ანუ კულტურის „ზრდილობის/კაცობის“ მატარებელი ადამიანის გადარჩენა. ამგვარი ეროვნული სულისკვეთებით შეიძლება აიხსნას ჯ.კაშიას „განაპირება“ და მისი შინაგანი დაპირისპირება სახალხო მოძრაობებთან, მასს-კულტურებთან, კოსმოპოლიტურ იდეოლოგიებთან და მუდმივი მუშაობა იმ დაკარგული „ქართველობის“, „ქართული ზრდილობის“, „ქართული კაცობის“ აღდგენაზე, რომელიც მიაჩნდა საქართველოს გადარჩენის, ქვეყნის მომავლის უზრუნველყოფის ერთადერთ საშუალებად. 

ჯ.კაშიას აქვს თარგმანები, არის მრავალი სოციოლოგიური ნაშრომის ავტორი „თავისუფლება და ფედერალიზმი“, „ტოტალიტარიზმის რეინკარნაცია“ და სხვა. აქვს ქართველოლოგიური ძიებებიც, თუმცა ზოგიერთი ენათმეცნიერული კვლევა თამამი ავტორისეული სტილის გამო მოკლებულია სამეცნიერო დასაბუთებას. 

 ჯ.კაშია იყო თბილისის ბავშვთა სამხატვრო გალერეის თანადამაარსებელი და პირველი დირექტორი, აიბი ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის პროფესორი. ფლობდა რუსულ, ფრანგულ და ინგლისურ  ენებს. ჯ.კაშია გადაღებულია მ.კობახიძის მოკლემეტრაჟიან ფილმში „ქორწილი“.