პავლე კუბლაშვილი პარლამენტს მრავალმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით პროექტს წარუდგენს

პავლე კუბლაშვილი პარლამენტს მრავალმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით პროექტს წარუდგენს

ოპოზიციონერი დეპუტატი პავლე კუბლაშვილი მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის ამოქმედების ინიციატივით გამოდის, რომლის თაობაზეც შესაბამისი საკანონმდებლო პროექტის ინიცირებას მიმდინარე კვირას გეგმავს.

როგორც კუბლაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განმარტა, მისი შეთავაზება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას შეესაბამება და კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას არ ითხოვს.

პავლე კუბლაშვილი დარწუნებულია, რომ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის ინიციატივას პოლიტიკური ძალების მხარდაჭერა ექნება.

"ეს არის ვარიანტი, რომელიც ერთი მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უპასუხებს და მეორე მხრივ, ხმათა თანასწორობის პრინციპს დაიცავს. ასევე საკითხის ირგვლივ პოლიტიკურ ძალებს შორის გარკვეული კონსენსუსი იქნება. ვერ ვხედავ ვერც ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, რომელიც პარლამენტში ინიცირებულ პროექტს მხარს უჭერს. ნუ წარმოადგენთ საკითხს ისე, თითქოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით პარლამენტი გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა - ეს ასე არ არის. საკონსტიტუციო სასამართლოს არ უთქვამს, რომ აუცილებლად ერთმანდატიანი საარჩევნო სისტემა უნდა დარჩეს და მხოლოდ ოლქები გათანაბრდეს", - განაცხადა კუბლაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

კომიტეტმა დღეს მაჟორიტარული ოლქების საზღვრების შეცვლასთან დაკავშირებული ცვლილებები განიხილა.