უმრავლესობის აზრით, მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქების საზღვრებთან დაკავშირებული ცვლილებები, ხმათა თანაბარწონადობას უზრუნველყოფს

უმრავლესობის აზრით, მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქების საზღვრებთან დაკავშირებული ცვლილებები, ხმათა თანაბარწონადობას უზრუნველყოფს

მმართველი უმრავლესობის შეფასებით, საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებით, შეძლებისდაგვარად, მიღწეული იქნება ხმათა თანაბარწონადობა და ამით საარჩევნო კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან.

ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ითქვა, სადაც 73 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრების შეცვლის ინიციატივას პირველი მოსმენით იხილავენ.

"მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების განსაზღვრას შემდეგი პრინციპი უდევს საფუძვლად: ერთ საარჩევნო ოლქში ერთზე მეტი მუნიციპალიტეტის გაერთიანება; იგეგმება მუნიციპალიტეტებიდან ნაწილის გამოყოფა და სხვა მუნიციპალიტეტისთვის მიერთება, ოღონდ გამოყოფილი ნაწილი ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს უნდა ემთხვეოდეს და ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქი არ უნდა დაიყოს; ასევე საარჩევნო ოლქების დიდი ნაწილი განისაზღვრება კანონით და პარლამენტის უფლებამოსილების პერიოდში, ანუ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე ეს საზღვრები არ შეიცვლება. საარჩევნო ოლქების ნაწილის საზღვრებს, რაც ქალაქებს ეხება, ცენტრალური საარჩევნო კომისია დაადგენს", - განმარტა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ.

მისივე თქმით, საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების გამოქვეყნების შემდეგ დაისვა მთელი რიგი წინადადებები, პროექტით წარმოდგენილ მაჟორიტარიულ ოლქის ცალკეული ნაწილების გადანაცვლების შესახებ.

საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებით, თბილისში 10 მაჟორიტარული ოლქის ნაცვლად, 18 მაჟორიტარული ოლქი შეიქმნება. საქართველოს დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მუნიციპალიტეტების გაერთიანების, ან პირიქით - გაყოფის, ან მუნიციპალიტეტთან სხვა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიერთების გზით 42 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება, ხოლო 13 მუნიციპალიტეტის (საგარეჯოს, გურჯაანის, ახმეტის, ხაშურის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, მესტიის, საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს, სენაკის, ქალაქ ზუგდიდის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტები) საზღვრები თანხვედრაში იქნება მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებთან.

კანონპროექტს უმრავლესობაში შემავალი შვიდი ფრაქციიდან ექვსი ფრაქცია აწერს ხელს. მას ხელს არ აწერს ფრაქცია - "უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები".