"თავისუფალი დემოკრატები" 2016 წლის არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას

"თავისუფალმა დემოკრატებმა" მთაწმინდის რაიონული ორგანიზაციის კონფერენცია გამართეს, სადაც რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აირჩიეს. მთაწმინდის რაიონულ ორგანიზაციას ირაკლი გელოვანი უხელმძღვანელებს.

როგორც კონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი ალასანიამ განაცხადა, 2016 წლის არჩევნებისთვის პარტია განსაკუთრებულად ემზადება, რადგან არჩევნებზე დამოუკიდებლად იქნებიან წარდგენილნი.

"მთაწმინდა თბილისის გულია და ყოველთვის ძლიერად ვიყავით "თავისუფალი დემოკრატები" წარმოდგენილი ორგანიზაციულად. 2016 წლის არჩევნებისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით, იმიტომ, რომ ამ არჩევნებში "თავისუფალი დემოკრატები" დამოუკიდებლად ვიღებთ მონაწილეობას. დღეს შიდა დემოკრატიის პარინციპით არჩეულ იქნა მთაწმინდაზე პარტიის გამგეობა და გამგეობამ აირჩია თავმჯდომარე ირაკლი გელოვანი. ირაკლი გელოვანი არის ის ახალგაზრდა, რომელიც შეძლებს შეკრას ყველა თაობა. ჩვენ დიდი სამუშაო გვექნება ჩასატარებელი მთაწმინდაზე, რადგან მოსახლეობა გაუცხოებულია ხელისუფლებისგან და იმედგაცრუებულია. ამას აღდგენა და ნდობა სჭირდება და დარწმუნებული ვარ, "თავისუფალი დემოკრატები" ამას შეძლებენ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მთაწმინდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი გელოვანმა კი ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ის მაქსიმუმს გააკეთებს და ეცდება, პარტიის საარჩევნო პრიორიტეტები მოსახლეობამდე მიიტანოს.

"თავისუფალმა დემოკრატებმა" 9 რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე უკვე აირჩიეს. დარჩა ერთი კრწანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევა.