საქართველოში მრავალპარტიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებით გუშინ საზეიმო მიღება გაიმართა.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ყოფილ კოლეგებს, საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობის წარმომადგენლებს, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეებს თბილისის საკრებულოს შენობში უმასპინძლა. მიღებას ესწრებოდა დიპლომატიური კორპუსი და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.
მრავალპარტიული არჩევნების ჩატარების 25 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს შვიდივე მოწვევის პარლამენტის წევრები შეიკრიბნენ. მათ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარეებმა და ვიცესპიკერებმა მიმართეს. ეს დღე შეკრებილებს საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცა და განცხადება გააკეთა პარლამენტის მოქმედმა თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილმა.
"ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში არჩევითი დემოკრატიის დამკვიდრების 25 წლისთავს. ჩვენ აღვნიშნავთ ახალი ეპოქის – თავისუფალი ეპოქის 25 წლისთავს. ეს 25 წელი სავსე იყო უამრავი სიხარულით და წუხილით. ჩვენ ძალიან ბევრი რამის მომსწრე ვართ, რითაც ვამაყობთ. ამასთან, ვართ ბევრი რამის მომსწრე, რისიც ალბათ დღეს გვრცხვენია. ჩვენ ბევრი რამ ერთად ვიზეიმეთ, მაგრამ გლოვაც მოგვიწია ერთად. ეს არის ჩვენი საქართველოს, ჩვენი სამშობლოს უახლესი ისტორია", - მიმართა შეკრებილებს დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, სიმბოლურია, რომ დღეს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანები შეიკრიბნენ – სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები, სხვადასხვა შეხედულებების მქონე პირები, სხვადასხვა ეროვნების, სარწმუნოების და ასაკის ადამიანები.
"ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელსაც ქართველი ხალხი სხვადასხვა არჩევნების დროს ირჩევდა და საქართველოს პატრონობას გვანდობდა. დარწმუნებული ვარ, თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი გავაკეთეთ ამისთვის – მოვინდომეთ და ძალიან ბევრი რამ გამოგვივიდა. ჩვენ საქართველო შევქმენით, კონსტიტუცია მივიღეთ და ქვეყანაში თავისუფლება და მრავალპარტიულობა დავამკვიდრეთ, მაგრამ ბევრი რამ კიდევ გასაკეთებელია და ესეც კარგად გვესმის. დღევანდელი შეკრებით გვინდა ხაზი გავუსვათ ერთ რამეს – ჩვენ უფრო მეტად უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ახლა გადავხედოთ გარშემო ადამიანებს და გავიხსენოთ რა ურთიერთობა გვქონდა ზოგჯერ ერთმანეთთან. გვეგონა, რომ ის დღე სამკვდრო-სასიცოცხლო იყო. იმ დღეს უნდა გაგვენადგურებინა მოწინააღმდეგე და საქართველო გაბრწყინდებოდა. მოდი ყველამ ერთად გავიაზროთ, რომ საქართველო მაშინ გამთლიანდება და მაშინ გაიმარჯვებს, როდესაც ასეთ ამბებს თავს დავანებებთ, ერთმანეთს კი არ გავანადგურებთ, ერთმანეთს გავეჯიბრებით. ერთმანეთს კი არ ვუმტრობთ, ვიქნებით ერთმანეთთან კონკურენციაში. სიყვარული იქნება ჩვენთვის გზის მანათობელი და არა პოლიტიკური ამბიციები", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მან გაიხსენა პარლამენტის გარდაცვლილი თავმჯდომარეები: ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე და ზურაბ ჟვანია. ასევე აღნიშნა, რომ დღეს 200-ზე მეტი დეპუტატი ცოცხალი აღარ არის.