„პატრიარქისთვის შეწყალების უფლების ქონა, საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება“

„პატრიარქისთვის შეწყალების უფლების ქონა, საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება“

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, თუ პატრიარქს აქვს იმის განცდა, რომ უფრო მეტი პატიმარი იმსახურებს შეწყალებას, ამისთვის საკმარისია საქართველოს პრეზიდენტმა მისი რეკომენდაციები უფრო მეტად გაითვალისწინოს.

როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, ის არ ისურვებდა, რომ მისი ეკლესიის სულიერ ხელმძღვანელს  შეწყალების უფლება ჰქონდეს.

„სასულიერო პირს, პატრიარქს რომ შეწყალების უფლება ჰქონდეს, ეს საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. თუ ეს გაკეთდებოდა, კონსტიტუციურ პრობლემებს წავაწყდებოდით და დავარღვევდით იმ პრინციპს, რასაც სახელმწიფოს და ეკლესიის გაყოფა ეწოდება. აქედან გამომდინარე, ეს ინიციატივა ალბათ ხორცს ვერ შეისხამდა. ასეც რომ არ იყოს, მართლმადიდებელი ვარ და არ ვისურვებდი, რომ ჩემი ეკლესიის სულიერ ხელმძღვანელს შეწყალების უფლება ჰქონდეს, რადგან შეწყალების უფლება როცა გაქვს, გიწევს ასევე უარი თქვა შეწყალებაზე. ეს ძალიან დიდ ნეგატივს მიმართავდა პატრიარქისადმი, რასაც ნამდვილად არ ვისურვებ. საერო ხელისუფლება იმიტომ ვართ, რომ ეს ნეგატივი ჩვენ მივიღოთ, როდესაც მოქალაქეს უარს ვეუბნებით. რაიმე ტიპის ცვლილებები ამ მხრივ საჭირო არ არის. თუ პატრიარქს აქვს იმის განცდა, რომ უფრო მეტი პატიმარი იმსახურებს შეწყალებას, ამისთვის საკმარისია საქართველოს პრეზიდენტმა უფრო მეტად გაითვალისწინოს სასულიერო პირების, მათ შორის პატრიარქის რეკომენდაციები. ამით ეს პრობლემა ამოიწურება“, - განაცხადა წულუკიანმა.