საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით დღეს ბულგარეთის რესპუბლიკას ეწვევა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, სოფიას საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს მთავრობის მეთაურს ბულგარელი კოლეგა, ბოიკო ბორისოვი უმასპინძლებს. დაგეგმილია მოლაპარაკებები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.
ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები ხელს მოაწერენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით; ასევე, ორი ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის, გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ როსენ პლევნელიევთან.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია იმყოფებიან.