ჩვენ დიდი სიყვარული შეგვიძლია, მაგრამ გვავს ერთადერთი ნაკლი, არ შეგვიძლია თანადგომა, - ამის შესახებ ცურტაველმა მიტროპოლიტმა, მეუფე ვახტანგმა (ახვლედიანი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ორი წმინდანის – გრიგოლ ფერაძისა და ალექსანდრე ნეველის ხსენების დღეს აღნიშნავს, რასთან დაკავშირებითაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, სამების საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა, მრევლის კი ქადაგებით მეუფე ვახტანგმა მიმართა. მან გრიგოლ ფერაძის ღვაწლზე ისაუბრა და მრევლს ერთიანობისკენ მოუწოდა.
"ქართველი კაცი ღვთივ არის მოსიყვარულე, თავდადებული. ჩვენ დიდი სიყვარული შეგვიძლია, მაგრამ გვაქვს ერთადერთი ნაკლი. ეს ნაკლი არის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია თანადგომა. ეს არის, მე ვიტყოდი, ჩვენი უბედურება, მაგრამ ჩვენ ეს უნდა გადავლახოთ და წარმოვაჩინოთ ჩვენი ღირსება. ქართველები თუ ერთად დავდგებით, ჩვენ ჩვენი სიყვარულით და თანადგომით, ჩვენი შემართებით, რწმენით, ყოველთვის გამარჯვებულები გამოვალთ ამ ქვეყანაზე. ჩვენ გვყავს კეთილმოსურნენი და ამავე დროს გვყავს არაკეთილმოსურნენი, ჩვენ გვყავს ხილული და უხილავი მტერი, მაგრამ საქართველო არის ღვთივგამორჩეული ქვეყანა. ეს არის ქვეყანა, რომელსაც ჰყავს ასი ათასი მოწამე", - განაცხადა მეუფე ვახტანგმა და აღნიშნა, რომ მსოფლიო ისტორიაში არ არსებობს ანალოგი, როდესაც ქრისტესთვის ასი ათასი მოწამე ერთ დღეს აღესრულა.
მეუფე ვახტანგის თქმით, ასი ათასი მოწამის მადლი დღესაც შეეწევა საქართველოს. "ჩვენ ბედნიერი ერი ვართ, რომ არსებობს საქართველო. ჩვენზე დიდი ერები ყოფილან, შეიძლება ითქვას, კულტურაც ჰქონდათ ჩვენზე დიდი, მაგრამ არ არიან, აღიგავნენ პირისაგან მიწისა და ყვითელმა პერგამენტებმა შემოგვინახეს მათ შესახებ ინფორმაცია. მაშ როგორ გადავრჩით ჩვენ, ნუთუ არ არის სასწაული, რომ უფალმა მოგვიყვანა აქამომდე და მართლაც ღვთის მადლით, ამ ერს გადაშენება არ უწერია", - განაცხადა მეუფე ვახტანგმა და დასძინა, რომ საქართველო იყო, არის და იქნება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კი წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ რამდენიმე ღვთისმსახური დააჯილდოვა და #164-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები დალოცა.