თუ არა "რესპუბლიკური პარტია", მმართველი კოალიცია ვერ შედგებოდა, - აღნიშნული განცხადება "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილმა თავმჯდომარემ, პარლამენტის სპიკერმა დავით უსუფაშვილმა პარტიიის რიგით მე-16 ყრილობაზე გააკეთა.
"მე ამას ვამბობ არა მხოლოდ ემოციებით, არამედ ცოდნით. თუ ვინმემ იცის რაიმე, თუ როგორ შეიქმნა კოალიცია, როგორ მუშაობდა კოალიცია დღემდე და როგორ მუშაობს დღეს, მეც ვარ ერთ-ერთი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ამაყები იმით, რასაც კოალიციამ მიაღწია და უნდა ვიცოდეთ, რომ გვეკისრება პასმუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რასაც კოალიცია ვერ მიაღწევდა, რაშიც მას პრობლემა და ჩავარდნა ექნება. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია. ჩვენ ვართ კოალიციის შედარებით მომცრო სუბიექტი, მაგრამ არა ნაკლები პასუხისმგებლობით ვინმე სხვაზე. მოხარული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორების უმრავლესობა საკითხს სწორედ ასე უყურებს", - მიმართა დავით უსუფაშვილმა ყრილობაზე შეკრებილ დელეგატებს.
უსუფაშვილის აზრით, "რესპუბლიკურმა პარტიამ" საკუთარ ამოცანად უნდა აქციოს არა მხოლოდ პარტიის განვითარება, არამედ პოლიტიკური სივრცის მოწესრიგება და მისი მრავალპარტიულობამდე მიყვანა. მისივე თქმით, ამას სჭირდება როგორც შესაბამისი საკონსტიტუციო მოდელის ჩამოყალიბება, რისკენაც ნაბიჯები გადაიდგა, ისე კოალიციური კულტურის ჩამოყალიბება და დახვეწა.