სწავლის გადასახადის შემცირების მოთხოვნით ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის წინ სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობასთან მიმართებით 2 250 ლარის ოდენობის გადასახადი შეუსაბამოა. სწორედ ამის გამო არაერთ სტუდენტს სტატუსი შეუჩერეს, რადგან გადასახადის გადახდას ვერ ახერხებენ. მეტიც, ყოფილა ისეთი ცინიკური შემთხვევაც, როცა მხოლოდ 14 ლარის გადასახადი ჰქონდა დარჩენილი სტუდენტს და დავალიანების გამო ისიც გაუშვეს უნივერსიტეტიდან. დღევანდელ აქციაზე ახალგაზრდები ინიციატივით გამოვიდნენ, რომ წარჩინებულ სტუდენტებს, რომლებსაც 91-ქულიანი ზღვარი გადალახული აქვთ, სწავლის გადასახადი საერთოდ მოეხსნათ, ან სახელმწიფო დაუდგეს გარანტად, რათა მათ იაფი სესხი აიღონ და სწავლის დასრულების შემდეგ საკუთარი შრომით დაფარონ დავალიანება. სტუდენტები თვითმმართველობებში არსებულ პრობლემებსაც შეეხნენ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებით დაკომპლექტებულ და პარტიის ინტერესების გამტარებელ ორგანოდ მიიჩნიეს. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, აქციაში მონაწილეობას პრეზიდენტის სტიპენდიანტებიც ღებულობდნენ. მათი თქმით, თანაკურსელების დაცვა მათი საზრუნავიცაა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი პრეზიდენტის სტიპენდიას იღებენ. უკვე გადაწყდა, რომ მომავალი, უფრო მასშტაბური აქცია 16 მარტს 13.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ხოლო მომდევნო აქცია - 19 მარტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან გაიმართება. Presage.tv აქციის მონაწილეებს ესაუბრა. როგორც სტუდენტმა ივანე მეფარიშვილმა აღნიშნა, ფინანსური დავალიანების გამო უკვე ათასობით სტუდენტს შეუჩერეს სტატუსი ყველა უნივერსიტეტში. ზოგიერთი სტუდენტი კი დამამთავრებელი კურსიდანაც გარიცხეს. „მოგეხსენებათ, ყველა სტუდენტს არ აქვს საშუალება, სწავლის გადასახი გადაიხადოს. ამასთან, უნდა მოხდეს უნივერსიტეტის დეპოლიტიზება და არ უნდა დააშინონ სტუდენტები. ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ მათ ნებისმიერ უსამართლო გადაწყვეტილებას თავს არ დავუქნევთ“, -აცხადებს მეფარიშვილი. ივანე მეფარიშვილის ინფორმაციით, უმაღლესი სასწავლებლების შესახებ კანონით, უნივერსიტეტებს შესაძლებლობა აქვთ, თავად შეამცირონ სწავლის გადასახადი (რადგან 1-ელი იანვრიდან ისინი არასამეწარმეო იურიდიულ პირებად გადაიქცნენ), მაგრამ სტუდენტისთვის შეღვათის მიმცემი ეს პროექტი განათლების სამინისტრომ და სახელმწიფომ ერთობლივად უნდა შეიმუშავონ. რაც შეეხება სტუდენტების დასაქმების პროგრამას, ივანე მეფარიშვილის აზრით, რეალურად, ეს წინასაარჩევნოდ სტუდენტის მოსყიდვის პროგრამაა, რათა ივლის-აგვისტოს დასაქმებისა და 500 ლარის მოლოდინში სტუდენტი ინდეფერენტული გახდეს და უსამართლობაზე ხმა არ ამოიღოს. „მიგვაჩნია, რომ ამ ერთთვიანი პროგრამით გათვალისწინებული 500 ლარის გამო სტუდენტი არ უნდა დაბრკოლდეს, არ უნდა დახუჭოს თვალი, რადგან მოსალოდნელია, რომ მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაიზარდოს სწავლის გადასახადი და ამ თანხებს ისედაც ამოიღებენ“. ამასთან, ივანე მეფარიშვილი აცხადებს, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ცდილობს, გამოავლინოს პროტესტანტი სტუდენტები და მათ ცალკე დაელაპარაკონ, ფსიქოლოგიური ზეწოლით, დაშინებით აზრი შეაცვლევინონ და აქციებში მონაწილეობა აუკრძლონ. „ყველაფერი დამოკიდებულია სტუდენტზე, თუ რამდენად გამოიჩენს ის პრინციპულობას და იტყვის საკუთარ სათქმელს. ჩვენ უნდა დავანახოთ სახელმწიფოს ახალგაზრდების კოლექტიური პოტენციალი. მოგეხსენებათ, ოქტომბერში რექტორის მისაღებიდან გაგვიტაცეს და მცხეთაში ჩამოგვსვეს. ახლა იციან, რომ ჩვენზე ზეწოლა ამ მეთოდებით აღარ გამოუვათ, ამიტომ სხვა სტუდენტების დაშინებას ამჯობინებენ. მთელი სტუდენტობა ჩვენს აზრს იზიარებს, მათ მშობლებს ამხელა გადასახადის გადახდა არ შეუძლიათ, მაგრამ პროტესტს საჯაროდ ვერ გამოხატავენ“, - აცხადებს ივანე მეფარიშვილი. მისი თქმით, ბევრ პოლიტიკურ პარტიას სურვილი ჰქონდა, მათ სტუდენტურ მოძრაობას შეერთებოდა, დაპირდნენ კიდეც, ას კაცამდე მოგიყვანთ, გვერდით დაგიდგებითო, მაგრამ სტუდენტები აპოლიტიკურობას ამჯობინებენ. „კატეგორიული უარი ვუთხარით. გვირჩვნია, 25-30 გულწრფელი სტუდენტი ვიყოთ, ოღონდ, არ ვიყოთ ასოცირებული რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან“, - აღნიშნა ივანე მეფარიშვილმა. ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მეორე კურსის სტუდენტი ალექსანდრე კობაიძე მოითხოვს, რომ სტუდენტებს დაუყოვნებლივ აღუდგეს სტატუსი, რომელიც თანხის გადაუხდელობის გამო შეჩერებული აქვთ. „მძიმე სოციალური ფონია ჩვენს სახელმწიფოში. 2250 ლარი სტუდენტისთვის კოლოსალურო თანხაა, ამიტომ სახელმწიფომ აიღოს პასუხისგებლობა და დააფინანსოს ჩვენი სწავლა-განათლება. პირადად მე 2250 ლარს ვიხდი, მაგრამ პრეზიდენტის სტიპენდიანტი ვარ და, თუკი შესაბამის ქულებს დავაგროვებთ, 750 ლარს სემესტრში გვაძლევენ. ამის მიუხედვად, ამ სტიპენდიით ჩვენ ვერ ვუზრუნველვყოფთ სწავლის გადასახადის გადახდას. ამიტომ, სახელმწიფომ წარჩინებული სტუდენტები სრულად უნდა დაფინანსოს“. ალექსანდრე კობაიძის თქმით, ხელისუფლებას ძალიან იოლად შეუძლია, სწავლის გადასახადი ისევ 1500 ლარამდე დაიყვანოს. მით უფრო, რომ ბიუჯეტიდან არასწორად იხარჯება განკუთვნილი თანხები. „დაჭმუჭნული ბოთლის დადგმისთვის კოლოსალური თანხა გაიღეს, 160 ათასი დაუჯდათ შლოპანცებიანი კვერცხების დადგმა და ჩვენი დაფინანსება გაუჭირდებთ?“ - კითხულობს აქციის მონაწილე სტუდენტი. |