სვანეთის საგანძურზე ჟურნალისტის სარჩელს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი განიხილავს

სვანეთის საგანძურზე ჟურნალისტის სარჩელს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი განიხილავს

საქართველოს ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ ჩემი სარჩელის განხილვას საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი 14 მარტს, 10.30 წუთზე დაიწყებს. ჩემს უფლებებს სასამართლოში ადვოკატი მამუკა ნოზაძე დაიცავს. სასამართლოსგან მოვითხოვ ეროვნულ მუზეუმს დაევალოს იმ ინფორმაციის მოწოდება, რომელიც საჯაროა და ამავდროულად წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის საგანს - კერძოდ, ეროვნული მუზეუმი ვალდებულია სრულყოფილად, დოკუმენტების ასლების თანხლებით მიპასუხოს სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული საგანძურისა და სხვა ექსპონატების შესახებ დასმულ კითხვებზე.

შეგახსენებთ, რომ საგანძური და სხვა ექსპონატები სახელდახელოდ შეკრულ კონტეინერებში 2011 წლის 28 ივნისს გადაიტანეს. მას შემდეგ, რაც ეს ფაქტი გახმაურდა, კულტურის სამინისტროსა და ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები საჯარო განცხადებებით ირწმუნებოდნენ, რომ ამ ე.წ. კონტეინერების მსგავსი მსოფლიოში არ მოიძებნებოდა, რომ საგანძური სათანადო პირობებში იყო დაცული და ისეთ ქაღალდებში შეფუთული, რომელიც მათ ვიბრაციისგან იცავდა.

სვანეთიდან ჩემს მიერ ჩამოტანილი ფოტო და ვიდეომასალა საპირიპისროს ამტკიცებდა - საგანძურის და სხვა ექსპონატების ირგვლივ სამშენებლო ნაგავი იყო დაყრილი. სახელდახელოდ შეკრული კონტეინერის უკან უშგულთან დამაკავშირებელი გზა გაჰყავდათ, ხოლო კონტეინერის წინ მუზეუმის ძველ შენობას სპეციალური ხელსაწყოებით ანგრევდნენ, რაც იწვევდა ხმაურსა და ვიბრაციას, ისევე, როგორც უშგულთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა.

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ოქტომბერში სპეციალური კომისია შექმნა, რომელიც ეროვნული მუზეუმის კომისიასთან ერთად, ნოემბრის დასაწყისში მესტიაში იმყოფებოდა. ორივე კომისიის წარმომადგენლები (სამი ადამიანის გამოკლებით) სიტყვიერად შეთანხმდნენ იმაზე, რომ საგანძურისა და სხვა ექსპონატების დასაბინავებლად საუკეთესო ადგილი იყო მესტიის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, რომელიც იქაური მეუფის რეზიდენციის ეზოში დგას. საპატრიარქო მუზეუმს ამ ეკლესიას უთმობდა საცავად, აძლევდა გასაღებს და აცხადებდა, რომ  ახალი მუზეუმის აშენებამდე საგანძური და სხვა ექსპონატები შეიძლებოდა განთავსებულიყო წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში. ამ კონკრეტულ საკითხზე 2011 წლის 13 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ქადაგებაშიც ისაუბრა.

18 ნოემბერს საზოგადოების გარკვეულმა ჯგუფმა (შოთა გლურჯიძე, სოსო მანჯავიძე, თეა წულუკიანი, დავით ლილუაშვილი, მანანა კვაჭაძე, მაია ბარნაველი, მირონ ფირცხელანი, თამარ იმნაძე, ლია სიხარულიძე, არჩილ ლეკიშვილი, ნინო მიქიაშვილი, ადა მარშანია, ირმა ინაშვილი) საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას საჩივრით მიმართა, იმ მოტივით, რომ „საქართველოს ხელისუფლების უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ხორციელდება ქმედება, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. კერძოდ, ადგილი აქვს საქართველოს კანონმდებლობით დაცული კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანების ან განადგურებისაკენ მიმართულ მოქმედებებს... აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ გამოიყენოთ თქვენთვის კანონით მონიჭებული უფლებამოსილება, შეასრულოთ თქვენი ვალდებულება და დაიწყოთ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, იმის გამოსაკვლევად, თუ ხელისუფლების კონკრეტულად რომელი უფლებამოსილი წარმომადგენლების მხრიდან იქნა ჩადენილი 259-ე მუხლის (მეორე ნიშნით) მე-2 და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული“.

ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ქვემდებარეობის მიხედვით საჩივარი რეაგირებისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორს, როლანდ ახალაიას გადაეგზავნა.

30 ნოემბერს და შემდეგ 6 დეკემბერს საქართველოს ეროვნულ მუზეუმს წერილობით მივმართე და საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვე. ამასობაში, 2 დეკემბერს საგანძური და სხვა ექსპონატები გადაიტანეს მესტიის მუსიკალური სკოლის დამეწყრილ, ნაპრალებიან და ნესტიან შენობაში, რომელსაც სახელდახელოდ გაუკეთეს კოსმეტიკური რემონტი. საგანძური და სხვა ექსპონატები დღემდე მუსიკალური სკოლის შენობაშია. ხელისუფლების წარმომადგენლები (მიხეილ სააკაშვილი, ნიკა რურუა) და ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე კი ირწმუნებიან, რომ საგანძურის გარშემო ატეხილი ხმაური იყო „ყაყანი და ჭიქაში ქარიშხალი“ და, რომ ყველაფერი სათანადოდ, უმაღლეს დონეზე იყო და არის დაცული.

თუ მართლაც ასეა, მაშინ ეროვნულმა მუზეუმმა კეთილი ინებოს და მიპასუხოს კითხვებზე, რომელიც არის საჯარო და ამავდროულად, საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს. აი, ამ კითხვებზე მიღებული სრულყოფილი პასუხის შემდეგ გახდება ცხადი,  რა პირობებში იყო და არის სვანეთში დაცული საქართველოს საგანძური.

რადგან ჩემს მიერ გაგზვანილი კითხვები ვრცელია და მასთან ერთად ეროვნული მუზეუმიდან მიღებული არასრულყოფილი პასუხის მოთავსება ამ ერთ სტატიაში შეუძლებელია, დაინტერესების შემთხვევაში, ეროვნული მუზეუმისთვის დასმულ კითხვებს ინტერნეტის საშუალებით ამ სათაურებით მოიძიებთ: „სვანეთის საგანძურზე ეროვნული მუზეუმისგან საჯარო ინფორმაციას ველოდებით; სვანეთის საგანძურის გადატანის შესახებ ინტერვიუზე ეროვნულმა მუზეუმმა უარი თქვა“.

ეროვნული მუზუემიდან მიღებულ არასრულყოფილ პასუხს კი, რომელიც 2011 წლის 9 დეკემბრითაა დათარიღებული, აი, ამ სათაურით მომზადებულ სტატიაში გაეცნობით - „სვანეთის საგანძურზე ინფორმაციას ადმინისტრაციული საჩივრით ვითხოვთ“.

დავინტერესდი იმ მოსამართლის ბიოგრაფიით, რომელმაც 14 მარტს ეროვნულ საგანძურთან დაკავშირებული საჩივარი უნდა განიხილოს. მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის მოკლე ბიოგრაფია იუსტიციის საბჭოს ვებგვერდიდან გადმოვწერე, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

დიმიტრი გვრიტიშვილი დაიბადა 1980 წლის 16 ოქტომბერს, დუშეთში. 1998 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის N36 საშუალო სკოლა. 2003 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2003-2005 წლებში მუშაობდა კავშირში „ადვოკატთა ასოციაცია“. 2005-2007 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის საკრებულოსა და მთავრობის აპარატის მთავრობის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.  2007 წელს მუშაობდა ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის იურიდიული სამსახურის სასამართლოსთან ურთიერთობის განყოფილების უფროსად. 2007-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ. 2008 წლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

ვიტოვებ იმედს, რომ მოსამართლე ჩემს მიერ შეტანილ სარჩელს კანონის სრული დაცვით, მიუკერძოებლად განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას გამოიტანს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე და ადვოკატი მამუკა ნოზაძე, რომელიც ამ კონკრეტულ საქმეში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ენთუზიაზმის საფუძველზეა ჩართული, მზად ვართ სამართლებრივი ბრძოლა გავაგრძელოთ - ამ საქმეს გავყვეთ ბოლომდე, თუნდაც ამისთვის ევროპულ სასამართლოში საჩივრის გაგზავნა გახდეს საჭირო.