„სისხლის სამართლის კოდექსი“ მკაცრდება

„სისხლის სამართლის კოდექსი“ მკაცრდება

საქართველოში რასობრივი, ენობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობით ჩადენილი ნებისმიერი დანაშაულისთვის, პასუხისმგებლობა მკაცრდება. ამ გადაწყვეტილების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ეჭვობს, რომ ეს, შესაძლოა, ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას უკავშირდებოდეს და ხელისუფლება პრევენციულ მექანიზმს მიმართავს, რათა ამ გადაწყვეტილების შესრულება უპრობლემოდ მოხდეს.    

კანონპროექტი, რომელიც ცვლილებების შეტანას „სისხლის სამართლის კოდექსში“ ითვალისწინებს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ არის მომზადებული.

ცვლილებების თანახმად, დანაშაულის ჩადენისას რასობრივი, ენობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივი, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის. რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ასეთი სასჯელი მაქსიმალური ზომით დაისჯება.

საქართველოს კანონმდებლობით, ყველა დანაშაულისთვის განსაზღვრულია სასჯელის მინიმალური და მაქსიმალური ოდენობა. გადაწყვეტილებას კი სასამართლო ჩადენილი დანაშაულის გარემოებებიდან გამომდინარე იღებს. 

მიუხედავად იმისა, რომ ამ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვების პროცედურა უკვე დაიწყო, მისი ავტორების მხირიდან ჯერჯერობით არ დასახელებულა მიზეზი, თუ რატომ უნდა მოხდეს კანონის გამკაცრება და თანაც მაინცდამაინც ამ მიმართულებით. მით უმეტეს, რომ აღნიშნული დანაშაული დღეს მოქმედი კანონმდებლობით ისევე ისჯება, როგორც სხვა დანაშაულებები.

სწორედ ამიტომ „ქართული დასის“ ლიდერს, ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრს, ჯონდი ბაღათურიას აინტერესებს, რატომ დაემთხვა დროში რელიგიური ნიშნით შეუწყნარებლობისთვის კანონის გამკაცრება, ბათუმსა და ახალცხიეში მეჩეთების მშენებლობას.

„კანონპროექტის შეფასებამდე უნდა თქვას, რომ ადამიანის დევნა რელიგიური თუ ეთნიკური ნიშნით სამარცხვინო საქციელია და მსგავს ქმედებას, არც ერთი თავმოყვარე სახელმწიფო არ ჩაიდენს. ამას ვამბობ იმიტომ, რომ ჩენი კოლეგების ერთი ნაწილი ცილისმწამებლებად ჩამოყალიბდა“, – აღნიშნავს ბაღათურია და დასძენს, რომ მისი მოსაზრება არ უნდა იყოს აღქმული ისე, თითქოს ის შეუმწყნარებლობის მომხრეა.

ჯონდი ბაღათურია ამბობს, რომ საქართველო მაღალკულტურული ერია და არც ახლა და არც წარსულში, არც ერთი ერის და რელიგიის მიმართ შეუმწყნარებლობა არ გამოუვლენია. დეპუტატი ამ მხრივ მხოლოდ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იხსენებს, სადაც მან ზანგებზე ისაუბრა.

„ერთადერთი, რაც მახსენდება წმინდა რასისტული გამოხტომისა, ეს არის სააკაშვილის გამოხტომა, როცა შავკანიანები ისეთი დაბალი დონის რასად მოიხსენია, რომელთანაც ცუდად მოქცევა შეიძლება და ამაზე, ბოდიშიც არ მოუხდია“, – აცხადებს ბაღათურია.

ამიტომაც იგი დღეს საკითხის აქტუალიზაციას და დანაშაულზე სასჯელის გამკაცრებას, „ბათუმსა და ახალციხეში მეჩეთების აშენების ხელისუფლების დაუძლეველ წყურვილს“

უკავშირებს.

მისი შეფასებით, სასჯელის გამკაცრება დანაშაულისთვის, რომლის მოტივი შეიძლება რელიგიური თუ ეთნიკური სხვა შეუმწყნარებლობა იყოს, ხელისუფლების მხრიდან ერთგვარ მუქარად აღიქმება.

ბაღათურია დასძენს, რომ რელიგიური თუ ეთნიკური ნიშნით შეუმწყნარებლობა, რა თქმა უნდა, მიუღებელია, თუმცა, ამის საკანონმდებლო დონეზე აყვანა მაშინ, როცა ქვეყანაში თურქული ოკუპაციის სიმბოლოს, აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა იგეგმება, კატეგორიულად მიუღებელია.

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით, ნებისმიერი დანაშაულის მოტივი, თუ რასისტული და ეთნიკური შეუმწყნარებლობაა, ეს მოტივი დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლება.

ხელისუფლება აცხადებს, რომ მათთვის ბაღათურიას ეს მოსაზრება გაუგებარია და მხოლოდ „პოლიტიკურ სპეკულაციად“ აფასებენ, მაგრამ ბაღათურიას ამ მოსაზრებას ისიც ამძაფრებს, რომ კანონპროექტში თავდაპირველად საუბარი იყო მხოლოდ „რასობრივი, ენობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუმწყნარებლობით“ ჩადენილ დანაშაულზე. დისკრიმინაციის საფუძველს კი, ცხადია, მხოლოდ ეს არ ქმნის და კანონპროექტში ელემენტარულად სქესობრივი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის და პოლიტიკური ნიშნით შეუმწყნარებლობაც კი იყო გამოტოვებული და ამაზე ხელისუფლებამ მას შემდეგ დაიწყო ფიქრი, რაც მედიის მხრიდან გაჩნდა კითხვა, თუ რატომ იყო გამოტოვებული.

როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა თათული თოდუამ განაცხადა, არალოგიკურია, რომ დამამძიმებელ გარემოებად არ ჩაითვალოს დანაშაულის ჩადენა, რომელიც განპირობებულია არა რელიგიური, არამედ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის, პოლიტიკური შეხედულებების თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შეუმწყნარებლობის მოტივით.

სწორედ ამ კითხვის დასმის შემდეგ გაკეთდა განმარტება, რომ კანონმდებლობა, შესაძლოა, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მოტივით დანაშაულის ჩადენისთვისაც გამკაცრდეს.

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ეს ნორმა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მოვა შესაბამისობაში და გაფართოვდება იმ მოტივების ჩამონათვალი, რაც ნებისმიერი დანაშაულის ჩადენისას, დამამძიმებელი გარემოება იქნება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიხედვით კი, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.