„ვაგრძელებთ საჭირო რესურსების უზრუნველყოფას, რაც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის მოამზადებს“

„ვაგრძელებთ საჭირო რესურსების უზრუნველყოფას, რაც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის მოამზადებს“

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნატო აღიარებს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის შესრულებაში.

ამის შესახებ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული.

კომუნიკეში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის შესრულების თვალსაზრისით და ალიანსი აგრძელებს არსებით ღონისძიებათა პაკეტის შესრულებისთვის საჭირო რესურსების უზრუნველყოფას, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის შემზადებაში ეხმარება.

„ჩვენ მივესალმებით საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის შესრულების, მათ შორის ერთობლივი სამხედრო წვრთნების დაწყების, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ინაუგურაციის მხრივ, რაც ხელს უწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას. ჩვენ ხაზს ვუსვამთ საქართველოს მტკიცე და ყოვლისმომცველ მიდგომას ამ პროცესის ალიანსთან ერთად განსახორციელებლად. ჩვენ გავაგრძელებთ ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის შესრულებისთვის საჭირო რესურსების უზრუნველყოფას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც, შესაბამისად, საქართველოს ეხმარება ალიანსში გაწევრიანებისთვის შემზადებაში. რაკი ვარშავის სამიტისთვის ვემზადებით, ჩვენ შევისწავლით ახალ, პრაქტიკულ გზებს ძალისხმევების გასაძლიერებლად, მათ შორის, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგისა და სამხედრო და სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში გაფართოებული თანამშრომლობის მეშვეობითაც“, - ნათქვამია განცხადებაში.