იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, დანამატების სისტემა მთლიანად ვერ მოიშლება. ამის შესახებ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც დანამატებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
მისივე თქმით, პრემიერის ინიციატივით გადაიხედა პრემიების სისტემა და დღეს ვერც ერთ სამინისტროში ვერ გაიცემა პრემია, თუ ის მკაცრად არ არის შესაბამისობაში პრემიერის მიერ გამოცემეულ აქტთან.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ამ აქტს ყველანი ემორჩილებიან და შესაბამისად, იციან, რომ მხოლოდ კვარტალში ერთხელ უნდა მისცენ საჯარო მოხელეებს პრემია.
"აქვე გეტყვით, რომ დანამატების სისტემა მთლიანად ჩვენს სამინისტროებში ვერ მოიშლება, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი სახელმწიფო დგას საჯარო მოხელეებზე. რაც შემეხება მე, წელს არც ერთი თეთრი პრემიის სახით არ ამიღია და ვიცი, რომ თუკი ავიღებ, ამას შეიძლება მოჰყვეს კითხვის ნიშნები. ამიტომაც, რაც არ უნდა ბევრს და კარგად ვმუშაობდე, არ მინდა პრემია, რომელიც გამოიწვევს კითხვებს. დღეს მინისტრების ხელფასი ხელზე არის 5 ათასი ლარი და სხვადასხვა ქვეყნების კოლეგების ხელფასებს თუ შევადარებთ, არის ძალიან მოკრძალებული თანხა. ამ მოკრძალებული თანხის სანაცვლოდ ჩვენ ვაკეთებთ საშვილიშვილო საქმეს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.