თბილისიდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი დოკუმენტები უკანონოდ ხვდება ქართველ პოლიციელებთან, რომლებიც ამ დოკუმენტების ასლით ხელში ზეწოლას ახდენენ განცხადების ავტორებზე. ეს ინფორმაცია presage.tv-ს ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ მოაწოდა და კონკრეტული მაგალითიც დაუსახელა. ნოზაძის განმარტებით სტრასბურგში გაგზავნილი დოკუმენტის კონფიდენციალურობაზე პასუხისმგებელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროა.
სანამ კონკრეტული ისტორიის შესახებ გიამბობდეთ, გაცნობებთ, რომ იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ხათუნა იოსავას 12 მარტს, დილით ინტერნეტის საშუალებით გადავუგზავნეთ კითხვები. საღამოს მივიღეთ პასუხი, რომ ქალბატონი ხათუნა საქართველოში არ არის, კვირის ბოლოს აქ იქნება, საქმის ვითარებაში გაერკვევა და შემოგვეხმიანება.
„მომავალ შეხვედრამდე!“
ადვოკატ მამუკა ნოზაძის თქმით, ევროსასამართლოს ჩარევით პატიმრობიდან გათავისუფლებულ 28 წლის ვალერიან ბალიაშვილს, რომელიც პირველი ჯგუფის ინვალიდია, სახლში მიაკითხეს, საგურამოს პოლიციის უფროსის კაბინეტში მიიყვანეს და აჩვენეს მის მიერ ევროსასამართლოში გაგზავნილი განცხადების ასლი. ეს ამბავი თავად ვალერიან ბალიაშვილმაც გვიამბო - „საგურამოს პოლიციის უფროსის კაბინეტიდან, რომ გამოვდიოდი, ასე დამემშვიდობა - „მომავალ შეხვედრამდეო“.
საგურამოს პოლიციის უფროსის კაბინეტში ვალერიან ბალიაშვილი 8 მარტს ჰყავდათ. წინა დღეს სახლში პოლიციელებმა მიაკითხეს და ევროსასამართლოში გაგზავნილი საქმის დეტალებით დაინტერესდნენ.
„ფაქტობრივად ესაა მუქარა და შანტაჟი პოლიციის მხრიდან, საიდანაც ამ ადამიანს სახლში სისტემატურად აკითხავენ და ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი საქმის დეტალებით ინტერესდებიან. მოსალოდნელია მას პროვოკაცია მოუწყონ, თუ ის ევროპული სასამართლოდან საჩივარს არ გამოიტანს და თუ ეს მოხდა, პასუხისმგებლობა სწორედ იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტს დაეკისრება.
მისი საქმით იმდენად დაინტერესებულები არიან, რომ დეიდასთან თავშეფარებულს საგურამოში მიაკითხეს. თავად სიღნაღელი კაცია, სოფელ ბოდბეში ცხოვრობს და გამომდინარე იქიდან, რომ მისთვის რთულია კვირაში სამჯერ თბილისში დიალიზისთვის ჩამოსვლა, საგურამოში დეიდასთანაა გადმოსული.
ვალერიან ბალიაშვილი უმძიმესი ავადმყოფია - ერთი თირკმელი არა აქვს, ხოლო მეორე თირკმელი დედამ გადაუნერგა. აი, ამის გამო კვირაში სამჯერ თბილისში დიალიზზე მისვლა უწევს. იგი 2007 წელს განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით გაასამართლეს და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მის საქმეში მოგვიანებით ჩავერთე. ევროსასამართლოს ჩარევის შედეგად 2011 წლის ნოემბრის დასაწყისში სასჯელი გადაუვადეს და პატიმრობიდან გაათავისუფლეს“, - გვითხრა მამუკა ნოზაძემ.
ის უწყება, რომლის ხელშიც თავს იყრის ევროსასამართლოდან გამოგზავნილი განაცხადებებისა და სხვადასხვა დოკუმენტების ასლი, არის იუსტიციის სამინისტრო და კერძოდ, ამავე სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტი, რომლის თავმჯდომარე ლევან მესხორაძეა.
„ევროპულ სასამართლოს ქართულ პოლიციასთან არანაირი ურთიერთობა არა აქვს. ევროპულ სასამართლოსთან კომუნიკაციის უფლებამოსილება, მიმოწერა მხოლო და მხოლოდ ლევან მესხორაძის სამსახურს აქვს, ანუ იუსტიციის სამინისტროს ზემოხსენებულ დეპარტამენტს. უდაოა ის ფაქტი, რომ ევროპული სასამართლოდან ვალერიან ბალიაშვილის განცხადებების ასლს გადმოგზავნიდნენ იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტში. დაზუსტებით ვერ გეტყვით იქიდან მოსული განცხადება უშუალოდ ლევან მესხორაძემ დააქსეროქსა, თუ მისი დეპარტამენტის რომელიმე სხვა წარმომადგენელმა, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ეს დოკუმენტი კანონდარღვევით მოხვდა საგურამოს პოლიციაში“, - ამბობს მამუკა ნოზაძე.
როგორც თავად ვალერიან ბალიაშვილმა გვითხრა, ახლა პოლიციელები იკვლევენ ნამდვილად ბალიაშვილის მიერაა დაწერილი განცხადება, თუ არა და კიდევ - პოლიციელებს აინტერესებთ აპირებს თუ არა იგი ევროსასამართლოში გაგზავნილი საჩივრის მხარდაჭერას.
როგორც მამუკა ნოზაძემ და მისი დაცვის ქვეშ მყოფმა განგვიმარტეს, ევროსასამართლოში ბალიაშვილის საქმის განხილვა, განმცხადებლის დაჟინებული მოთხოვნით გრძელდება. „პოლიციას კი არანაირი უფლება არა აქვს ადამიანს ამგვარ საკითხზე სახლში მიაკითხოს, ან პოლიციაში დაიბაროს და ევროსასამართლოს საქმის დეტალებით დაინტერესდეს“, - დასძენს მამუკა ნოზაძე.
და ბოლოს, ვალერიან ბალიაშვილის საქმის დეტალებს მისი უფლებების დამცველ ადვოკატზე დაყრდნობით გიამბობთ, საიდანაც შეიტყობთ ვალერიან ბალიაშვილს პატიმრობის დროს როგორ ათქმევინეს უარი ევროსასამართლოში გაგზავნილ საჩივარზე.
ამ საქმეშიც ვაჟა ცხვედიანი ფიგურირებს
2007 წელს დაპატიმრებულ ვალერიან ბალიაშვილს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა არაერთხელ ჩაუტარდა, მაგრამ ექსპერტებმა დაწერეს, რომ ცალთირკმელიანი კაცი, რომელსაც მეორე თირკმელი გადანერგილი ჰქონდა, არ იყო მძიმე ავადმყოფი.
მისი უფლებების დამცველმა ადვოკატმა, მამუკა ნოზაძემ ქართულ სასამართლოს სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანის შუამდგომლობით მიმართა. პარალელურად, ბალიაშვილისთვის სასჯელის გადავადება მოითხოვა. შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს. სარჩელი კი წარმოებაში არ მიიღეს, რადგან პატიმარმა ბაჟი ვერ გადაიხადა და ბალიაშვილის საქმეში არსებულ დარღვევებს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაც დაემატა.
მისი უფლებების დამცველმა ადვოკატმა ევროპულ სასამართლოში საჩივარი 2011 წლის 24 აპრილს გაგზავნა. ბალიაშვილს ევროკონვენციის სამი მუხლის (მესამე, მეექვსე, მეცამეტე) დარღვევა აქვს გასაჩივრებული - არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა და ეფექტური სამართლებრივი დაცვის უფლების დარღვევა.
ევროპულმა სასამართლომ საქმის „ბალიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ განხილვა 2011 წლის 7 ივლისს დაიწყო. საქართველოს მთავრობას კითხვები გადმოუგზავნა და პასუხის გასაცემად ვადა იმავე წლის 28 ოქტომბრამდე მისცა. მთავრობამ ამ ვადის 15 ნოემბრამდე გადაწევა მოითხოვა.
ამ პროცესის პარარელურად ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთვის ქმედების განხორციელების დავალება. ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის თირკმელის ტრანსპლანტაციას მოითხოვდა, რასაც მისივე განმარტებით ვალერიან ბალიაშვილის სიცოცხლისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.
„სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტილება ოქტომბერში უნდა გამოეტანათ, მაგრამ დიდი ალბათობით, საქართველოს მთავრობის მითითებით სხდომა ნოემბრისთვის გადაიდო. ამ პერიოდში სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა ვალერიან ბალიაშვილს თავისივე ხარჯებით, სულ რაღაც სამ დღეში ჩაუტარა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. დაუწერეს, რომ ის იყო მძიმე ავადმყოფი და დასკვნის ასლი იმავე დღეს გადაუგზავნეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოს, რომლის განჩინებით ვალერიან ბალიაშვილს სასჯელი გადაუვადდა.
სანამ სასჯელს გადაუვადებდნენ, ციხის სამკურნალო დაწესებულების იმჟამინდელმა დირექტორმა, ცნობილმა ჯალათმა ვაჟა ცხვედიანმა ვალერიან ბალიაშვილს ხელი მოაწერინა განცხადებაზე, რომლითაც ბალიაშვილი უარს ამბობდა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილ საჩივარზე და ჩემს საადვოკატო მომსახურებაზე. საინტერესო ისაა, რომ ბალიაშვილს გამზადებული, დაბეჭდილი ტექსტი მიუტანეს, რომელზეც მითითებული იყო სტრასბურგის საქმის ნომერი. არადა, ეს ნომერი ზემოთ არაერთხელ ხსენებული იუსტიციის სამინისტროს დეპარტამენტისა და ჩემს გარდა არავინ იცოდა“, - ამბობს მამუკა ნოზაძე.
მისივე თქმით, ვალერიან ბალიაშვილი დააშინეს - განცხადებაზე ხელს თუ არ მოაწერ, არ გაგათავისუფლებთო, მაშინ,როცა სასამართლოს უკვე მიღებული ჰქონდა მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება. საქართველოს მთავრობას ხომ 2011 წლის 15 ნოემბრამდე ჰქონდა ევროსასამართლოსთვის პასუხის გასაცემი ვადა, ჰოდა, ევროსასამართლოს აცნობეს, რომ ბალიაშვილი გათავისუფლებულია და ევროსასამართლოდან საჩივრის გამოტანას მოითხოვსო.
გათავისუფლების შემდეგ ბალიაშვილი თავისი უფლებების დამცველ ადვოკატს შეხვდა და უამბო როგორ ახდენდნენ მასზე ზეწოლას და როგორ ემუქრებოდნენ, თუ სტრასბურგის საჩივარზე უარს არ იტყოდა. ამასობაში ევროპულმა სასამართლომ ბალიაშვილის განცხადება ადვოკატ მამუკა ნოზაძეს გადმოუგზავნა და იმის დაზუსტება სთხოვა, აპირებდა თუ არა ბალიაშვილი საჩივრის მხარდაჭერას და გაგრძელებას. ბალიაშვილმა ევროპული სასამართლოს სახელზე დაწერილ განცხადებაში დეტალურად აღწერა ის, თუ როგორ ემუქრებოდნენ და აშინებდნენ, თუ სტრასბურგის საჩივარზე უარს არ იტყოდა.
2012 წლის 7 მარტს მას სწორედ ამ განცხადების შესახებ დაუსვეს კითხვები საგურამოს პოლიციის წარმომადგენლებმა. ბალიაშვილმა მათ განუმარტა, რომ ამგვარი შინაარსის განცხადება ნამდვილად მან დაწერა. პოლიციელები ბალიაშვილთან სტუმრობით არ დაკმაყოფილდნენ და მეორე დღეს, ანუ 2012 წლის 8 მარტს პოლიციაში მიიყვანეს და იქ აჩვენეს მისი განცხადების ასლი.
„საქართველოს მთავრობამ შესანიშნავად იცის, რომ ეს საქმე ევროპულ სასამართლოში წაგებული აქვს და სწორედ ამიტომ, პოლიციის მეშვეობით ახდენს ზეწოლას ვალერიან ბალიაშვილზე, რათა ამ ადამიანმა საბოლოოდ თქვას უარი ევროსასამართლოში გაგზავნილ საჩივარზე. იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უშუალო მითითებით პოლიცია ვალერიან ბალიაშვილზე ზეწოლასა და შანტაჟს ახორციელებს, რათა მან საჩივარზე უარი თქვას“, - ამბობს მამუკა ნოზაძე და იქვე დასძენს - „პოლიციის ყოველდღიურ ვიზიტებს და პოლიციის უფროსის კაბინეტში დაბარებებს სწორედ ეს მიზანი აქვს“.