იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ის რომ ლევან მურუსიძეს სურს გახდეს სააპელაციო სასამართლოს მუდმივი მოსამართლე, მისთვის ამის შესახებ ცნობილი არ არის.
ამის შესახებ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს "ადვოკატთა ასოციაციის" ხელმძღვანელის, ზაზა ხატიაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც ლევან მურისიძეს სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშვნა სურს.
"ჩემთვის ლევან მურუსიძის კანდიდატურის შესახებ და ის, რომ მას სურს გახდეს მუდმივი მოსამართლე, ცნობილი არ არის. თუკი ეს ასეა, ამ თემაზე კიდევ უფრო გამჭვირვალედ უნდა იმსჯელოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, რათა კითხვის ნიშნები არ დარჩეს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მანვე აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის დამოუკიდებელი ორგანო, მას ხელმძღვანელობს ნინო გვენეტაძე და იცის, რომ ის ნებისმიერ კითხვას კომპეტენტურ პასუხს გასცემს. კითხვაზე, ლევან მურუსიძეზე მუდმივად იყო მწვავე შეფასებები მთავრობისგან და თუკი ის დაინიშნება მუდმივ მოსამართლედ, მართლმასჯულების რეფორმის მესამე ტალღის მიმართ ხომ არ გაჩნდება კითხვები, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მართლმსაჯულების რეფორმას ვერაფერი დაუდგება წინ.
"ადეიშვილიც რომ გაცოცხლდეს ისიც ვერ დაუდგება მართლმსაჯულების რეფორმას წინ. ეს პროცესი დაწყებულია. პოლიტიკური ნება არის მყარი, რომ მივიდეს ბოლომდე, რეფორმა არის რამდენიმე ეტაპიანი და მას წინ ვერაფერი და ვერავინ ვერ დაუდგება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.