ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს და აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე ალიანსი საქართველოსთან მუშაობას აგრძელებს.
როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, საქართველოში ვიზიტისას, მან საკუთარი თვალით ნახა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსში გაწივრიანების შესახებ მოლაპარაკებებში მონტენეგროს მოწვევა ნათელი დემონსტრირებაა იმის, რომ ნატო-ს კარი ღიაა.
ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„როგორც აღვნიშნე, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას და ჩვენ კვლავ ისეთივე მტკიცე მხარდამჭერები ვართ საქართველოს წევრობის, როგორც აქამდე. რაც ვნახეთ დღეს, ეს არის ის, რომ ნატო-ს კარი ღიაა. ჩვენ ეს დავადასტურეთ მონტენეგროს მოწვევით გაწევრიანების საკითხის განხილვაში. საქართველომ ძალიან ბევრ პროგრესს მიაღწია. მე თავად ვეწვიე საქართველოს, ჩემი თვალით ვნახე პროგრესი. ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ საქართველოსთან სხვადასხვა სფეროებში და ჩვენ გავაფართოვეთ ჩვენი პოლიტიკური დიალოგი. ასე რომ, ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას. ჩვენ ასევე გავაკეთებთ განცხადებას, გვექნება ტექსტი ჩვენი მხარდაჭერის შესახებ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მონტენეგროსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და 29-ე წევრად ნატო-ში შესვლის თაობაზე მოლაპარაკებებში მიიწვია.