"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ზურაბ მელიქიშვილი მთავრობის განკარგულებას ეხმაურება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" აცნობეს, ზურაბ მელიქიშვილი საქართველოს მთავრობის იმ განკარგულებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, მთავრობის ბოლო სამი წლის მუშაობის შემაჯამებელი კამპანია 611 500 ლარით უნდა დაფინანსდეს.
"საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, მოსახლეობას თავისივე ფულით თვალში ნაცარი შეაყაროს დიდი დოზით. ამისთვის მათ 611 500 ლარი გამოყვეს, რითაც მთავრობის ბოლოს 3 წლის მუშაობის შემაჯამებელი საინფორმაციო კამპანია უნდა აწარმოონ. წარმოუდგენელია გაუკეთებელი საქმების რეკლამირება როგორ უნდა განხორციელდეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ მაშინ როდესაც თვეები სჭირდება 13 ივნისის დაზარალებულების დახმარებას, როცა ეკონომიკა შემცირებულია, როცა ფასები იზრდება, მთავრობა დაკავებულია ხალხის ფულის იმ მიმართულებით გაშვებით, რომ ეს ყველაფერი დაფაროს", - აღნიშნა ზურაბ მელიქიშვილმა.