შეიარაღებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე როუზ გეტემიულერის განცხადებით, აშშ კვლავ განიხილავს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას.
სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, ეკონომიკური სანქციების შემოღება რუსეთის მხრიდან რაკეტების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მიღებული შეთანხმების დარღვევას უკავშირდება.
„ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების შემოღების განხილვას, მაგრამ ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს“, - განაცხადა გეტემიულერმა წარმომადგენლობით პალატაში სიტყვით გამოსვლისას.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალურ პირებს არაერთხელ განუცხადებიათ რუსეთისთვის ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ამ დრომდე მიღებული არაა, რაც აშშ-ს კონგრესის წევრთა, განსაკუთრებით კი „რესპუბლიკელთა“ უკმაყოფილებას იწვევს, რომლებიც მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციას აკრიტიკებენ.