ამერიკის და დასავლეთის მთავრობებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს "ისლამური სახელმწიფოსგან" მომავალი საფრთხეები და შესაბამისად, რეაგირებაც დააგვიანდათ , - ამის შესახებ "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბარში აშშ-ს დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილი დირექტორი ჯეიმს ვულზი აცხადებს.
ვულზი მიიჩნევს, რომ დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" გაძლიერებაში განსაკუთრებული როლი ე.წ. სახალიფოს შექმნამ და ახალგაზრდა წევრებმა შეიტანეს, რომლებიც დაჯგუფებაში გასაწევრიანებლად მთელი მსოფლიოდან ჩადიან.
დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილი დირექტორისა და მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის კანცლერის აზრით, დაჯგუფებასთან ბრძოლას ბევრად ართულებს მისი მოქმედების აქამდე უპრეცენდენტო მეთოდები, განსაკუთრებით კი, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.
"ამერიკის და დასავლეთის მთავრობებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს "ისლამური სახელმწიფოსგან" მომავალი საფრთხეები და შესაბამისად, რეაგირებაც დააგვიანდათ. მათ სათანადოდ ვერ განსაზღვრეს დაჯგუფების იმპერიად ჩამოყალიბების შანსები. ამერიკის უსაფრთხოების სამსახურებს ინფორმაცია დაჯგუფების აქტივობების და რისკების შესახებ ჰქონდა, თუმცა ამ ინფორმაციამ გამოხმაურება "თეთრი სახლის ბიუროკრატიაში ვერ ჰპოვა", - აცხადებს ის.
რაც შეეხება შეკითხვას, როგორი უნდა იყოს ამერიკის სტრატეგია დაჯგუფებასთან ბრძოლაში, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილი დირექტორის თქმით, "დასავლეთის რეაქცია რისკების შესაბამისი უნდა იყოს".
"დაჯგუფებას საკუთარ თავს სახელმწიფოს უწოდებს. ის მოქმედებს როგორც სახელმწიფო, როგორც ტოტალიტარული სახელმწიფო. შესაბამისად, ის მზად უნდა იყოს, რომ შეერთებული შტატები, რუსეთი ან ნებისმიერი სხვა მის მოქმედებებს უპასუხებს ისე, როგორც ჩვენ თავის დროზე ნაცისტურ გერმანიას ვუპასუხეთ. "ისლამური სახელმწიფოსთვის" ეს სახარბიელო ამბავი არ იქნება. ჩვენ შეიძლება ვუთხრათ - კი, ბატონო, გინდათ იყოთ იმპერია? გინდათ ჩვენი დაპყრობა? მაშინ მზად იყავით, რომ მოგექცევით ისე, როგორც ნაცისტურ გერმანიას მოვექეცით," – აღნიშნავს დაზვერვის სამსახურის ყოფილი მეთაური.
გარდა ამისა, ჯეიმს ვულზი მიგრაციის პროცესთან დაკავშირებითაც საუბრობს და ფიქრობს, რომ მართალია, ქვეყანაში ლტოლვილების სტატუსით ტერორისტების შემოსვლის თავიდან ასაცილებლად აშშ-მ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, თუმცა ამერიკის მთავრობისთვის ლტოლვილები შესაძლებელია ინფორმაციის კარგი წყაროები იყვნენ.
"რა თქმა უნდა, იზრდება შანსები იმისა, რომ ლტოლვილების დიდ ნაკადთან ერთად ქვეყანაში შესაძლოა ტერორისტებმაც შემოაღწიონ, ჩვენ გვქონდა ამის სულ მცირე ორი მაგალითი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ჩვენს სურვილზე დავრჩეთ ლტოლვილების მიწად. შეერთებული შტატები ყოველთვის იყო ხალხისთვის, ვინც ომებს და ტერორისტებს გაურბის, ეს ასეც უნდა დარჩეს. ამ პროცესში განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს”, – მიიჩნევს ვულზი.
მისივე აზრით, დაჯგუფების დასამარცხებლად კოალიციამ ამერიკის მეთაურობით საჰაერო იერიში უნდა გააძლიეროს.