ხვიჩა გობაძის მეუღლე:   საიდან გაჩნდა ჩვენს სახლში შავი დროშა, არ ვიცით

ხვიჩა გობაძის მეუღლე: საიდან გაჩნდა ჩვენს სახლში შავი დროშა, არ ვიცით

საიდან გაჩნდა ჩვენს სახლში შავი დროშა არ ვიცით, - ამის შესახებ "ისლამური სახელმწიფოს" სახელით გავრცელებული ქართულენოვანი ვიდეომუქარის ერთ-ერთი ავტორის, ხვიჩა გობაძის მეუღლემ სალომე ქათამაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

როგორც მან განმარტა, როცა სამართალდამცველები ჩხრეკის ჩასატარებლად შევიდნენ, მისმა მამამთილმა ილია გობაძემ მათ უთხრა, რომ სახლში გვქონდა მწვანე ფერის დროშა. სალომე ქათამაძის თქმით, სამართალდამცველებმა სახლში არსებული ჭუჭყიანი ხალიჩიდან შავი ფერის სუფთა დროშა ოჯახის წევრების თანდასწრებით ამოიღეს თუმცა, მანამდე ხალიჩა აივანზე სამართალდამცველებმა გაიტანეს.

"ჯერ ოთახში საუბრობდნენ, მერე გამოვიდნენ აივანზე და თქვეს, მოდი ხალიჩა გავხსნათო. გახსნეს და ამოიღეს შავი ნაჭერი. ჩემს მამამთილს ილია გობაძეს ჰკითხეს, თუ რა იყო, მან უთხრა, რომ ის არ გვეკუთვნოდა ჩვენ. ჩემმა მამამთილმა ჩხრეკის დაწყებამდე უთხრა მათ, რომ სახლში მწვანე ფერის დროშა გვქონდა. მწვანე დროშა ვაჩვენეთ, სადაც გვქონდა შენახული. ვფიქრობთ და ვამბობთ, რომ ის შავი დროშა მათი მოტანილი იყო. სახლიდან წაიღეს მაგნიტოფონი, მახსოვრობის ჩიპი და ტელეფონები მათ შორის, ძველი, დამტვრეული ტელეფონებიც", - აღნიშნა სალომე ქათამაძემ.

მისივე თქმით, სამართალდამცველები ჩხრეკის ჩასატარებლად დილის 05:00 საათზე მივიდნენ. ჩხრეკის პროცესმა მშვიდად ჩაიარა, თუმცა სამართალდამცველების სახლში "შევარდნის" დროს შეეშინდათ: "გამომძიებლები კარგად გვეპყრობოდნენ და ნორმალურად გველაპარაკებოდნენ, მაგრამ პირველად სახლში შემოცვენის დროს ძალიან შეგვეშინდა. შემდეგ ჩვეულებრივად გაგრძელდა პროცესი, არც დაძალება და რაიმე სახის ფიზიკური შეხება არ ყოფილა", - აღნიშნა სალომე ქათამაძემ. სალომე ქათამაძემ ხვიჩა გობაძის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი მეუღლე საქართველოში დაბრუნებას სავარაუდოდ, აღარ აპირებს. მისივე განმარტებით, მეუღლეს ბოლოს 4 დღის წინ ინტერნეტით ესაუბრა. "მითხრა, რომ საზღვარზე უპრობლემოდ გადავიდა, მხოლოდ 10 წუთიანი პროცედურა გავიარეო. ჩვენს სახლში მისი მეგობრები ხშირად მოდიოდნენ, მათ შორის ის ბიჭები, ვინც დააკავეს. არც ერთი არ ყოფილა ისეთი, ვისაც რადიკალური შეხედულებები ჰქონდა. არ ვიცი ხვიჩას სამომავლო გეგმები რა არის, მაგრამ როცა ვეკითხები, ჩამოსვლას აპირებს თუ არა, არაფერს მეუბნება. არა მგონია ჩამოვიდეს. წასვლისას მითხრა, რომ თურქეთში სამუშაოდ მიდიოდა. 25 დღის მერე გავიგე, რომ თურმე სამუშაოდ არ ყოფილა წასული. ბოლოს შემეხმიანა 4 დღის წინ, სანამ ჩვენს სახლში ჩხრეკას ჩაატარებდნენ ერთი დღით ადრე, 10 წუთით ვისაუბრეთ. როგორ ხარ, რას შვრებიო და მერე გავიდა. თავს კარგად გრძნობს, ამბობს, რომ ისეთი სიტუაციები, აფეთქებები არ არის, როგორც ტელევიზორში ჩანს. ამბობს, რომ იქ კარგი ცხოვრებაა, ქალები, ბავშვები უზრუნველყოფილი არიან. ალბათ უნდა, რომ მეც იქ ვიყო, ოჯახის წევრი გვერდით ვის არ სჭირდება", - აღნიშნა სალომე ქათამაძემ.

შეკითხვაზე, მასაც სურს თუ არა სირიაში წასვლა, სალომე ქათამაძემ პასუხისგან თავი შეიკავა. სალომე ქათამაძე 18 წლის არის. მას 18 დღის წინ ქალიშვილი შეეძინა.