იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარების" წიგნის პრეზენტაციას დაესწრო.
პრეზენტაცია უზენაეს სასამართლოში გაიმართა. აღნიშნული გამოცემა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარების პირველი რედაქციაა.
როგორც პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას ალექსანდრე ბარამიძემ აღნიშნა, გამოცემა გზას გაუკვლევს ყველა პროფესიონალს, სისხლის სამართლის პროცესის ყველა მონაწილეს, თუ როგორ გამოიყენოს კანონი ერთგვაროვნად და სამართლიანად.
"2010 წელს, როდესაც დღევანდელი სისხლის სამართლის კოდექსი ამოქმედდა, ეს იყო ნამდვილად შემობრუნების წერტილი ქართული სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის ისტორიაში. იმიტომ, რომ მაშინ, ჩვენ უწინ მოქმედი ინკვიზიციური პრინციპების საფუძველზე აგებული საპროცესო კოდექსი შევცვალეთ სისტემურად ახალი კოდექსით, რომელიც შეჯიბრობითობის პრინციპზეა დამყარებული. მაგრამ არცერთი კანონი არ არის იდეალური, ამიტომაც უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტრო სხვა უწყებებთან, პარლამენტთან, დარგის სპეციალისტებთან ერთად მუშაობდა სხვადასხვა სახის შესწორებებზე, რომელიც შეტანილ იქნა კოდექსში", - აღნიშნა ბარამიძემ.
კერძოდ, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლის საფუძველზეც შეჯიბრობითობის პრინციპმა რეალური შინაარსი შეიძინა. გაუმჯობესდა რეგულაციები, რომელიც კავშირშია საპროცესო შეთანხმებასთან, დაზარალებულის უფლებები; დაკავების და წინასწარი პატიმრობის საკითხებთან დაკავშირებული ნომები გახდა უფრო მკაფიო, სამართლიანი და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებთან.
მინისტრის მოადგილემ აშშ-ს მთავრობას, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების ბიუროს, ამერიკის იურისტთა ასოციაციას და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში მონაწილე ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ კომენტარებზე მუშაობა გაგრძელდება და კოდექსში შესული სიახლეები მომავალ გამოცემებში იქნება ასახული.
ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ აშშ-ის ელჩი იან კელი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების ბიუროს პოლიციის უფროსი მრჩეველი მაიკლ ტერნერი, უზენაესი სასმართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და სხვ.
პროექტი "ამერიკის იურისტთა ასოციაცია კანონის უზენაესობის ინიციატივის" მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების ბიუროს დახმარებითა და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.