ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნების საკითხი პრეზიდენტმა სააკაშვილმა განხილვის თემად აქცია. სააკაშვილის განცხადების შემდეგ, რომ ქართული მხარე ჯვრის მოანსტრის გამოსყიდვის თაობაზე ისრაელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, ქართველმა ჟურნალისტებმა ამ საკითხზე უფრო კონკრეტული ინფორმაციის მიღება არაერთ თანამდებობის პირს სთხოვეს. თუმცა აღმოჩნა, რომ არც ერთ მათგანს ამაზე არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა.
ამასთანავე ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ არანაირი მოლაპარაკებები ამ საკითხზე არ მინდინარეობს. ამის შემდეგ ჯერ იყო კულტურის მინისტრმა ნიკა რურუმა თქვა, რომ ამ საკითხზე მუშაობს კომისია, რომლის წევრთა ვინაობაც გასაიდუმლოებულია, შემდეგ კი ნინო კალანდაძემ თქვა, რომ ისრაელში გრიგოლ ვაშაძის ვიზიტისას დაისვა ეს საკითხი და გაუგებრობად შეაფასა გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს ჯვრის მონასტერის გადმოცემის საკითხთან დაკავშირებით ისრაელის საგარეო საქმეთა უწყება ინფორმაციას არ ფლობდა.
ფაქტი ფაქტად რჩება და ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხზე ებრაულ მხარესთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. ამას ადასტურებს დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძის განცხადებაც, სადაც იგი ამბობს, რომ დავით ბაქრაძის ისრაელში ვიზიტის დროს დაისმება ეს საკითხი. გამოდის, რომ აქამდე მიშა სააკაშვილი გვატყუებდა - პრეზიდენტს ამ თემაზე მოლაპარაკება არავისთვის გაუმართავს, თუმცა...
რამდენიმე თვის წინ, Presage.tv -ს სანდო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია ჯვრის მონასტის თაობაზე პატრიარქსა და ისრაელის მხარეს შორის მიმდინარე მოლაპარაკების შესახებ. ვინაიდან მოლაპარაკებები კონფიდენციალური იყო, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ აღნიშნული ინფორმაცია არ გაგვიხმაურებია. მას შემდეგ, რაც ჯვრის მონასტრიის თემა მიხეილ სააკაშვილმა საჯარო გახადა, ვფიქრობთ, საქმეს უკვე ვერაფრით ვაზარალებთ.
აი რას ყვებოდა ჩვენი წყარო: „გახსოვთ ალბათ, პატრიარქი ებრაელ ბიზნესმენებს - რონი ფუქსსა და ზევ ფრენკელს შეხვდა. ამ შეხვედრის წინ, პატიმრების დასახმარებლად, მრევლში მცირეოდენი თანხა აიკრიფა, სულ -350 ლარი. პატრიარქმა რა ფორმით გადასცა ეს თანხა პატიმრებს ამაზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა, როდესაც ბიზნესმენების ციხიდან გათავისუფლება მოხდა, მაშინ ისრაელის მხარის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პატრიარქს შესთავაზა: „ამ თანხას ხუთი ნული მიუმატეთ და ეს თანხა საბერძნეთს ჯვრის მონასტრის გამოსასყიდად შესთავაზეთ. ახლა კარგი დროა ჯვრის მონასტრის გამოსასყიდად ადვილი შესაძლებელია ამ შეთავაზებაზე დაგთანხმდნენ“.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, პატრიარქს აღუთქვა, რომ ამ მოლაპარაკებებში იერუსალიმის საპატრიარქოსთან დახმარებას გაუწევდნენ. „თუმცა მოლაპარაკებები კონფიდენციალური იყო და არ უნდა გახმაურებულიყო“, - დასძენს წყარო.
როგორც ჩანს, ინფორმაციამ მაინც გაჟონა და სააკაშვილისთვის ცნობილი გახდა ამ მოლაპარაკებების შესახებ. სწორედ ამიტომ გააკეთა მან ნაჩქარევი განცხადება ჯვრის მონასტრის დაბრუნების შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ოღონდ ეს ისე წარმოაჩინა, თითქოს მოლაპარაკებებს ქართული მხრიდან ხელისუფლება აწარმოებდა. ამით სააკაშვილმა მის აპრობირებულ მეთოდს მიმართა, რომლითაც ის ბევრჯერ შეეცადა საქართველოს პატრიარქის დამსახურება საკუთარ ანგარიშზე ჩაეწერა.
ყველას კარგად გვახსოვს, საქართველოს პატრიარქის ვიზიტი რუსეთში 2010 წლის შემოდგომაზე და შედეგი, რომელიც ამ ვიზიტს მოჰყვა. მაშინ რუსულმა საჯარისო შენაერთებმა დატოვეს საჩხერის რაიონის სოფელი პერევი. ამას მაშინვე გამოეხმაურა პრეზიდენტი სააკაშვილი და ყველაფერი თვითონ მიიწერა. მისმა განცხადებებმა რუსული მხარის კიდევ უფრო გაღიზიანება და რუსი სამხედროების პერევში დაბრუნება გამოიწვია.
სწორედ ასეთივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე ჯვრის მონასტერთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შემთხვევაში. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, მოლაპარაკების პროცესი სააკაშვილის ამ განცხადებამ ჩაშალა და იერუსალიმის საპატრიაქროს გაღიზიანებაც გამოიწვია.
სააკაშვილის მიერ დეკლარირებული „ნულოვანი ტოლერანტობის“ შედეგად მან ნულოვანი რეიტინგი მიიღო. საპატრიარქოსადმი მისი განწყობა და პატრიარქის ავტორიტეტთან მუდმივი ჭიდილიც ფაქტია. ასეთი გამოხდომებით, იგი ცდილობს საზოგადოების თვალში პატრიარქზე მეტი დამსახურებები მიიწეროს და ისეთი სათუთი თემის მიმართ, როგორიცაა მართლმადიდებლობა საქართველოში, მზრუნველი მმართველის იმიჯი მოირგოს.
საქართველოში ბევრს საუბრობენ სააკაშვილის დაუფიქრებელ განცხადებებზე, რომლებითაც ის ქართული საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სხვისი დამსახურების მისაკუთრებას ცდილობს. პოლიტიკოსების ნაწილის აზრით, ეს ყველაფერი მომავალ არჩევნებს უკავშირდება, რადგან სააკაშვილი ცდილობს არჩევნებამდე რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური ქულები მოაგროვოს.
პარლამენტარ გია ცაგარეიშვილის აზრით, სააკაშვილმა ბევრჯერ გადადგა ისეთი ავანტიურისტული ნაბიჯები, რომელმაც კატასტროფული შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას.
„მოგეხსენებათ, ეს არის საარჩევნო წელი. სააკაშვილი ყველა საშუალებას იყენებს იმისთვის, რომ მიიზიდოს საზოგადოების ყურადღება, ისაუბროს საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებზე, გაშალოს ეს თემატიკა სასაუბროდ მასმედიაში, მოისმინოს საზოგადოების აზრი ამასთან დაკავშირებით. ამგვარი თემების კულტივირება მასმედიის საშუალებებით ერთ მიზანს ნამდვილად აღწევს - ამ თემებზე ყველა საუბრობს, ყველას ყურადღებას იქცევს და ეს თემა ხდება ძალიან აქტუალური“ - აცხადებს გია ცაგარეიშვილი Presage.tv-სთან საუბარში.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს საერთოდ არ ედარდება, რა შედეგით დამთავრდება ეს პროცესი, მთავარია საზოგადოებაში შეიქმნას იმიჯი ხელისუფლების და კონკრეტულად მისი, როგორც ამ ქვეყანაზე მზრუნავი ხელისუფალის.
ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ თითქოს იკვეთება სააკაშვილის ისეთი სახე, რომელიც დღემუდამ ცდილობს, როგორმე კონკორდატით დადგენილი პირობები დაიცვას და შეასრულოს. არადა ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ რეალობა აბსოლუტურად სხგვაგვარია. „ეს არის ხელისუფალი, რომელიც ყოველ წამს, როცა დასჭირდება არღვევს დედაეკლესიასთან დადებული კონკორდატის პირობებს“. ამის დასტურად ცაგარეიშვილს მოჰყავს რელიგიური კონფესიების შესახებ კანონში ცვლილებების, პრაქტიკულად, ძალადობრივი გზით გატანა პარლამენტში. ამ ყველაფრის გადასაფარად კი ხელისუფლება ცდილობს შექმნას ისეთი წარმოდგენა საზოგადოებაში, რომ სააკაშვილი არა მხოლოდ საქართველოში აშენებს ეკლესიებს, არამედ უკვე იერუსალიმშიც ჯვრის მონასტერზე ზრუნავს და უნდა იგი ქართველ მომლოცველებს დაუბრუნოს.
რაც შეეხება სხვისი დამსახურების მითვისებას, ცაგარეიშვილის თქმით, სააკაშვილს ეს არაერთხელ გაუკეთებია. არა მხოლოდ პატრიარქთან მიმართებაში, არამედ სხვა მიმართულებებითაც, მას სხვისი გაკეთებული ძალიან ბევრი რამ მიუწერია საკუთარი თავისთვის.
„მაგალითად აიღეთ თუ გინდათ ბიძინა ივანიშვილის მიერ გარემონტებული სკოლები, რაც ბატონ ბიძინას დაუჯდა 80 მილიონი ლარი. ჩვენ დაახლოებით ორი თვის წინ გავიგეთ, რომ თურმე ეს ასე იყო და არამცდაარამც სხვანაირად. არადა სააკაშვილი გვეუბნებოდა, რომ ეს არის მისი პროექტი, მისი დაფინანსებული, დადიოდა და შაშკინთან ან სხვა მინისტრებთან ერთად ხსნიდა ამ სკოლებს. ასეთი მაგალითი მრავლად შემიძლია მოვიყვანო,“ - აცხადებს ცაგარეიშვილი Presage.tv-სთან საუბრისას.
ამასთანავე იგი დასძენს, რომ ამგვარი სიურპრიზები წელს ბევრი გველის, ვინაიდან ეს საარჩევნო წელია და საზოგადოებას მოუწოდებს ძალიან ფრთხილად შეხედოს ამ ყველაფერს და სხვანაირად შეაფასოს“.
პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი რის მიხეილ სააკაშვილია, თუ ეს საკითხი თავის პოილიტიკურ აქტივში არ ჩაიწერა.
„მთელი საქართველოსთვის ცნობილია, რომ სრულიად და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თანხმლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა წმინდა მიწაზე, სადაც მან მოილოცა ყველა სიწმინდე, იმყოფებოდა ასევე იორდანიაში. მთლიანად ამ ვიზიტის შეფასებისას უწმინდესმა ბრძანა, რომ ასეთი წარმატებული და მნიშვნელოვანი ვიზიტი საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლობას არ განუხორციელებია წმინდა მიწაზე. ბუნებრივია, აქ მხოლოდ სიწმინდეების მოლოცვას არ გულისხმობდა პატრიარქი. ალბათ, ამ ყველაფერს რაღაც კონკრეტული შედეგები ახლდა თან, ვინაიდან, როგორც ჩვენ ვნახეთ მისი უწმინდესობა შეხვდა ისრაელის პრეზიდენტს, შიმონ პერესს. ასევე შეხვდა ისრაელის ძალიან მნიშვნელოვან სულიერ ლიდერებს. როგორც ჩანს, ის, რაც ჯერ-ჯერობით ჩვენთვის უცნობია და არ არის ღია, ატარებს ძალიან მნიშვნელოვან ხასიათს ქართული ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე. მაგრამ მიხეილ სააკაშვილი რისი მიხეილ სააკაშვილია თუ აქაც საკუთარ პოლოტიკურ აქტივში არ ჩაიწერა რაღაც გარკვეული ქულა. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რომ ამ ვიზიტის დასრულებისთანავე გაკეთდა განცხადებები, მათ შორის პრეზიდენტის მხრიდან. დიდი მადლობა, რომ მეძლევა საშუალება Presage.tv-ს მეშვეობით გავუსვა ხაზი იმას, რომ სააკაშვილი გვპირდებოდა, რომ ამ საკითხს პოლიტიკურ დებატებში დაეთმობოდა ადგილი, ანუ საკითხს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ხელისუფლება აქტიურ მოლაპარაკებებში იყო ჩართული ჯვრის მონასტრის საკითხთან დაკავშირებით. საუბარი იყო საქართველოსა და ისრაელის მთავრობებს შორის მოლაპარაკებებზე. ამან გამოიწვია სრულიად ადექვატური მწვავე რეაქცია საბერძნეთის მხრიდან, რომელიც თავის იურისდიქციაში ფლობს ჯვრის მონასტერს. ისრაელის ბერძნული ეკლესიის წინამძღოლის თეოფილე მესამის განცხადებით, საქართველოს მთავრობა არის ინსტრუმენტი მესამე ძალის ხელში, ანუ დესტრუქციული ძალების ხელში. შედეგად მოვიმკეთ ქარიშხალი, რომელიც ნამდვილად არ გვაწყობდა. ჩვენს ეროვნულ ინტერესს ნამდვილად არ პასუხობს ასეთი რეაქციული დამოკიდებულებები.
თუ ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობელი გარკვეული მისიით იმყოფება წმინდა მიწაზე, ეს არ გვაძლევს უფლებას, რომ მისი სახელით ვილაპარაკოთ. ეს არის ყველაზე დელიკატური, ყველაზე მგრძნობიარე თემა და არავის აქვს უფლება, უწმინდესის კურთხევის, საქართველოს ეკლესიის ნების გარეშე, ენა ატლიკინოს, მით უმეტეს ერისკაცმა“. - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე Presage.tv-სთან საუბარში.
ამის შემდეგ დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ამაზე მეტ კომენტარს არ გააკეთებს იმიტომ, რომ თავად არ აღმოჩნდეს იგივე როლში. მისი თქმით, რასაც ჩათვლის მისი უწმინდესობა საჭიროდ, რომ ხმამაღლა განაცხადოს, სრულიად საკმარისია იმისთვის, ჩავთვალოთ, რომ რაღაც წარმატებული, წინგადადგმული ნაბიჯის წინაშე ვდგევართ. დამოუკიდებელი ინიციატივით მსგავს თემებზე საუბარს კი მივყავართ მოვლენების პროვოცირებამდე.
ლორთქიფანიძემ სამარცხვინო პრეცენდენტი უწოდა იმ ფაქტს, რომ ისრაელის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა არ დაადასტურეს მსგავსი ტიპის მოლაპარაკების შესაძლებლობა და გაკვირვებაც კი გამოხატეს. დიპლომატიურ ურთიერთობებში კი ასეთი გაკვირვება ძალიან ხშირად ურთიერთობების გაციებისკენ მიმართულ ნაბიჯად აღიქმება ხოლმე.
ექსპერტი გია ხუხაშვილი კი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების მოქმედების სტილი და ტაქტიკა არის ძალიან მარტივი - თვითონ პოზიტივის მოტანა რომ არ შეუძლიათ, ეშინიათ, სხვისგან არ წამოვიდეს რაიმე ტიპის პოზიტივი, ანუ თუ შენ არ შეგიძლია კეთილი საქმის კეთება, სხვასაც არ უნდა გააკეთებინო.
„იგივე პერევთან დაკავშირებითაც ასე იყო. სხვათაშორის, მე ძალიან მაღალი აზრის შეიძლება არ ვარ იმ მოლაპარაკებებზე, რომელსაც კუკავა აწარმოებდა რუსეთთან ე.წ. ეკონომიკური საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით, მაგრამ აქაც იგივე ტაქტიკას ხმარობდა ხელისუფლება.
აქედან დასკვნა, ხელისუფლების რიტორიკა არის ასეთი - ჩემს შემდეგ ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა, პოზიტივის მოტანა შემიძლია მხოლოდ მე. ვინმე სხვამ რამე კარგი რომ გააკეთოს არა თავისთვის, არამედ ქართული სახელმწიფოსთვის, ის უკვე წარმოადგენს საფრთხეს. ეს ეხება პატრიარქსაც, ნებისმიერ ოპოზიციონერსაც. დღეს ყველამ ვიცით, ვინ არის ასეთი ცენტრალური ფიგურა. ბიძინა ივანიშვილზე გესაუბრებით, რომელსაც წლების განმავლობაში უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული. თვითონ ხელისუფლება მთელი ამ ხნის განმავლობაში სარგებლობდა მისი გაკეთებული საქმეებით და ლენტებს თვითონ ჭრიდა. როგორც კი ამ ადამიანმა უარი განაცხადა იმაზე, რომ მისი ნაკეთები საქმეები ხელისუფლებამ დაიბრალოს და თავისად გაასაღოს, ამის შემდეგ დაიწყო ზუსტად ეს - თუ ჩემი სახელი არ ერქმევა იმ კეთილ საქმეს, რომელსაც შენ აკეთებ, მაშინ საერთოდ ვერაფერს გააკეთებ. აქედან გამომდინარე, თუ ასეთი საკითხი იერუსალიმში დადგა, ჩვენ უნდა ვივარაუდოთ მაღალი ალბათობით, რომ საუბარი ზუსტად ბიძინა ივანიშვილზეა. რა თქმა უნდა, ამას მე კატეგორიულად ვერ ვიტყვი, მაგრამ მოვლენების ლოგიკა მეტყველებს ამაზე“. - აცხადებს გია ხუხაშვილი Presage.tv-სთან საუბარში.
გია ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა თავად ივანიშვილის მხრიდან არც ყოფილა ეს ინიციატივა. შესაძლოა პირიქით, თხოვნა იყო მის მიმართ, რომ ამაში მონაწილეობა მიეღო. ექსპერტი ამბობს, რომ იმ უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, რაც ჯვრის მონასტერს აქვს საქართველოსთვის, ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილი ამაზე უარს არ იტყოდა, რომ მონაწილეობა მიეღო ამ პროექტში. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ შეიტყო ამის შესახებ და დაიწყო ეს ძალიან სახიფათო უცნაურობები, რასაც მოჰყვა ძალიან შემაშფოთებელი რეაქცია თეოფილე მესამის მხრიდან.
„იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი თეოფილე ამბობს, რომ ბიზნესმენთა ჯგუფი კი არ დაუკავშირდა, არამედ შუამავალი დაუკავშირდა ბიზნესმენთა ჯგუფის სახელით. ვინაიდან ეს თემა წამოიწია მაშინ, როდესაც პატრიარქის ისრაელში ვიზიტი მიმდინარეობდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ მის დელეგაციაში იყო ვინმე ისეთი, ვინც ეს თემა წამოწია, მაგრამ რამდენადაც იგივე ამ ინტერვიუდან ვხედავთ, ეს იყო ძალიან რბილად ნათქვამი და არანაირად გარეთ გამოსატანად და ხმამაღლა სასაუბროდ ეს ნათქვამი არ ყოფილა.
გაღიზიანება გამოიწვია საქართველოს ხელისუფლების ისტერიულმა რეაქციამ ზუსტად ამ შემოთავაზებაზე. უნდა ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლების მთელი ეს კამპანია დაიწყო მხოლოდ იმ მიზეზით, გაიგეს, რომ მიმდინარეობს კონფიდენციალური საუბრები რაღაც თემაზე. ხელისუფლებაში იფიქრეს, სხვამ რაღაც კარგი არ გააკეთოსო და დაიწყეს საუბარი, თითქოს ისინი თვითონ მუშაობენ ამ თემაზე“. - ამბობს გია ხუხაშვილი.
რაც შეეხება თეოფილე მესამის მიერ ნათქვას, რომ საქართველოს ხელისუფლება იქცა ბრმა იარაღად მესამე ძალის ხელში, რომელიც ცდილობს საბერძნეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობა დაძაბოს, ამასთან დაკავშირებით გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ეს ძალიან მძიმე თემაა და ალბათ, სკანდალურიც, თუკი ისრაელში, იერუსალიმში ასეთი განწყობა აქვთ საქართველოს ხელისუფლების მიმართ.
„ბუნებრივია ეს ძალიან არასასიამოვნოა არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქართული სახელმწიფოს თვალსაზრისით. საბოლოო ჯამში, მოქმედი ხელისუფლების პრობლემები გადადის მთლიანად სახელმწიფოზე.
ვინ შეიძლება იყოს ეს მესამე ძალა, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით მაქვს გარკვეული მოსაზრებები, მაგრამ თავს შევიკავებდი ამ ვერსიის გამოთქმისგან იმიტომ, რომ მიმაჩნია, რომ ძალიან სენსიტიური თემაა“, - ამბობს გია ხუხაშვილი.