რატომ არ აქვს სუს-ის მიერ დაკავებულ ოთხ პირს ტერორიზმთან კავშირის ბრალდება წარდგენილი, პროკურორი გამოძიების ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს.
როგორც საქალაქო სასამართლოში ოთხი პირის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობის შემდეგ პროკურორმა გიორგი დავითაშვილმა განაცხადა, საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს და დეტალებზე ვერ ისაუბრებს. მისი თქმით, ბრალდების მხარეს რისი მტკიცებულებებიც ჰქონდა, დაკავებულებს ბრალი იმის მიხედვით წარედგინათ და ბრალდება განისაზღვრა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილით, რაც გულისხმობს იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილებების შეძენა-შენახვასა და დამზადებას. პროკურორმა განაცხადა, რომ რა მტკიცებულებებია საქმეში, ამაზე ვერ ისაუბრებს, იმ მოტივით, რომ საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს.
"ორ ბრალდებულს ბრალი წარედგინა 236-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით, ხოლო დანარჩენ ორს ამავე მუხლის მე-2 ნაწილით", - აღნიშნა გიორგი დავითაშვილმა.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, დგინდება თუ არა ბრალდებულების კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციასთან, პროკურორმა აღნიშნა, რომ საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს და მეტს ვერაფერს იტყვის.
"რა მტკიცებულებებიც არსებობდა, ამის საფუძველზე 236-ე მუხლით წარვუდგინეთ ბრალდებულებს ბრალი. რატომ არ აქვთ ტერორიზმის ბრალდება, იგივეს ვიმეორებ, რომ ამას გრიფი "საიდუმლო" ადევს", - განაცხადა გიორგი დავითაშვილმა.
სუს-ის მიერ დაკავებულ ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატები მათთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ. პროცესი საქალაქო სასამართლოში დახურულ დარბაზში ჩატარდა იმ მოტივით, რომ საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს.